ღირსეულ ოჯახში აღზრდილი და ლამაზი ცოლ–შვილის პატრონი, ახლობლები და მეგობრები თავს რომ ევლებიან და თანაც საქმიანობის სფეროდ თავიდანვე ფეხბურთი აქვს არჩეული, დაღვინების ასაკში შესვლას სიხარულით უნდა ელოდებოდეს და ეჭვიც არ გვეპარება სწორედ ამ განწყობით ხვდება 2 ოქტომბერს, დაბადების 55–ე წელს ჩვენი რეზო ჩელებაძე!
ქობულეთის „შუქურა", ბათუმის „დინამო", ლანჩხუთის „გურია", თბილისის „დინამო" რომლის შემადგენლობაში ცხრა სეზონი ითამაშა და 87 გოლი გაიტანა, მოიპოვა სსრკ–ს ჩემპიონატის ბრინჯაოს – ორი, ვერცხლისა და ოქროს მედლები. 1976 წლის 3 სექტემბერს საკავშირო თასის ფინალში ერევნის „არარატთან" ჯერ რეზოს შეტევასა და პასს დათო ყიფიანის გოლი მოჰყვა, შემდეგ ფირუზ კანთელაძის პენალტი და მერე კი ჩელეს მესამე გოლი და „დინამოს" პირველი თასი!
ანდა 1980 წლის 15 ივნისი, როცა რიო–დე–ჟანეიროში „მარაკანას" გახსნის 30 წლისთავზე, სსრკ–ს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში ჩივაძე, სულაქველიძე და ჩელებაძე თამაშობდნენ, 130000 მაყურებლის თვალწინ 2–1 დაამარცხა ნელინიოს, ჟუნიორის, სერეზოს, სოკრატესის, ზიკოს ბრაზილიის ნაკრები.
მაგრამ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი იუბილარისათვის ნაადრევია წარსულის შეხსენება, მით უმეტეს, რომ ეს საფეხბურთო სტატისტიკოსების საქმე უფროა.
დღეს კი ხმამაღლა ვიტყვით: ძმაო რეზო! საფეხბურთო მოედანზე თუ მის გარეთ ერთად გატარებული წუთები და დღეები ჩვენთვისაც დაუვიწყარია, ისე, როგორც შენს მიერვე შეთხზული ანეკდოტური სიტუაციები, რომელთა „გმირი" თვითონვე ხარ. ახლა იმასაც კი ვფიქრობთ, რომ ჩელე–პელე შენივე მოგონილია, ალბათ იმიტომაც, რომ პელეც ოქტომბერშია დაბადებული, თუმცა 15 წლით ადრე, მაგრამ ოქტომბრის ბოლოს და არა 2 ოქტომბერს, რომლის გათენებას შენი მეგობრები ერთი დღით ადრე გილოცავთ!
დ. ქლიბაძე
|