ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » იანვარი » 20 » ''ლადოგოლი'': სომხეთისთვის ჯერ არ გამიტანია
23:52 ''ლადოგოლი'': სომხეთისთვის ჯერ არ გამიტანია |
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ჰაიფას "მაქაბის" 24 წლის თავდამსხმელ
ლადო დვალიშვილს წლეულს მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია. ოთხი გოლი სამ ტურში
- ასეთია მისი მონაგარი. საერთოდ კი ბოლო 4 მატჩში ლადომ 5 ბურთი გაიტანა
და ლიგის ბომბარდირებში მესამე ადგილზეა.
დვალიშვილს გუშინ ისრაელში დავუკავშირდით.
- ჰაიფას "მაქაბის" გულშემატკივრებმა თურმე ''ლადოგოლი'' შეგარქვეს. ბოლო ოთხი ტურია მოედანი უგოლოდ არ დაგიტოვებიათ. -
''ლადოგოლი'' მეც მსმენია, სხვა მეტსახელებითაც მამხნევებენ და ისინიც
გოლს უკავშირდება. კარგ ფორმაში ვარ, ყველა თამაშში ძალიან ვინდომებ და
სასიამოვნოა, რომ ეს მე გოლებით, გუნდს კი ქულებით უფასდება.
- მონდომება გასაგებია, მაგრამ თქვენი შედეგიანობა სხვა ფაქტორით, თუნდაც პოზიციის შეცვლითაც ხომ არ არის განპირობებული? -
არა, პოზიცია არ შემიცვლია კვლავაც წინა ხაზზე ვთამაშობ. უბრალოდ,
მონდომებას გამართლებაც თუ არ ახლავს, ისე გაგიჭირდება. ფეხბურთში ასეა,
ხან საშუალოდ გამოგდის, ხან ძალიან კარგად და ხანაც ცუდად, ყოველთვის ზემოთ
ვერ იქნები. როგორც ჩანს, იღბლიანი პერიოდი მაქვს. თუმცა იღბალიც
იმისკენაა, ვინც ინდომებს.
- ებრაული საიტები წერენ ჰაიფას "მაქაბი" ბოლო დროს ორი ფორვარდით თამაშობს და უფრო შედეგიანადო. ასეა? -
მართალია, ბოლო 7 ტურია, ორი თავდამსხმელით ვთამაშობთ და ამან გაამართლა
კიდეც. წინა ხაზზე მე და ჰემედი ვართ, რომელთანაც კარგად ვარ შეთამაშებული
და თანაგუნდელებიც ზუსტი პასებით გვამარაგებენ.
- ბოლო მატჩში ვერ მოიგეთ და ჩემპიონი, თელ ავივის "ჰაპოელი" ქულებით გაგითანაბრდათ... -
შესაძლოა, ვინმე ფიქრობს, ისრაელის ჩემპიონატი დიდად ვერ გამოირჩევაო,
მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. აქ პროგნოზი უიმედო საქმეა, წყვილებში
გამოკვეთილი ფავორიტი და აუტსაიდერი არ არსებობს. ბოლოადგილოსანი ლიდერებში
მყოფ გუნდთან განწირული არ არის. ბეერ შევას "ჰაპოელთან" დავკარგეთ ორი
ქულა. ანგარიში მე გავხსენი, ტაიმის ბოლოს გაგვითანაბრეს, მერე კიდევ
დავწინაურდით, მაგრამ მალევე ჯარიმით გაგვიტანეს. ძალიან კი მოვინდომეთ
მოგება, მაგრამ მეტი ვეღარ შევაგდეთ.
- თქვენს გუნდში
რუსთავის"ოლიმპის" ფეხბურთელების, გიორგი რეხვიაშვილისა და ირაკლი
მოდებაძის ტრანსფერის საკითხი განიხილებოდა, მაგრამ ჰაიფაში კვლავაც
ერთადერთი ქართველი ხარ. რატომ არ შედგა ჩვენებურთა ტრანსფერები? -
ქართველების შესაძლო დამატების ამბავი მეც გავიგე, მაგრამ რა მოხდა და
როგორ, არ ვიცი. რა თქმა უნდა, გამიხარდება, "მაქაბიში" ჩვენებურებიც თუ
ითამაშებენ და ვნახოთ...
- თქვენი ტრანსფერის საკითხიც
განიხილებოდა კრაკოვის "ვისლაში", მაგრამ... პოლონურმა ვებგვერდებმა ბოლოს
დაწერეს, დვალიშვილის ტრანსფერი არ ჩაშლილა, მხოლოდ ზაფხულამდე გადაიდოო. -
"ვისლას" ხელმძღვანელობა ჩემს აგენტ დუდუ დაჰანს დაუკავშირდა და 9 იანვარს
ფეთახ თიკვას "ჰაპოელთან" მატჩს კრაკოველთა კლუბის მენეჯერი და ერთ-ერთი
მწვრთნელი დაესწრნენ. კარგად ვითამაშე, ორი ბურთი გავიტანე და ჩემი
ტრანსფერის საკითხზე უფრო აქტიური მუშაობა დაიწყო. "ვისლას" ახლაც უნდა
ჩემი დამატება, მაგრამ მიზეზთა გამო, გადავწყვიტე, დავრჩე.
