'ვიტ ჯორჯია' ყოველთვის კონცეპტუალურად, წინასწარ გათვლილი პოლიტიკით მოქმედებდა და კვლავ ასე განაგრძობს მუშაობას.
2009-10
წლების სეზონში 'ვიტ ჯორჯიამ' ორი ტიტული მოიპოვა - სუპერთასი, დავით
ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი და რა თქმა უნდა, ისევ მაღალი
მიზნებისთვის იბრძოლებს.
რა
იყო დადებითი და უარყოფითი წინა სეზონში, როგორ ემზადება 'ვიტ ჯორჯია' ახალი
სეზონისთვის - კლუბის პრეზიდენტ გურამ რუხაძეს ამ ასპექტებზე ვესაუბრეთ.
|
|
|
|
კლუბის პრეზიდენტი გურამ რუხაძე |
|
- განვლილი სეზონი ვიტ ჯორჯიასთვის იოლი არ გამოდგა, თუმცა საბოლოო ჯამში კლუბის პრეზიდენტი ალბათ კმაყოფილია გუნდის შედეგით...
- წინა
სეზონს ცალსახად დადებითად ვაფასებ, ორი ტიტული მოვიპოვეთ - სუპერთასი და,
რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს თასი. გარდა ამისა, ეროვნულ
ჩემპიონატში დავიკავეთ მე-4 ადგილი, რაც უკვე გვაძლევდა
უფლებას გვეთამაშა ევროტურნირეზე - ეს ჩვენი პროგრამა-მინიმუმი იყო.
გამოჩნდა, რომ კარგად ვიმუშავეთ სელექციის მხრივაც - ვიტ ჯორჯიას მეორე
გუნდმა უმაღლესი ლიგის დუბლების ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო
1992-93 წელს დაბადებულთა შორის ჩატარებულ ჭაბუკთა ლიგაში ჩვენები მესამე ადგილზე გავიდნენ.
- მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2009-10 წლების სეზონში ვიტ ჯორჯია უნაკლო არ ყოფილა...
- ჩვენს
პირველ გუნდს სტაბილურიბა აკლდა, რა დასამალია, რომ გვქონდა ჩავარდნები.
ფეხბურთელები უწინდელზე ხშირად იღებდნენ ყვითელ ბარათებს, იყო გაძევების
არაერთი შემთხვევაც, რაც ჩვენი გუნდის იმიჯს ნამდვილად არ შეეფერება,
ყოველივე ამან კი იმოქმედა ვიტ ჯორჯიას შედეგზეც ეროვნულ ჩემპიონატში -
ნეგატივში ეს უნდა ჩაითვალოს.
- დამდეგ სეზონს ვიტ ჯორჯია ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყებს. როგორ შეაფასებდით ჩვენი გუნდის შესაძლებლობებს?
- მეორე
ეტაპზე საკმაოდ სერიოზულმა გუნდებმა მოიყარეს თავი: ბეშიქთაში, ვისლა,
ოლიმპიაკოსი, ბუქარესტის დინამო, აუსტრია...ცხადია, ბევრი რამ 21
ივნისს გასამართ კენჭისყრაზეც იქნება დამოკიდებული. როგორც უნდა იყოს,
მიმაჩნია, რომ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა ვიტ ჯორჯიასთვის
რეალობასთან ახლოს არის.
- ვიტ ჯორჯიას ევროსარბიელისთვის უცხოური შეკრებაც ექნება...
- დიახ,
ჩვენი გუნდი ისევ უკრაინაში, კრიმტეპლიცას ბაზაზე მოემზადება, რამეთუ
იქაური პირობებით კმაყოფილები ვართ - რაციონალური კვება, კარგი მოედნები,
ძლიერი სპარინგ-პარტნიორები, მომზადებისთვის სასურველი გარემო - ყოველივე
ამის გათვალისწინებით არჩევანი კვლავ კრიმტეპლიცაზე შევაჩერეთ.
