ხუთშაბათს, 1 ივლისს, "ზესტაფონს" ევროპის ლიგის 2010-11 წლების
სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სან მარინოს "ფაეტანოს"
უმასპინძლებენ. გუნდი, სტადიონი და ქალაქი მატჩს დიდი ინტერესით ელის,
მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის სახელი ბევრს არაფერს გვეუბნება. გია
გეგუჩაძის გუნდმა ევროტურნირებისა და ახალი სეზონისთვის მზადების
დასკვნითი რაუნდი ავსტრიაში ჩაატარა. იმერლები უკვე 4 დღეა, რაც მშობლიურ
ქალაქში ემზადებიან. ზესტაფონელებმა უეფაში განაცხადი 22 ფეხბურთელზე
გააგზავნეს: მეკარეები - 1. როინ კვასხვაძე, 12. ზურაბ მამალაძე, 25. გიორგი კიკაბიძე;
მცველები - 4. გიორგი ონიანი, 5. მამუკა კობახიძე, 13. კარენ მაკარიანი, 16. გიორგი ხიდეშელი, 20. ზაალ ელიავა; ნახევარმცველები
- 7. ალექსი ბენაშვილი, 8. მურთაზ დაუშვილი, 10. ირაკლი ძარია, 17.
თორნიკე გორგიაშვილი, 18. თორნიკე აფციაური, 19. შოთა გრიგალაშვილი, 21.
გიორგი მიქაბერიძე, 22. გიორგი ცხადაია, 27. შოთა ბაბუნაშვილი; თავდამსხმელები - 9. ნიკოლოზ გელაშვილი, 11. ჯაბა დვალი, 14. საბა ლომია, 15. ნიკოლოზ ჩიხლაძე, 33. გოგი ფიფია. გაცნობებთ
იმასაც, რომ უკვე სამი დღეა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს მცველი კახა
ალადაშვილი. ეს ფეხბურთელი, რომელიც 11 აგვისტოს 27 წლის ხდება,
კონტრაქტით მახაჩყალის "ანჟის" ეკუთვნის, მაგრამ ამ კლუბში ბოლოს თამაში
არ უწევდა. გასულ ზამთარს ალადაშვილი სამარის "კრილიაში" გამოჩნდა და
საკონტროლო მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამ კლუბში მისი ტრანსფერი
არ შედგა. ალადაშვილს ეროვნულ ნაკრებში 2005-06 წლებში 7 მატჩი აქვს
ჩატარებული. როგორც გავიგეთ, იმერელთა კლუბში ალადაშვილის
დარჩენა-არდარჩენის საკითხი ამ დღეებში გადაწყდება. თუ ალადაშვილი
"ზესტაფონში" ჩაირიცხა, მაშინ ევროპის ლიგის მომდევნო საკვალიფიკაციო
ეტაპისთვის მას უეფას განაცხადშიც შეიყვანენ. გაცნობებთ იმასაც, რომ
ევროტურნირებისთვის ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" სარემონტო სამუშაოები
უკვე ჩატარდა და ყველაფერი მწყობრშია. ახალი კონსტრუქცია დამონტაჟდა
მწვრთნელებისა და სათადარიგო მოთამაშეთა განსათავსებლად. აღმოსავლეთ
ტრიბუნაზე გასულ სეზონში დაზიანებული წითელი ფერის სკამები გამოიცვალა და
თეთრი ფერის ინდივიდუალური სავარძლებ დამონტაჟდა. სკამები შეიცვალა
VIP-სექტორშიც და ახალი სავარძლები ფერითა და განლაგებით "ზესტაფონის"
დროშის კომბინაცია შედგა. რაც შეეხება მეტოქეს. "ფაეტანო" გუშინ
ნაშუადღევს, ჩარტერული ავიარეისით ბათუმში ჩამოფრინდა და იქვე, სასტუმრო
"შერატონში" დაბინავდა. გუნდი, რომელსაც სერენა ურალდი წვრთნის, გასულ
სეზონში სან მარინოს პირველობის B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი
ოფში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ბოლო ეტაპზე ოქროსმედალოს "ტრე ფიორესთან"
დამარცხდა. მეტოქე გუნდის თავკაცმა სერენა ურალდიმ საქართველოში
გამოფრენამდე სან მარინოს ტელევიზიასთან საუბარში ასეთი კომენტარი გააკეთა: "ზესტაფონის"
სახით ძლიერი მეტოქე რომ გვერგო, ამაზე ამ გუნდის, ევროტურნირებზე
შარშანდელი სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. ქართული გუნდი ავსტრიაში
მზადებისას ძლიერ გუნდებს ეთამაშა და კარგად არის მომზადებული. მეტოქეზე
ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ფავორიტად სწორედ მოწნააღმდეგ მიიჩნევა.
ჩვენი მიზანია გასვლით შეხვედრაში კარგად წარმოვჩნდეთ და მომდევნო რაუნდში
გასვლის შანსი საპასუხო მატჩამდე შევინარჩუნოთ. გამოცდილ მოთამაშეებთან
ერთად, საქართველოში 5 ახალგაზრდა ფეხბურთელი მიგვყავს. თუ შესაძლებლობა
იქნება, მინდა მათ საერთაშორისო მატჩების გამოცდილება მიიღონ. იმედი მაქვს
ჩვენი გუნდის დაცვა და მეკარე ლუკა დიმეტო ღირსეულ წინააღმდეგობას
გაუწევენ მეტოქეს", - იმედოვნებს "ფაეტანოს" თავკაცი სერენა ურალდი. დაბოლოს,
ისევ სანმარინოელებთან მატჩზე ვთქვათ. "ზესტაფონისა" და "ფაეტანოს" მატჩი
1 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 20 საათზე დაიწყება. ამ
თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 (აღმოსავლეთ ტრიბუნაზე) და 7 (დასავლეთ
ტრიბუნაზე) ლარია. შეხვედრას სერბი მსაჯები გაუზღვებიან. მატჩის არბიტრი
ვლადო გლადიოვიჩი იქნება.
|