-
პოლონურო საიტების ცნობით, "ვისლა" თანახმა იყო, დვალიშვილის სანაცვლოდ
ერთი მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ "მაქაბიმ" მეტი მოითხოვა,
კრაკოველებმა კი თქვეს, რატომ გადავიხადოთ ამ თავდამსხმელში ამდენი, როცა
ივნისში თავისუფალი აგენტი გახდებაო. აშკარაა, ჰაიფელებს არ ეთმობით... -
"მაქაბისთან" ჩემპიონატის ბოლოს არ მიმთავრდება კონტრაქტი, ამის შემდეგ
კიდევ ერთი სეზონი ჰაიფელებს ვეკუთვნი. ამ ეტაპზე გადავწყვიტე ისრაელში
დავრჩე, სეზონს ჩავამთავრებ და მერე ვნახოთ.
- ზაფხულში "ვისლა" ალბათ თქვენს ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს. თქვენი პოზიცია როგორი იქნება? -
არ ვიცი, ზაფხულში რა იქნება. შესაძლოა, "ვისლაზე" უკეთესი კლუბებიც
დაინტერესდნენ ჩემით. საინტერესო იქნება "მაქაბის" პოზიციაც. ასე რომ,
თავისუფალი აგენტი თუ არ ხარ, მხოლოდ ფეხბურთელის სურვილი გადამწყვეტი არ
არის.
- თქვენით თურქული სუპერლიგის ლიდერი "ტრაბზონსფორიც" იყო დაინტერესებული. -
საიტებსა და გაზეთებში ჩემით დაინტერესებულ კლუბთა შორის "ტრაბზონსფორიც"
ეწერა და სხვა გუნდებიც. თუმცა ბოლო ხანს ჩემს ტრანსფერზე კლუბს მხოლოდ
"ვისლამ" მიმართა. სურვილი ერთია, მაგრამ, როცა ინტერესს რეალური სახე
მიეცემა, მოლაპარაკებებიც იწყება და ვნახოთ.
- ებრაულმა
ვებგვერდებმა იწინასწარმეტყველეს, თუ დვალიშვილი ლიგის ბომბარდირი გახდება,
ინგლისურ პრემიერლიგაში მისი ტრანსფერის საკითხი რეალურად დადგება დღის
წესრიგშიო. ადრე "ვესტ ჰემთან" დააკავშირეს თქვენი გვარი... -
ალბათ, ავრამ გრანტის გამო დამაკავშირეს "ვესტ ჰემთან". თუ რომელიმე
ინგლისური კლუბი სერიოზულად დაინტერესდება ჩემით, მაშინ არა მგონია
"მაქაბიმ" ტრანსფერი შეაფერხოს.
- მიზეზთა გამო "ვისლაში" გადასვლას "მაქაბიში" დარჩენა ვარჩიეო. რა მიზეზებს გულისხმობთ. -
უფრო სწორად, გარკვეული ფაქტორების გამო. ისეთი არაფერია, არ მინდა
დაკონკრეტება. ყველაფერი ავწონ-დავწონე და ამ ეტაპზე დარჩენა ვამჯობინე.
ხვალ სხვა ვითარება იქნება და ვნახოთ. "ვისლა" არ დამიწუნებია, მთავარია,
ჯანმრთელად ვიყო და სხვა და უკეთესი ვარიანტებიც მექნება.
-
უკვე 9 ბურთი გაქვთ გატანილი და მეგოლეებში მესამე ადგილზე ხართ. ლიგის
ბომბარდირობა თქვენი მიზანია თუ ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ? -
უმთავრესი გუნდის წარმატებაა, თუმცა, ცხადია, ბომბარდირობაც მინდა და
ამასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. მთავარი მეგოლე სამი ბურთით მისწრებს,
შევეცდები, დავეწიო და გავუსწრო. გასულ სეზონში 16 ბურთი გავიტანე, ამის
ნახევარზე მეტი მაჩვენებელი უკვე მაქვს. წინ კიდევ 17 ტურია და
ბომბარდირობაზე ვიზრუნებ.
- ასეთ ვითარებაში, თანაგუნდელები ხშირად ეხმარებიან ბომბარდირობის კანდიდატს. - ჩვენთანაც ასეა, თუმცა ეს ბოლო ორ თვეში უფრო საგრძნობია. თანაგუნდელების იმედიც მაქვს და თუ საჭირო გახდა, პენალტებსაც დავარტყამ.
- კარგ ფორმაში ხართ, ნაკრების მატჩამდეც ბევრი აღარ დარჩა. როგორც გავიგეთ, სომხეთთან მატჩისთვის გამოძახებულთა შორის ხართ. -
ჩემი მონაცემები მომთხოვეს, გადავეცი და ალბათ ამ მატჩისთვის სანაკრებო
სიაში ვიქნები. 9 თებერვალს სომხეთთან ამხანაგური მატჩი კია, მაგრამ მას
სხვა დატვირთვაც აქვს. ეს მატჩი გენერალური რეპეტიციაა ხორვატიასთან და
ისრაელთან პრინციპული მატჩების წინ. ამასთან, სომხებთან ჩვენი გუნდების
თამაშიც ყოველთვის პრინციპულია და ფინალივითაა. ასე იქნება კვიპროსის
მატჩიც. გარდა ამისა, რვამატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს და უნდა
გავაგრძელოთ. ბოლო-ბოლო, ახალი წელიწადი წარმატებით უნდა დავიწყოთ.
- სომხეთის რომელიმე ნაკრებთან თუ გითამაშიათ? - ვახტანგ კოპალეიშვილის მწვრთნელობისას 18-წლამდელთა ნაკრები ერევანში ვეთამაშეთ სომხებს, ის მატჩი უგოლოდ დასრულდა.
- ანუ სომხეთისთვის ჯერ არ გაგიტანიათ... - არა, და ყველაფერს ვიღონებ, 9 თებერვალს გავიტანო და ეს თამაში მოვიგოთ.
|
ნანახია: 794 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|