რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე გროზნოს "ტერეკმა" სანაკრებო პაუზა ამხანაგური მატჩისთვის გამოიყენა. ლევან გვაზავას გუნდი ქვედა ლიგაში მოასპარეზე პიატიგორსკის "მაშუკს" გაეჯიბრა და 2:0 მოუგო. გვაზავა გროზნოელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდეც ითამაშა, მეტიც - ლევანმა საგოლე პასი მიითვალა. მე-60 წუთზე გვაზავამ ფლანგიდან სოლორეიდი განახორციელა, გზად მეურვეები ჩამოიცილა და ზუსტი პასით თანაგუნდელი სადაევი მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
შეგახსენებთ, რომ გვაზავამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, მაგრამ მშობლიური ქვეყნის პასპორტის დაბრუნება მისმა მოსალოდნელმა ტრანსფერმა შეაფერხა. როგორც თავად ფეხბურთელმა გვითხრა, მიმდინარე სეზონის ბოლოს "ტერეკთან" კონტრაქტის ვადა ეწურება და სხვა კლუბში სურს კარიერის გაგრძელება. ახალ გუნდში ტრანსფერისას კი რუსეთის მოქალაქეობა იმისთვის სჭირდება, რომ ლეგიონერებზე არსებული ლიმიტის გამო უცხოელად არ ჩაითვალოს. გვაზავას "ტერეკმა" 23 მატჩში 31 ქულა მოაგროვა და ცხრილში მე-8 ადგილზეა. უახლოესი ტურის მატჩში გროზნოელები კვირას, 17 ოქტომბერს მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლებენ.
რუსეთში მოასპარეზე კიდევ ერთ ჩვენებურზე უნდა გამცნოთ. ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველი მეგოლე ოთარ მარცვალაძე დაშავებულია. ქართველი ფორვარდის ტრავმის გამო წუხილი კლუბის პრეზიდენტმა ალექსანდრ გოიხმანმა პრესასთან საუბარშიც გამოთქვა. მისი თქმით, ბოლოს ჩატარებული მატჩის შემდეგ მარცვალაძე მუხლის ტკივილმა შეაწუხა. პირველადი ინფორმაციით, ოთარის ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. თუმცა რამდენ ხანს მოუწევს ჩვენებურს იძულებით დასვენება, ამის შესახებ, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ერთი რამ კი ცხადია, ნიჟნინოვგოროდელებს 14 ოქტომბერს ბრიანსკის "დინამოს" წინააღმდეგ ქართველი თავდამსხმელის გარეშე მოუწევთ თამაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პირველ დივიზიონში მარცვალაძე 27 მატჩში გატანილი 15 გოლით ბომბარდირებში მოწინავეთა შორისაა, "ვოლგა" კი 32 თამაშში მოპოვებული 60 ქულით მეორე ადგილზეა.
საფრანგეთი მაკარიძემ ლე მანს მოაგებინა
საფრანგეთის მეორე ლიგაში დაქვეითების შემდეგ მცველმა ამირან სანაიამ კლუბის შეცვლა გადაწყვიტა. შესაბამისად, "ლე მანში" ერთადერთი ქართველი დარჩა - მეკარე გიორგი მაკარიძე. სანაიაზე ქვემოთ გამცნობთ, მანამდე კი მაკარიძეზე გეტყვით. სანაკრებო პაუზისას "ლე მანი" ამხანაგურად გაეჯიბრა მთავარი ლიგის ლიდერ "რენს". მაკარიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთის განმავლობაში იცავდა კარს. მეორე ტაიმიდან "რენმა" დუბლების ფეხბურთელებით ითამაშა, მანამდე კი ის ფეხბურთელები ჰყავდა, რომლებიც ნაკრებებში არ იყვნენ გამოძახებული.
"რენმა" ჩვენებურის გუნდს პირველი ტაიმი 1:0 მოუგო. თუმცა ფრანგული ვებგვერდების ცნობით, მაკარიძეს რომ არ ემარჯვა, სხვაობა უფრო სოლიდური იქნებოდა - 25-ე და 37-ე წუთებზე მან გუნდი ასპროცენტიანი გოლებისგან იხსნა. შესვენების შემდეგ კი "რენმა" ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ჩვენებურის გუნდმაც გაილაღა, 4 ბურთი გაიტანა და მთავარი დივიზიონის ლიდერი 4:1 დაამარცხა. ცნობისთვის, გიორგი მაკარიძის "ლე მანი" 13 ქულით მე-9 ადგილზეა და პარასკევს, 15 ოქტომბერს "კლერმონს" მასპინძლობს.
რაც შეეხება, მაკარიძის გუნდიდან წასულ ამირან სანაიას. ის გერმანიის მეორე ბუნდესლიგის აახენის "ალემანიაში" იყო ტესტირებაზე და ორ ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშა. თუმცა სანაიას შესახებ, ჯერჯერობით სხვა ინფორმაციას არ ვფლობთ.
გერმანია ღვინიანიძე ობერჰაუზენში თითქმის გამორიცხულია
ეროვნული გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ, მალტასთან და ლატვიასთან მატჩებისთვის, სხვებთან ერთად ნაკრებში მათე ღვინიანიძეც გამოიძახა. "მიუნხენ 1860"-ის მცველი ტრავმირებული იყო, მაგრამ თბილისში მაინც ჩამოვიდა და ნაკრების ექიმ დიმიტრი ზაალიშვილთან გაიარა კონსულტაცია. ზაალიშვილმა "ლელოსთან" საუბარში მაშინვე აღნიშნა, რომ ღვინიანიძეს რთული ტრავმა ჰქონდა, კერძოდ მუცლის ირიბი კუნთი ძლიერ ჰქონდა დაზიანებული. შესაბამისად, მათე სანაკრებო შეკრებიდან გაათავისუფლეს და ისიც მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად გერმანიაში გაბრუნდა. როგორც ირკვევა, მათე უკეთ არის, მაგრამ ჯერაც არ შეუძლია თამაში. მის გარდა, მიუნხენელთა კიდევ 4 ფეხბურთელია დაშავებული. ტრავმირებულთა სიმრავლის გამო "მიუნხენ 1860"-ის მთავარმა მწვრთნელმა რაინერ მაურერმა "კრაკოვიასთან" ამხანაგური მატჩი გადადო.
ღვინიანიძის გუნდი 13 ქულით მე-6 ადგილზეა და უახლოეს ტურში 17 ოქტომბერს ობერჰაუზენის "როტ ვეისს" სტუმრად ეთამაშება. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ობერჰაუზენში ქართველი მცველის თამაში თითქმის გამორიცხულია.
აზერბაიჯანი ადამიამ ლიდერი გოლით დასაჯა
გიორგი ადამიას "ყარაბაღმა" აზერბაიჯანული პრემიერლიგის ლიდერ ბაქოს "ნეფთჩისთან" ამხანაგური მატჩი გამართა. სანაკრებო პაუზის გამო, ორივე გუნდს ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები აკლდნენ. "ნეფთჩიში" არ უთამაშია ნახევარმცველ ლადო ბურდულს. მართლია, მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ დაძაბულად კი წარიმართა და მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, 35-ე წუთზე გიორგი ადამიას მიერ გატანილი ბურთით "ყარაბაღმა" ბაქოელები 1:0 დაამარცხა. ადამიას "ყარაბაღი" 11 ქულით მე-6 ადგილზეა. ჩვენებურის გუნდი 17 ოქტომბერს უმასპინძლებს ბაჩანა ცხადაძის "სიმურგს", რომელიც ბოლო ადგილზეა.
დავით ცაბაძე
|