ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 28 » კახა კალაძე: "ჯენოაში ნაკრების გამო გადავედი"
18:03 კახა კალაძე: "ჯენოაში ნაკრების გამო გადავედი" |
იტალიურ სერია A-ში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "ჯენოამ" რამდენიმე
სახელოვანი ფეხბურთელი დაიმატა. სატრანსფერო პერიოდის მიწურულს კი ჩვენი
ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე: "მილანიდან" გადაიბირა და მაღალი
მიზნებისთვის ბრძოლა დაისახა მიზნად. თუმცა 8 ტურის შემდეგ გენუელები მე-9
ადგილზე არიან. ჩვენებურის გუნდს დასკვნით ტურში შინ "კატანია" რომ არ
დაემარცხებინა, ცხრილის ქვედა ნაწილში იქნებოდა და შესაძლოა, კახას გუნდის
თავკაცის პოსტი ახლა ვაკანტური ყოფილიყო. თუმცა ჯან პიერო გასპერინი,
რომელმაც კალაძე რამდენიმე მატჩში არ ათამაშა, კვლავ "ჯენოაშია".
ჩვენი
ნაკრების კაპიტანს იტალიაში დავუკავშირდით და აქტუალურ თემებზე, ნაკრებზე,
ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლზე, კლუბსა და სხვა საკითზებზე ვესაუბრეთ.
- კახა, საუბარი ბოლოს ჩატარებული მატჩით დავიწყოთ... -
ჩემპიონატის წინ რჩეული ფეხბურთელების დამატებით "ჯენოა" საგრძნობლად
გაძლიერდა და კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად გულშემატკივარიც ჩვენი
გუნდისგან წარმატებას ელოდა. თუმცა სტარტზე ქულები დავკარგეთ და მძიმე
მდგომარეობაში აღმოვჩნდით. შესაბამისად, "კატანიასთან" მოგება ჩვენთვის
ძალზე მნიშვნელოვანი იყო. მართალია, მასპინძლები ვიყავით, მაგრამ გატანა
გაგვიჭირდა. მეორე ტაიმის შუაწელს, მარკო როსის გადაცემით ეს ერთადერთი
ბურთი ბრაზილიელმა მცველმა რაფინიამ გაიტანა.
- იტალიელი
მიმომხილველები წერდნენ, "ჯენოამ" "კატანიასთან" თუ ვერ მოიგო, კლუბის
მესვეურებს ახალი მწვრთნელის მოძებნა მოუწევთო. ჯან პიერო გასპერინის
დათხოვნის საკითხი აქტიურად განიხილებოდა? - მის გადაყენებას
რადიკალები ახლაც ითხოვენ, მაგრამ ბოლო თამაშის მოგების შემდეგ ვითარება
საგრძნობლად დამშვიდდა. მის საფეხბურთო ხედვას ბევრი არ ეთანხმება.
მცირედი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა მატჩში 3 მცველით ვთამაშობთ.
სერია A-ში ეს ძალზე სარისკო და წამგებიანია. მით უმეტეს, როცა
მცველებისგან შეტევაში აქტიურ მონაწილეობას ითხოვ. თითქმის ყველა მატჩში,
სამ-ოთხჯერ არის ეპიზოდი, როცა მეტოქის თავდამსხმელი ჩვენს მეკარესთან
პირისპირ რჩება. ასეთ ვითარებაში კი ძნელია ქულების დაგროვება.
-
მცველი ხართ და უკანა ხაზის პრობლემა თქვენც გეხებათ. სამი მცველით თამაში
მწვრთნელის ახირებაა, თუ კადრების დეფიციტით არის განპირობებული? - უბრალოდ, მწვრთნელის ტაქტიკაა ასეთი, თორემ კადრების დეფიციტს არ ვუჩივით.