- წინა
სეზონის შემდეგ ვიტ ჯორჯია ხუთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა: გრიგოლ
ბედიაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, ლაშა ჯაფარიძე, ლუკა რაზმაძე და გიორგი
დათუნაიშვილი. ვიტ ჯორჯიას აქვს იმის გამოცდილება, ფაქტობრივად ხელახლა
დააკომპლექტოს გუნდი ისე, რომ კვალავაც მოწინავე პოზიციებზე დარჩეს -
ამჯერად ეს როგორ გაკეთდება?
- დათუნაიშვილმა
და კვახაძემ ჩვენთან რვა წელი გაატარეს, ბედიაშვილმა, ჯაფარიძემ და
რაზმაძემ კი - ექვსი. მათ ვიტ ჯორჯიაში უკვე მიაღწიეს ყველაფერს, რისი
მიღწევაც შეიძლებოდა - გახდნენ ჩემპიონები, არერთხელ იყვნენ პრიზიორები,
მოიგეს თასი, ზოგი მათგანი ვიტ ჯორჯიადან მოხვდა ეროვნულ ნაკრებში.
ვფიქრობ, მათ უკვე ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები ვიტ ჯორჯიაში.
შეგვეძლო, რომ მომავალი სეზონისთვის ყველა წამყვანი ფეხბურთელი
შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ამ ეტაპზე გუნდს ახალი სისხლი სჭირდება.
ბედიაშვილის
წასვლის შემდეგ მეკარის სამ კანდიდატურას განვიხილავდით და სერიოზულ
სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ არჩევანი გიორგი ძაძამიაზე
გავაკეთეთ. გუნდის პირველი მეკარეობისთვის ძაძამიასა და არდალიონ
მიქაბერიძეს შორის სერიოზული კონკურენცია იქნება. გვყავს ახალგაზრდა,
პერსპექტიული მეკარეც - ჯინო რეჭია.
კვახაძის
წასვლით გარკვეული სიცარიელე შეიქმნა დაცვის ცენტრში, თუმცა გუნდში რჩება
გამოცდილი დავით ლომაია, წინა სეზონი კარგად ჩაატარა 21
წლის გურამ ადამაძემაც, მეორე გუნდიდან გადმოვიყვანეთ ლაშა კასრაძე და
ჯემალ გოგიაშვილი - მოკლედ, დაცვის ცენტრში არ უნდა გაგვიჭირდეს.
ლაშა
ჯაფარიძის წასვლის შემდეგ, მარცხენა მცველის პოზიციაზე ერთმანეთს
კონკურენციას გაუწევენ მეორე გუნდიდან დაწინაურებული რევაზ ღანიაშვილი და
ქუთაისის ტორპედოდან გადმოსული ირაკლი ჭანკვეტაძე.
რაც
შეეხება ნახევარდაცვას, აქ რვა ფეხბურთელი გვყავს - ირაკლი კლიმიაშვილს,
გიორგი ვასაძეს, გიგა ბეჭვაიასა და ჯაბა ლიპარტიას მეორე გუნდიდან
დაემატებიან გიორგი ჯანელიძე, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე და გურამ
გურეშიძე. მიუხედავად იმისა, რომ ვიტ ჯიორჯიას რაზმაძე და დათუნაიშვილი
გამოაკლდნენ, ჩვენი შუა ხაზი მაინც ძლიერი იქნება და მძაფრი კონკურენციაც
გაჩაღდება.
- ვიტ
ჯორჯიას თავდასხმაში სატრანსფერო ცვლილებები არ მომხდარა და ამ რგოლში
საკმაოდ ბევრი კვალიფიციური თავდამსხმელი გვყავს, ხუთი ფორვარდი -
ბერიაშვილი, კვარაცხელია, ზაქრაძე, როსტიაშვილი და ჩიმაკაძე - ზოგს
შესაძლოა, ზედმეტი მოეჩვენოს...
