ზეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ლატვიაში, ევრო 2012-ის შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. თემურ ქეცბაიას გუნდი რიგაში ხვალ, 12 საათზე, ჩარტერული რეისით გაფრინდება. ბალტიისპირეთში წასვლამდე ქეცბაია კიდევ ერთხელ შეხვდა ჟურნალისტებს და როგორც განვლილ მატჩზე, ასევე მომავალ მეტოქეზეც ისაუბრა. - 3 წელია გუნდს ოფიციალურ შეხვედრაში არ მოუგია, ამიტომ მალტელებთან გამარჯვება ფსოქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება მაღალ ბურთებზე თამაშს, ეს თამაშის მსვლელობამ მოიტანა. გამოჩნდა, რომ უკეთესი იყო, თუ ფლანგიდან შევუტევდით და ეს გოლითაც დადასტურდა. ლატვიელებს კარგი გუნდი ჰყავთ და აქცენტს სტანდარტულ მდგომარეობებზე აკეთებენ. ვნახეთ მალტა-ლატვიის ჩანაწერი და ყველა სახიფათო მდგომარეობა სწორედ სტანდარტებიდან შექმნეს. შევეცდებით, მეტოქეს ჩვენი თამაში ვეთამაშოთ. შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება. ნაკრები რიგაში ხიზანიშვილის გარეშე მიემგზავრება: - ზურაბ ხიზანიშვილი 2 ყვითელი ბარათის გამო თამაშს გამოტოვებს. მის შემცვლელზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. მცირე ტრავმა აწუხებს ჯანო ანანიძეს, თუმცა საშიში არაფერია. დღეს ვარჯიშზე გამოჩნდება ყველაფერი. ვუყურეთ ხორვატიის ნაკრების თამაშსაც ისრაელის ნაკრებთან. ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხორვატები ჯგუფის უპირობო ფავორიტები არიან და მთავარი ბრძოლა მეორე ადგილისთვის იქნება. რაც შეეხება დღევანდელ სატურნირო მდგომარეობას, სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ ამ დროისთვის ჩვენი ნაკრები მეორე ადგილზეა -განაცხადა ქეცბაიამ.
goli.ge
|