საქართველოს ნაკრებმა მალტისა და ლატვიის გუნდებთან საოქტომბრო
მატჩებისთვის მზადება დაიწყო. თემურ ქეცბაიამ ცენტრალური მცველი ალეკო
ამისულაშვილი კვლავ გამოიძახა. ამისულაშვილი თურქეთის სუპერლიგის კლუბ
"ქაისერში" ამ ზაფხულს ჩაირიცხა. ის წლების განმავლობაში თამაშობდა რუსეთის
პრემიერლიგაში და საინტერესო უნდა იყოს მისი აზრი - ამ ორი ქვეყნის
პირველობიდან რომელია უკეთესი?
- რუსეთის შემდეგ თურქული ლიგის დონე თუ მოგეწონათ? -
თურქეთი ძალიან მომეწონა. იქაურ ფეხბურთში სასიამოვნო საფეხბურთო
ვითარებაა. მაგალითად, გულშემატკივრობა რუსეთისაზე ბევრად ემოციური და
უკეთესია. ტრიბუნები თითქმის სულ სავსეა და თამაშიც მიხარია. გუნდსაც
კარგად აეწყო საქმე და მესამე ადგილზე ვართ. ასეთი შედეგი "ქაისერისგან"
მოულოდნელი იყო გულშემატკივრებისთვის. ლიდერ გუნდში თამაში კი ბევრად უფრო
სასიამოვნოა, ვიდრე იქ, სადაც გამუდმებით გადარჩენისთვის გიწევს ბრძოლა.
ასე იყო წლების განმავლობაში ნალჩიკის "სპარტაკში". მთლიანობაშიც, თურქეთში
მაღალი დონის ჩემპიონატია და ეს ძალიან მომწონს. - თუმცა საეჭვოა, ფინანსურად რუსეთისას სჯობდეს... -
იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ჩამორჩება. შესაძლოა, რუსეთის გუნდებს ოდნავ მეტი
ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდეთ, ოღონდ, ლიდერებს ვგულისხმობ. როგორც
ვიცი, უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი კლუბები დაახლოებით ერთ დონეზე არიან. - საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი სად უფრო მეტია? -
თავისი პლუს-მინუსი ორივეს აქვს. ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომელი სჯობია.
მთავარია, რომ საკმაოდ მაღალი ჩემპიონატიდან არანაკლებში მოვხვდი. ოდნავი
უპირატესობა რუსეთს შეიძლება მივანიჭოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაში სამი
გუნდი ჰყავს, თურქეთს კი ორი. ამ მხრივ თუ შევხედავთ, ეს გარკვეულ
სხვაობაზე მეტყველებს. - თუმცა თურქეთში ნაკლები მგზავრობა მოგიწევს და თვითმფრინავში ცხოვრებაც აღარ მოგიწევს. -
თურქეთში ამისგან ნამდვილად დავისვენე. რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა,
თურქეთის ყველაზე შორეულ ქალაქში მოსახვედრად კი, მაქსიმუმ, 2 საათი თუ
გვჭირდება. ეს მართლა სერიოზული შეღავათია... რუსეთში 6-7 საათია
გვიფრენია, 9 საათიც კი. ამდენი ხანი თვითმფრინავში, თანაც სისტემატურად,
ძნელი გასაძლებია. - როგორია შოთა არველაძის მიმართ გულშემატკივრის დამოკიდებულება? -
დიდით დაწყებული, პატარით დამთავრებული, ყველა იცნობს და დიდ პატივს
სცემს. სადაც არ უნდა შევიდეს, რომელ ქალაქშიც არ უნდა ჩავიდეს, მის მიმართ
უდიდეს პატივისცემას ყველგან ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ თურქეთში
დიდი სახელი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს
გადააჭარბა. ასეთ სიყვარულს ნებისმიერი ფეხბურთელი და მწვრთნელი ინატრებდა. - ქაისერში თქვენი მაისურები იყიდება? -
იყიდება, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ბევრს აცვია. ტრაბზონში ფეხბურთის
გაცილებით უფრო მეტი სიყვარული აქვთ, სტამბოლზე ლაპარაკიც არ ღირს, ეს
ქალაქები ფეხბურთელებისთვის სამოთხეა. მთელ ქალაქს ფეხბურთზე აბოდებს. ისე,
ქაისერი ახალი და საკმაოდ ლამაზი ქალაქია. - ბოლოს ნაკრებზეც
ვთქვათ - დებიუტანტი არ ხარ, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში
კუპერი არ გიწვევდათ და ფეხბურთელებთან სათამაშო ენის პრობლემა ხომ არ
გაგიჩნდათ? - ბოლო ხუთი წელია ნაკრებში, ფაქტობრივად, არ
მითამაშია და გეთანხმებით, ამხელა პაუზის შემდეგ გუნდში დაბრუნება იოლი არ
უნდა ყოფილიყო. თუმცა ბიჭებთან პრობლემა არასდროს მქონია. თემურ ქეცბაიას
დანიშვნის შემდეგ, ნაკრებში მიწვევენ, სისტემატურად მათამაშებენ და არა
მგონია, ურთიერთგაგების პრობლემა არსებობდეს.
მერაბ მამულაშვილი
|