შესაძლოა რუსთავის ,,ოლიმპი’’, რომელსაც დიდი საკადრო პრობლემები აქვს და ამ ეტაპზე მხოლოდ 15-ფეხბურთელის ამარა ემზადება ურეკში ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩებისათვის კიდევ 3-ფეხბურთელით გაძლიერდეს. ლაპარაკია რევაზ ქემოკლიძეზე, გიორგი ჭელიძეზე და კენიის ეროვნული ნაკრების 24-წლის ცენტრ-ფორვარდ ალენ ვანგა ვეტენდეზე. კენიელი ფეხბურთელი დღეს გამთენიისას უნდა ჩამოფრენილიყო თბილისში ამერიკიდან, სადაც საკუთარ ნაკრებთან ერთად ტურნეს მართავდა, საღამოსკენ კი უკვე ურეკში ელიან. ალენ ვანგა ვეტენდეს კენიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 25-მატჩი აქვს ჩატარებული და 9-გოლი აქვს გატანილი, საკლუბო კარიერაში კი სხვადასხვა ქვეყნის შემდეგ კლუბებში ასპარეზობდა: 2005-2006 წლებში კენიური ლოულეს ღირსებას იცავდა, შემდეგ 2006-2007 წლების სეზონში ტუსკერში იასპარეზა, 23-ჩატარებულ შეხვედრაში 21-გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, რამაც გამოიწვია კიდეც მისი გალეგიონერება და ანგოლურ პეტრო ატლეტიკოში გადავიდა, იქ მან 35-შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარში 9-გოლი გაიტანა. მისი ბოლო კლუბი აზერბაიჯანის პრემიერლიგის ბაქი იყო, რომლიდანაც ვინფრიდ შეფერის მისვლის შემდეგ წამოვიდა. მისი სატრანსფერო ფასი ტრანსფერმარკეტის შეფასებით 150 000 ევროა. ვეტენდე 186სმ სიმაღლის, ფიზიკურად ძლიერი და საკმაოდ სწრაფი მოთამაშეა, საინტერესოა გაამართლებს თუ არა რუსთაველთა იმედებს, დაიტოვებენ თუ არა კლუბში და გამოადგება თუ არა კლუბს ევროტურნირებსა და ეროვნულ ჩემპიონატში.