-
"კატანიასთან" გადამწყვეტი გოლი მცველმა რაფინიამ გაიტანა. ამ
შეხვედრამდე, სათასო მატჩში თქვენც შეგეძლოთ გატანა. "გროსეტოსთან" ეს რომ
ვერ შეძელით, იმიტომ ხომ არ იყო, გასპერინიმ ძირითადის შემდეგ შეცვლაზე
რომ გათამაშათ? - გასპერინი მცველებს უკანა ხაზზე საიმედოდ
თამაშის გარდა შეტევაში აქტიურ მონაწილეობასაც გვთხოვს, თორემ გოლის
გატანა ჩვენი ვალდებულება არ არის. "გროსეტოსთან" გატანა შემეძლო, მაგრამ
მეკარემ ბურთი მოიგერია.
- "ჯენოაში" აგვისტოს ბოლოს გადახვედით, თუმცა ამ გუნდში ჯერჯერობით სტაბილურად არ გიწევთ თამაში... -
"მილანი" ნაკრების გამო დავტოვე და "ჯენოაში" გადავედი. "როსონერიში"
ბევრი კარგი მატჩი ჩავატარე და სხვადასხვა ტიტულის მოპოვებაში ჩემი
წვლილიც შევიტანე. თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო "მილანში" თამაში აღარ
მომიწევდა. ეროვნული გუნდის კაპიტანი ვარ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და
გადავწყვიტე, კლუბი შემეცვალა. მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ ისეთ გუნდში
უნდა გადავსულიყავი, სადაც თამაში მომიწევდა. სხვა შემოთავაზებებიც
მქონდა, მაგრამ საბოლოოდ "ჯენოაზე" შევჩერდი. "მილანში" სხვაგვარი
ვარჯიშებია, "ჯენოაში" კი ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე უფრო კეთდება
აქცენტი და ეს ნაკრებშიც გამომადგა.
- ბოლო ორ მატჩს თუ არ
ჩავთვლით, "ჯენოაში" გადასვლის შემდეგ პირველივე შეხვედრაში, რომ
ითამაშეთ, მერე 4 ტური სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდით. ამას, ალბათ,
თქვენც არ ელოდით? - "ჯენოაში" გადასვლამდე კლუბის
ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე. ზედიზედ 4 მატჩში
უთამაშებლობა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. რა თქმა უნდა, ამას ვერ შევეგუები
და ვითარების გარკვევა გადავწყვიტე. ყველამ დამაიმედა, რომ თამაშის
დეფიციტი არ მექნებოდა. ბოლოს ორივე შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და
იმედი მაქვს, საქმე კარგად ამეწყობა.
- უკვე ჩავლილი ამბავია, მაგრამ საინტერესოა, "ჯენოას" გარდა სხვა რომელ კლუბში გადასვლის ვარიანტი გქონდათ? -
"იუვენტუსში" გადასვლა ძალიან მინდოდა, ტურინელები ფაბიო გროსოში
მცვლიდნენ. მე წინააღმდეგი არ ვიყავი, მაგრამ ეს ტრანსფერი მხოლოდ ჩემზე
არ იყო დამოკიდებული. იყო "ნაპოლის", "ვერდერისა" და სხვა გუნდების
ვარიანტებიც. იმ დროისათვის, რჩეული მოთამაშეების დამატების გამო, "ჯენოა"
უფრო ამბიციურ გუნდად ჩანდა და ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი.
-
ახლა ნაკრებზე ვთქვათ. კლუბში უთამაშებლობის მიუხედავად, ნაკრებში ბოლო
მატჩები კარგად ჩაატარეთ. ეროვნულის კაპიტნის თავდადებული თამაში ბევრმა
აღნიშნა... - მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი გუნდის მონდომებითა
და გარჯით კმაყოფილი ვარ. თუმცა თამაშის ხარისხი იმ დონის არ იყო, როგორიც
შეგვიძლია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მალტა 11 ფეხბურთელით თავს
იცავდა და ასეთ გუნდთან ყველას უჭირს თამაში. თუმცა ბოლომდე ვიბრძოლეთ და
დაგვიფასდა კიდეც, ამ შესარჩევში პირველად მოვიგეთ. შესაძლოა, ზოგს არ
სჯეროდა, ლატვიიდან ქულას რომ წამოვიღებდით და აქედან გამომდინარე, რიგაში
ნათამაშები ფრით კმაყოფილია. თუმცა ლატვიელებთან უნდა მოგვეგო, სამ
ქულამდე მხოლოდ რამდენიმე წამი დაგვაკლდა. ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება და
რიგის მატჩის გაკვეთილი ის არის, რომ ყველა თამაშში ბოლომდე ბრძოლაა
საჭირო.
- ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაისამდე თამაში აღარ გვაქვს. ჩვენი ნაკრების წლევანდელი მონაგარით კმაყოფილი ხართ? -
იმის გათვალისწინებით, რა შედეგებიც შარშან და ბოლო წლებში გვქონდა,
უკმაყოფილო არ ვარ. თუმცა უკეთესი შედეგის მიღწევაც შეგვეძლო, რიგაში და
ისრაელთან საშინაო მატჩი რომ მოგვეგო. შესარჩევში 4 მატჩში 6 ქულა გვაქვს,
ორჯერ მეტი, ვიდრე წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 შეხვედრაში. ეს კი
ნაკრების ახალი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას დამსახურებაა. მან ეს მუშაობის
მოკლე პერიოდში შეძლო. წინ უფრო რთული მატჩები გველის და უკეთ უნდა
ვითამაშოთ. თბილისში ყველას უჭირს თამაში, იტალიის ნაკრებსაც ყოველთვის
გაუჭირდა და "საშინაო კედლების" ფაქტორი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
ჩვენ შეგვიძლია შინ თამაში არ წავაგოთ და ეს უნდა მოვახერხოთ.
- შედეგი გასაგებია, მაგრამ რა გააუმჯობესდა ჩვენს ნაკრებში, რაც გუნდი ქეცბაიამ ჩაიბარა? -
ვფიქრობ, ხალხიც ხედავს, ნაკრებში სათამაშო დისციპლინაა, ქეცბაიამ გუნდს
უკვე დაატყო თავისი ხელი, რაც სხვადასხვა კომპონენტში აისახება.
უმთავრესია ის, რომ გუნდი ბევრ ბურთსს არ უშვებს, რაც თანამედროვე
ფეხბურთში მნიშვნელოვანია და ბევრ შემთხვევაში გადამწყვეტია. 4 მატჩში
მხოლოდ 3 ბურთი გაგვიტანეს. ასე რომ, მეკარე და დაცვის ხაზი საიმედოდ
თამაშობს. სამუშაო კიდევ ბევრია და მჯერა, პროგრესი მომდევნო მატჩებში
გამოიკვეთება.
- 17 ნოემბრის სლოვენიასთან მატჩს ქეცბაია
ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად გამოიყენებს. შესაბამისად, ეროვნულის
სტაჟიანი წევრების მხოლოდ ნაწილს გამოგიძახებენ ნაკრებში. ამ თამაშს რა
დატვირთვას ანიჭებთ და ხართ თუ არა გამოძახებუილთა სიაში? -
ამხანაგური მატჩები იმისთვისაა, რომ ნაკრების კანდიდატები და პოტენციური
წევრები მწვრთნელებმა საქმეში ნახონ. ეს ჩვეულებრივი და აუცილებელი
პროცესია. რაც მეტი ფეხბურთელი იქნება სანაკრებოდ მზად, მით უკეთესია.
ნაკრების სტაჟიანი წევრები თანდათან ვამთავრებთ კარიერას და ახალმა თაობამ
უნდა შეგვცვალოს. ამ თაობას კი საამისოდ მომზადება სჭირდება. ნაკრებში
გამოძახებულთა სია ჯერ არ გაცხადებულა, წესით ორი კვირით ადრე უნდა
გაირკვეს. შესაბამისად, ჯერ არ ვიცი, გამომიძახებენ თუ არა. თუ
სლოვენიასთან ამხანაგური მატჩისთვის სიაში არ ვიქნები, ამაში უცნაურს
ვერაფერს ვხედავ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|
ნანახია: 888 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|