საქართველოს ნაკრებისა და "ჯენოას" მცველი კახა კალაძე, მიუხედავად იმისა,
რომ საკმაოდ დიდი ხანია, რაც კიევის "დინამოდან" იტალიაში გადაბარგდა,
უკრაინელ გულშემატკივრებში დღემდე ძალზე პოპულარულია და შესაბამისად, ამ
ქვეყნის გამოცემებიც ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუს არცთუ იშვიათად
აქვეყნებენ. ამჯერად კახას საიტი "სპორტ.სეგოდნია.უა" ესაუბრა.
- "მილანის" შემდეგ "ჯენოას" როგორ შეეგუეთ? -
მადლობა უფალს, თავს კარგად ვგრძნობ. მუდმივად ვთამაშობ და ეს ჩემთვის
ყველაზე მნიშვნელოვანია. "მილანში" ყოფნისას ბოლო წელს მხოლოდ 8 მატჩში
ვითამაშე და ეს კატასტროფა იყო. ახლა თამაშის საშუალება მაქვს და არცთუ
ცუდად ვირჯები, შესაბამისად, არ ვნანობ, გუნდი რომ შევიცვალე. არადა
თავიდან, არ დაგიმალავთ და, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა.
- "მილანი" ჩემპიონობისთვის იბრძვის, "ჯენოა" - ელიტაში დარჩენისთვის და ეს არ გეხამუშებათ? -
რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელობა აქვს. "მილანში" ათი წელი ვითამაშე,
მოვიგე ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც
საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მერჩივნა მოედანზე მუდმივად გასვლის
საშუალება მქონოდა, თუნდაც ნაკლებად ამბიციურ გუნდში. "მილანი" სწორედ
ეროვნული გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე დავტოვე და გადავედი "ჯენოაში".
კარგად ვხვდებოდი, რომ თუკი კლუბში უთამაშებელი ვიქნებოდი,
ნაკრებშიც პრობლემები შემექმნებოდა. ამასთან, არ მინდოდა მთავარი მწვრთნელი
უხერხულ ვითარებაში ჩამეყენებინა. თუკი მე, ეროვნული გუნდის კაპიტანი,
კლუბში არ ვითამაშებ - ამით ნაკრების სხვა წევრებს ცუდ მაგალითს მივცემ.
- "მილანს" როგორ გამოეთხოვეთ? -
გალიანისთან, ბერლუსკონისა და გულშემატკივრებთან აქამდე კარგი ურთიერთობა
მაკავშირებს. როცა "ჯენოა" "მილანთან" "სან სიროზე" თამაშობდა,
გულშემატკივრებმა ბანერი გამოფინეს: "გრაცია, კალაძე!" ამით მათ ჩემდამი
მადლიერება გამოხატეს. შესაძლოა, ეს წვრილმანია, მაგრამ ჩემთვის - ძალიან
სასიამოვნოა.
- საცხოვრებლად გენუაში გადახვედით, თუ ისევ მილანში ხართ? - ბინა გენუაშიც მაქვს და მილანშიც. ამ ქალაქებს შორის დაშორება დიდი არაა - სულ 120 კმ მანძილია. ხან ერთგან ვარ, ხან მეორეგან.
- უმეტეს დროს მაინც გენუაში ატარებთ? - არა, მილანში.
- ახალ გუნდში როგორ შეგხვდნენ? -
ფანებმაც და ხელმძღვანელობამაც სიხარულით მიმიღეს. წერდნენ, რომ რთული
ოპერაციის შემდეგ გამიჭირდებოდა, მაგრამ ფეხი წესრიგში მაქვს და თავს
ფიზიკურადაც კარგად ვგრძნობ.
- სათამაშო პრაქტიკის ხარჯზე თქვენმა ხელფასმა არ იკლო? -
რა თქმა უნდა. "ჯენოაში" გაცილებით პატარა ხელფასებია, ვიდრე "მილანში",
მაგრამ მე ფეხბურთში ფულს არასდროს ვუყურებდი - არც ბავშვობისას, არც
თბილისის "დინამოში", არც კიევში და არც მილანში. ის თავისთავად მოდიოდა.
მე პირველ რიგში, ყველაფრის დამტკიცებას მოედანზე ვცდილობდი, შემდეგ კი
პრეზიდენტები მიბარებდნენ და ხელფასს მინიშნავდნენ. იმავეს ვიტყვი
"ჯენოაზე" - მე აქ სავსებით კმაყოფილი ვარ.
- "მილანის" ყოფილი მწვრთნელის ლეონარდოს "ინტერში" გადასვლა ფანებმა ღალატად მონათლეს... -
კარგად მესმის, რატომ გაანაწყენა ბევრი მისმა ნაბიჯმა. თანაც, მას
არაერთხელ უთქვამს, რომ "მილანი" მისი ოჯახია და ვერავინ იფიქრებდა, ამის
შემდეგ თუ "ინტერში" წავიდოდა. მაგრამ, ამავდროულად, მას სრული უფლება
ჰქონდა "ინტერსა" თუ "იუვენტუსში" გადასულიყო და მე ამას ღალატად არ
მივიჩნევ.
- თქვენი აზრით, ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? - "ბარსელონა" - თუკი გავითვალისწინებთ, როგორ თამაშობს ბოლო წლების განმავლობაში.
- შევასთან ისევ მეგობრობთ? თქვენ განაცხადეთ, რომ მასთან ერთად გოლფი ითამაშეთ. - გოლფს ცუდად ვთამაშობ. ანდრეი ბოლოს ახალწლამდე, კიევში ყოფნისას ვნახე.
- როდესაც ინტერვიუსთვის დაგიკავშირდით, გვითხარით, რომ კინოთეატრში იმყოფებოდით და საუბარი არ შეგეძლოთ. რა ფილმს უყურებდით? - "ავატარს". მე და ჩემმა მეუღლემ ამჯერად 3D სათვალით ვუყურეთ და ძალიან მოგვეწონა.
მომზადებულია sport.segodnya.ua-ს მიხედვით
|