- მწვრთნელებთან
ამ საკითხზეც ვისაუბრეთ. ერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაში დოგმა არ
იქნება, შესაძლოა, სამი თავდამსხმელითაც ვითამაშოთ, ვიტ ჯორჯია ერთ
ტაქტიკურ სქემაში გამოკეტილი გუნდი არ იქნება - ასეთია მწვრთნელების
მონახაზი.
- ქართულ
საკლუბო ფეხბურთში ბოლო დროს მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება,საქმეს ისეთი
პირი უჩანს, რომ მომავალ სეზონში ეროვნულ ჩემპიონატს უფრო შეძლებული
კლუბები ეყოლება - ყოველივე ამის გათვალისწინებით, რა სურათი იკვეთება
ჩვენს კლუბში? რა შემოსავლები ექნება ვიტ ჯორჯიას დამდეგი სეზონისთვის?
- წლეულს
ვიტ ჯორჯიამ ვერ მიიღო საპრიზო ფონდის თანხები ეროვნულ ჩემპიონატში და
თასის გათამაშებაში მიღწეული შედეგებისთვის, რამაც გარკვეული გავლენა
იქონია ჩვენს ბიუჯეტზე. თუმცა გვექნება სხვა შემოსავლები. შვეიცარიულ
სპორტფაივთან გავაფორმეთ კონტრაქტი, რომლის მიხედვით 2
წლის განმავლობაში ევროტურნირებზე ჩვენი საშინაო მატჩების ტელეტრანსლაციის
უფლება ამ კომპანიას გადავეცით, ეს ერთობ ხელსაყრელი ხელშეკრულებაა
ჩვენთვის. ევროლიგაზე თამაშისთვის თანხას მივიღებთ უეფასგანაც. ამ ეტაპზე
ვიტ ჯორჯიას არ განუხორციელებია ფასიანი ტრანსფერები და კლუბის ბიუჯეტი
კოორპორატიული დაფინანსებითაც შეივსება. დამდეგი სეზონისთვის ვიტ ჯორჯიას
ბიუჯეტი უწინდელზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება.
ახალი
კონტრაქტი გავაფორმეთ ულსპორტთან - ჩვენი ტექნიკური სპონსორი ეკიპირების
ახალ, სრულ კომპლექტს გადმოგვცემს. ახალი ხელშეკრულება დავდეთ
ენერვიტთანაც, რომელიც ვიტამინებით და სხვა აღმდგენითი საშუალებებით
გვამარაგებს. ენერვიტი ახალი პრეპარატების წარმოებასაც იწყებს, რომლებსაც
ჩვენ უფასოდ მოგვაწვდის.
- მცხეთაში ვიტ ჯორჯიას სტადიონის რეკონსტრუქცია რა ეტაპზეა? ეს ხომ კლუბის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია...
- ახლა
სრული დატვირთვით მიდის სამუშაოები. ინდივიდუალურ სკამებს მალე მივიღებთ
თურქეთიდან, რემონტდება გასახდელები, თითქმის დასრულებულია სტადიონის
შემოღობვა. ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში უნდა დამთავრდეს
სტადიონის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი და ვიტ ჯორჯია მომავალ სეზონში
ეროვნული ჩემპიონატის და თასის გათამაშების საშინაო მატჩებს მცხეთაში
გამართავს. ერთხელაც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტში ჩვენი პარტნიორები
არიან უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
- კლუბის ხელმძღვალელობა რა კონკრეტულ მიზნებს უსახავს ვიტ ჯორჯიას 2010-11 წლების სეზონში?
- თასი
და სუპერთასი - ვიტ ჯორჯიამ ორივე ტიტული უნდა შეინარჩუნოს. გარდა ამისა,
შეგვწევს ძალა ვიბრძოლოთ საპრიზო ადგილებისთვისაც ეროვნულ ჩემპიონატში.