შვეიცარიულ ნიონში დღეს გამართული უეფას ევროპის
ლიგის 2010-2011 წლის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის
კენჭისყრის შედეგად გაირკვა "ზესტაფონის" პირველი მეტოქის ვინაობა -
იმერლები ორრაუნდიან ”დუელში” სან-მარინოს წარმომადგენელ "სოსიეტა კალჩო
ფაეტანოს” დაუპირისპირდებიან.
ქართულ-აპენინური დაპირისპირების პირველ შეხვედრას დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონი 1 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი 8 ივლისს ფაეტანოში გაიმართება.
აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ "ფაეტანო” შექმნილია 1962 წელს. გუნდს, სხვადასხვა წლებში, 3-3-ჯერ აქვს მოპოვებული ქვეყნის ჩემპიონის წოდება და სან-მარინოს თასი.
გია გეგუჩაძე: "
ფავორიტები ჩვენ ვართ და ეს პირველი ეტაპი გასავლელია. აუცილებელია, რომ
სერიოზულად მივუდგეთ საქმეს, თორემ არასერიოზული მიდგომით, ბევრჯერ
გვქონია არასასურველი შედეგი. ამიტომ, თუნდაც სან მარინოს გუნდი გვყავს
მეტოქედ, მასაც სათანადო განწყობით უნდა მივუდგეთ." - "ფაეტანოს" შემდეგ, სლოვაკური "დუკლა" გელით.
- ამ მეტოქესთან სასურველი იყო პირველი მატჩი გასვლაზე გვქონოდა. თავად
გუნდს რაც შეეხება, მასზე ჯერ რაიმეს თქმა გამიჭირდება - მით უფრო,
ზაფხულში ყველა გუნდი სახეს იცვლის. - შეკრებაზე გუნდში როგორი განწყობაა? - გუნდი
გეგმის მიხედვით ემზადება, მასში კორექტივების შეტანა არ დაგვჭირვებია.
აქ, ავსტრიაში საკმაოდ ცივი ამინდი გაგვიხდა, რაც სავარჯიშოდ და
სათამაშოდ, წელიწადის ამ პერიოდში ცუდი ნამდვილად არაა. დასასვენებლადაც
და მოსამზადებლადაც, აქ საუკეთესო პირობებია. კონდიციებზე თუ ვისაუბრებთ,
გუნდი ჯერ სრულად არაა მზად, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი
დამაკმაყოფილებელია. ("მსოფლიო სპორტი")
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
|