"იუთუბიზე" საინტერესო ჩანაწერი გავრცელდა: რუსეთში ცნობილი და გავლენიანი
საფეხბურთო აგენტი, "სოვინტერსპორტის" დამფუძნებელი ვალერი აბრამოვი
"სოვეტსკი სპორტის" საპრესკონფერენციო დარბაზში რუსული ფეხბურთის ვეტერანს,
გაზეთის ექსპერტ ევგენი ლოვჩევს ესტუმრა და საკმაოდ ვრცელი საუბრისას
ნოვი სადის "ვოევოდინას" ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი
მერებაშვილიც ახსენა, ახლახან სერბეთში ვნახე ქართველი ფეხბურთელი
მერებაშვილი, ნიჭიერი ბიჭია და მისით ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა"
დაინტერესდაო.
ბოლო დროს 24 წლის ქართველი ნოვი სადის "ვოევოდინას"
ლიდერი გახდა და მისით რუსული კლუბის დაინტერსება არ გაგვიკვირდებოდა,
მაგრამ... აბრამოვის განცხადების პარალელურად "ლელოს" უთხრეს, რომ
მერებაშვილით ხუთი გუნდი დაინტერესდა, რომელთაგან მხოლოდ ორი დაგვისახელეს -
თითქოს მისი დაბრუნება თბილისის "დინამოს" სურს, შოტლანდიის ერთ-ერთი
ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "რეინჯერსი" კი ისეა დაინტერესებული, თავისი
სელექციონერი ქართველზე დასაკვირვებლად "ვოევოდინას" ბოლო თამაშებზე
მიავლინაო.
დანარჩენი სამი კლუბი არ დაგვიკონკრეტეს, ზოგადად
გვითხრეს, გერმანული, ესპანური და რუსული კლუბებია, გიორგი კი სერბეთს
ზაფხულში აუცილებლად დატოვებსო.
მართალია თუ არა ეს ამბავი, ამის თაობაზე გიორგი მერებაშვილს სერბეთში დავუკავშირდით.
- მართალია, თითქოს ზაფხულში სერბეთიდან მიდიხარ? - რამდენიმე კლუბი მართლაც დაინტერესდა ჩემით.
- გვითხრეს, თითქოს დაინტერესებულია გლაზგოს "რეინჯერსი", გერმანული, ესპანური, რუსული კლუბები და თბილისის "დინამო". -
"რეინჯერსიც" და თქვენს მიერ დასახელებული ვარიანტებიც შემომთავაზეს, პლუს
ისრაელის კლუბი, კონკრეტული გუნდებიც ვიცი, მაგრამ ჯერ მათ დასახელებას
მოვერიდები.
- რომელ ქვეყანაში გადასვლა გირჩევნია? -
ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. ეს მხოლოდ ჩემს სურვილზეც არ არის
დამოკიდებული. რადგან "ვოევოდინასთან" კონტრაქტი ჯერ არ დასრულებულა.
სერბეთს მართლაც კარგად შევეწყვე, გუნდში კარგი ატმოსფეროა, მენდობიან და
თან ისეთი გარემოა, უნდა ითამაშო - აღდგენები, ვიტამინები, პირობები ძალიან
კარგია.
- "რეინჯერსში" კონტრაქტი რომ შემოგთავაზონ, დიდ ბრიტანეთში შრომის ვიზის ასაღებად საკმარისი სანაკრებო პროცენტი გეყოფა? - მე მგონი საკმარისი პროცენტი მაქვს.
- რუსმა მენეჯერმა "ვოლგაც" ახსენა. -
ეს ერთადერთი არასწორი ინფორმაციაა. მეც ვიცი, რომ ამაზე რუსმა მენეჯერმა
აბრამოვმა "სოვეტსკი სპორტთან" ილაპარაკა. ის ნოვი სადში იყო ჩამოსული და
გუნდის ბაზაზე გავიცანი. ვილაპარაკეთ და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
თუმცა თანამშრომლობაზე არაფერი გვითქვამს. ისე, რუსულ კლუბში მართლა
მიწვევენ, მაგრამ ეს გუნდი "ვოლგა" არ არის.
- აბრამოვი რატომ გელაპარაკა? -
ჩვენთან, ბაზაზე რომ იყო, ამ დროს ფეხი მტკიოდა, ვისვენებდი და
გამომელაპარაკა. მერე გავიგე, რუსეთში დიდი გავლენა ჰქონია, მოსკოვის
"სპარტაკთან" თანამშრომლობს. ეტყობა, დამიმახსოვრა, ჩემი თამაშიც ნახა და
მიხარია, კარგად რომ დამახასიათა.
რაც შეეხება ჩემს შესაძლო
ტრანსფერს: ევროპაში თამაში უფრო მსურს და იმედია, ასეც მოხდება. ისე,
"დინამოს" დაინტერესებამაც ძალიან გამახარა. თურმე საქართველოში კიდევ
არიან ადამიანები, რომლებიც მაფასებენ...