ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 30 » ქეცბაიას ბერძნები არ ეშვებიან
18:43 ქეცბაიას ბერძნები არ ეშვებიან |
წელიწადზე მეტია, რაც პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" გამოთხოვების შემდეგ თემურ
ქეცბაიამ საბერძნეთი დატოვა. თუმცა ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელზე იქ
დღემდე დიდი მოთხოვნაა. 5 კვირის წინათ, როცა ათენის აეკ-ი ახალ მწვრთნელს
ეძებდა, კანდიდატთა სიის სათავეში ერთ-ერთი სწორედ ქეცბაია იყო.
თემური
ფეხბურთელობისას "ნიუკასლამდე" აეკ-ში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობდა.
ათენელებს არაერთი ტიტული მოაპოვებინა და ამ კლუბის ფანები მას ახლაც დიდ
პატივს სცემენ. ცნობისათვის, აეკ-ის შეფებს ქეცბაიასთვის გუნდის ჩაბარება
შარშან ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ, სანამ ქეცბაია ჩვენი ნაკრების თავკაცი
გახდებდა. იმ დროისათვის ბერძნულმა საიტებმა ვარაუდიც კი გამოთქვეს, აეკ-ი
ქეცბაიას ზამთარში დაიყოლიებსო, მაგრამ... ეს მხოლოდ ელადელთა ტკბილ
სურვილადვე დარჩა, ქეცბაიამ "ლელოსთან" საუბარში განაცხადა, რომ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მოქმედი ხელშეკრულება ევროპის 2012
წლის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე აკავშირებს და ის კონტრაქტის
ერთგულია. მომდევნო დღეს ეს ინფორმაცია ბერძნულმა ვებგვერდებმაც
გაავრცელეს და აეკ-ის მესვეურებმაც სხვა მწვრთნელზე გადაიტანეს აქცენტი.
გუშინ
ქეცბაიას მსურველი კიდევ ერთი კლუბი გამოჩნდა. ჩვენი ეროვნულის თავკაცს
ბერძნულენოვან კვიპროსზე ტყუილად როდი შეარქვეს "მხსნელი". ამჯერად
ქართველი მწვრთნელის მხსნელად მოვლენა "პანიონიოსის" ხელმძღვანელობას
სურს. ამ გუნდმა ბრძნულ სუპერლიგაში ბოლო 5 მატჩი ზედიზედ წააგო.
წარუმატებლობის გამო 4 ქულით "პანიონიოსი" ცხრილში ბოლოსწინა, მე-15
ადგილზეა. კლუბის მესვეურები შვედ მწვრთნელ მიხაელ სტაჰრეს შემცვლელს
ეძებენ.
ბერძნულ ვებგვერდ Sport24.gr-ს ინფორმაციით
"პანიონიოსის" ბოსები სკანდინავიელი მწვრთნელის შემცვლელად ორ ფავორიტს,
თემურ ქეცბაიასა და ბერძენ პავლოს დერმიცაკისს ასახელებენ. ელადელი
მიმომხილველები ქართველი მწვრთნელის პოზიციაზე ჯერჯერობით არაფერს წერენ.
მათი არ ვიცით და, ქეცბაიას პოზიცია ჩვენთვის ცნობილია. როგორც აეკ-ის
შემთხვევაში, ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ამჯერადაც არ დატოვებს მშობლიური
ქვეყნის ეროვნულ გუნდს.
დავით ცაბაძე
|
ნანახია: 748 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|