ალექსანდრე ამისულაშვილმა რუსეთს თავი დააღწია და კარიერას თურქეთში
გააგრძელებს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებული ცენტრალური მცველის
საკითხი უკვე გადაწყვეტილია, რაც გუშინ ამისულაშვილთან დაახლოებულმა
წყარომ გვაცნობა.
როგორც ცნობილია, 27 წლის ქართველი მცველის
გადაბირებით რუსეთის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მათ შორის,
გროზნოს `ტერეკი~ და სამარის `კრილია სოვეტოვი~. თუმცა, გუშინ თითქოს პირი
შეკრესო, ორივე მათგანმა ქართველი მცველის მიმართ ინტერესი კატეგორიულად
უარყო.
`ჩვენი ზაფხულის სატრანსფერო გეგმები ღიად განვაცხადეთ, რომ
ცენტრალური მცველისა და ჰავბეკის შეძენა გვსურდა. ეტყობა, ამის გამო მედიამ
ჩათვალა, რომ ამისულაშვილისა და ალექსანდრე ბელოზეროვის აყვანას
ვაპირებდით. ორივე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ მომენტისთვის არც ერთ
მათგანთან კონტრაქტის გაფორმება არ იგეგმება~, - განაცხადა `ტერეკის~
პრესატაშე ყაზბეგ ხაჯიევმა.
ანალოგიური განცხადება `კრილია სოვეტოვის~
ბანაკიდანაც გაისმა. ჩეჩნეთში რუსების დაფუძნებული კლუბის პრესსამსახურის
განცხადებაში გარკვევით იყო მინიშნებული, რომ ამისულაშვილი კარიერას
სავარაუდოდ თურქეთში გააგრძელებდა. უფრო მკვეთრი გახლდათ სამარაში
გამომავალი გაზეთის, `ვოლჟსკაია კომუნას~ ინფორმაცია: `როგორც ჩანს,
`კრილიაში~ ქართველი მცველის ალექსანდრე ამისულაშვილის გადასვლის თემა
საბოლოოდ დაიხურა. ნალჩიკის `სპარტაკში~ გამოსვლით ცნობილი ფეხბურთელმა
ერთ-ერთ თურქულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა~.
ალბათ, ყველაფერი
გასაგებია: დანამდვილებით ვიცით, ორივე კლუბი ამისულაშვილის გადაბირებით
დაინტერესებული იყო, მაგრამ ხელი მოეცარათ და ახლა საწინააღმდეგოს ამაყად
ამტკიცებენ. რას ვიზამთ, ეს ფეხბურთში მიღებული და დამკვიდრებული საკლუბო
ამპარტავნობაა.
ქართველი მცველი კი ამჟამად ანთალიაში იმყოფება და
როგორც შევიტყვეთ, `ქაისერთან~ პირადი კონტრაქტი შეათანხმა. კლუბში, რომლის
მთავარი მწვრთნელიც შოთა არველაძე გახდა, ალეკო ამისულაშვილი უახლოესი 2
წლის განმავლობაში ითამაშებს. `ქაისერი~ ამისულაშვილის კარიერაში მეათე
კლუბი იქნება.
ცნობილი გერმანული ინტერნეტპორტალის `ტრანსფერმარკტის~
შეფასებით, ალეკო ამისულაშვილის სატრანსფერო ფასი 1,1-დან 1,2 მილიონ
ევრომდე მერყეობს. სხვათა შორის, `სპორტ-ექსპრესის~ ინფორმაციით, 2007 წლის
ნოემბერში ვლადივოსტოკის მცხოვრები გოგონას მიერ ამისულაშვილის წინააღმდეგ
წამოწყებული სასამართლო პროცესი საბოლოოდ შეწყდა. გამოძიებამ 25 წლის
ვლადივოსტოკელი ალისას ჩვენების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის
აღძვრა მიზანშეუწონლად მიიჩნია, რადგან გოგონა წინააღმდეგობრივ ჩვენებას
იძლეოდა და საფუძვლის არქონის გამო საქმე შეწყდა. საბოლოოდ დადგინდა, რომ
25 წლის მეძავი ცნობილი ფეხბურთელისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა და
სწორედ ამ მოტივით დააბრალა გაუპატიურება.