საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი დავით მუჯირი იაპონიის ჯეი-ლიგის
"სანფრეჩე ჰიროსიმაში" ვარჯიშობს. დათო იაპონიაში ხუთი დღეა იმყოფება, ჯერ
კლუბში არ ჩარიცხულა და სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, კონტრაქტი კი,
ფაქტობრივად, შეთანხმებულია. გამოცდილი ქართველი იაპონიაში მიხაილო
პეტროვიჩმა მიიწვია, რომელიც დათოს გრაცის "შტურმში" ავარჯიშებდა.
იაპონიამდე
მუჯირი თბილისის "დინამოში" დარჩენას იმედოვნებდა. ამბობენ, არც ისე
ზღაპრულ ხელფასს ითხოვდა, როგორი ხმებიც გავარდა და, დანამდვილებით ვიცით,
კარიერის მშობლიურ კლუბში დასრულება სურდა. როგორც იქნა, ოჯახით სამშობლოში
დაბრუნდა და ისევ უცხოეთში მიბრუნებაზე აღარ ფიქრობდა, ელოდა "დინამოს"
წინადადებას, მაგრამ მერე რა მოხდა, ჩვენთვის უცნობია.
სხვათა
შორის, "დინამოს" მოლოდინში დათოს შვეიცარიაში იწვევდნენ და ეს "ლელოს"
კლუბის დაუსახელებლად თავად უთხრა. შევიტყვეთ, რომ მუჯირით დაინტერესებული
უცნობი კლუბი "ბელინცონა" იყო. შვეიცარიის უმაღლესდივიზიონელი 32 წლის
ფეხბურთელს კონტრაქტს გასინჯვის გარეშე სთავაზობდა, მაგრამ უცებ გამოჩნდა
"სანფრეჩე ჰიროსიმა", რომელმაც ბევრად უკეთესი პირობები შეთავაზა.
იაპონიის
ლიგა ბოლო წლებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და სოლიდური
გახდა, ამას ნაცნობი მწვრთნელი დაემატა და მუჯირსაც დასაფიქრებელი არაფერი
ჰქონდა.
|