ყაზახეთის "აქტობეს" შემადგენლობაში, არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი
თამაშობს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ანდრეი კარპოვიჩია. 29
წლის საყრდენ ნახევარმცველს, ერთ დროს მოსკოვის ''დინამოშიც'' უთამაშია და
არც სანაკრებო გამოცდილება დაეწუნება - ორმოცამდე მატჩი ყაზახეთის
ნაკრებში ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.
ემილ კენჟისარიევისგან განსხვავებით (რომლის კომენტარიც უკვე
შემოგთავაზეთ), ყაზახურ პრესასთან, მან შედარებით ფრთხილი კომენტარი
გააკეთა რუსთავის "ოლიმპთან" მომავალ დაპირისპირებაზე :
- ანდრეი, წილიყრის შედეგებს როგორ შეაფასებდით ?
- ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იქნებოდა ჩვენი
მეტოქე. თუმცა, რა თქმა უნდა, მინდოდა რომელიმე ევროპული კლუბი
შეგვხვედროდა, რათა იქ წავსულიყავით, სადაც ჯერ არ ვყოფილვართ. (როგორც ჩანს, ანდრეი ფეხბურთთან ერთად, ტურიზმითაცაა გატაცებული. ავტ.)
- "ოლიმპის" შესახებ რა იცით ?
- პრაქტიკულად არაფერი. ბიჭები ამბობდნენ,რომ რამოდენიმე წლის წინ ამ
კოლექტივის წინააღმდეგ "ასტანამ" იასპარეზა.მაშინ, ჩვენმა დედაქალაქურმა
გუნდმა დამაჯერებლად გაიარა ეს ბარიერი. თუმცაღა, ახლა გაურკვეველია
როგორ თამაშობს ეს გუნდი, რა შემადგენლობა ჰყავს. ერთი რამ ცხადია -
ევროთასებზე სუსტი მეტოქე არ არსებობს !
- რა არის "აქტობეს" მიზანი მომავალ ჩემპიონთა ლიგაში ?
- ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად, კლუბის ხელმძღვანელობას არაფერი
დაუვალებია ჩვენთვის, მაგრამ გეგმები ამბიციური გვაქვს. ჩემპიონთა ლიგის
სტარტის მოახლოებისას, შესაძლებელი იქნება ამაზე უფრო კონკრეტულად საუბარი.
goli.ge
|