რამდენიმე დღის წინ "კოლხეთის" პრეზიდენტმა თემურ ბარქაიამ იმ ფეხბურთელების გვარები დაასახელა, რომლებიც, სავარაუდოდ, ახალ სეზონში გუნდში იასპარეზებდნენ. თუმცა, როგორც გაირკვა, ყველა მათგანთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ "კოლხეთში" უნდა ეასპარეზა "სიონის" გოლკიპერ მინდია ბობღიაშვილს, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ბობღიაშვილიც
ბოლნისში დარჩა. სანაცვლოდ, ფოთელებმა ოზურგეთის "მერცხალიდან" ვეტერანი
კიპერი ლევან ლატარია დაიმატეს, რომელიც ზღვისპირელთა შემადგენლობაში
რამდენიმე სეზონის წინაც ასპარეზობდა.
ვერ შედგა ასევე რუსთაველი გიორგი ხიდეშელისა და
უზბეკეთის ჩემპიონატში მოთამაშე მამუკა ღონღაძის ტრანსფერიც. ამ
უკანასკნელმა საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობას ლატვიაში გადაბარგება
ამჯობინა.
ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება ფოთელებმა მარტვილელი
ცოტნე ბუკიასა და ბოლნისელი გიორგი სილაგავას ხარჯზე გადაწყვიტეს..
მცველის პოზიციაზე კი გუნდმა ზუგდიდელი ზურაბ ექონია და რუსთაველი ოლეგ
გველესიანი დაიმატა.
ერევნის "ულისეს" ფორვარდი გიორგი კრასოვსკი კი გუნდს სავარაუდოდ 10 ივლისისთვის შეუერთდება.
ბოლო მოეღო ასევე თავდამსხმელ დავით ციცხვაიას შესაძლო
ტრანსფერთან დაკავშირებულ ხმებს ქუთაისის "ტორპედოში". როგორც კლუბის
ხელმძღვანელობამ განაცხადა, ფეხბურთელს გუნდთან მოქმედი კონტრაქტი
აკავშირებს, რომლის დარღვევასაც არც ერთი მხარე არ აპირებს.
აქვე დავამატებთ, რომ ფოთელები კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებენ, სავარაუდოდ ცენტრალური მცველისა და ფორვარდის პოზიციებზე.
რაც შეეხება შეკრებასა და ამხანაგურ შეხვედრებს.
გაირკვა, რომ 3 ივლისს ფოთელები რუსთავის "ოლიმპის" წინააღმდეგ მოსინჯავენ
ძალებს, 7 ან 8 ივლისს კი "გაგრას" გაეჯიბრებიან. მესამე საკონტროლო
შეხვედრა 11 ივლისს, ქუთაისში, "ტორპედოს" წინააღმდეგაა დაგეგმილი, 16
ივლისიდან კი გუნდი შეკრებაზე ქობულეთში გაემგზავრება. და ბოლოს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან "კოლხეთის" დუბლიორთა გუნდს ზაზა ინაშვილი უხელმძღვანელებს.
goli.ge
|