ბიზნესმენმა – ნიკო პატარქალიშვილმა 2 წლის წინ, საქართველოში დიეგო
მარადონა ჩამოიყვანა და იმის გამოისობით, რომ თბილისის ეროვნულ სტადიონზე
მარადონას სახილველად მისვლა საკმაოდ ძვირი ღირდა, მარადონას მონაწილეობით
გამართულ ამხანაგურ მატჩს სულ ორი ათასამდე ადამიანი დაესწრო. რაკი
მარადონასათვის მისაცემი თანხები გულშემატკივრებიდან ვერ აგროვდა,
პრობლემა ძალზედ "მარტივად" გადაწყვიტეს და ამ არაფრის მომცემი ვიზიტის
ხარჯები საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი რიგითი მოქალაქეების ჯიბიდან
დაიფარა. ამის შემდეგ, პატარქალიშვილს ბრაზილელი პელეს ჩამოყვანის
სურვილი ჰქონდა, თუმცა ეს პროექტი ჩავარდა, რადგან პელეს ხილვის
მსურველები საქართველში მარადონას მნახველებზე კიდევ უფრო მცირედნი
აღმოჩნდნენ. თუმცა, საქართველოს ბიუჯეტის სახსრების იმედად მყოფი
პატარქალიშვილი ამაზეც არ შეჩერდა და საქართველოს ხელისუფლებასთან
თანამშრომლობის იმედით, თბილისში 2011 წლის 9 თებერვალს, არგენტინის
ეროვნული ნაკრების ჩამოყვანას ცდილობს. "ალბისელესტე" საქართველოს
ნაკრებთან სათამაშოდ მუქთად ჩამოსვლას არ აპირებს და სავარაუდოდ 1200000
ევროს მოითხოვენ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო
ვარძელაშვილის განცხადებით, 9 თებერვალს თბილისში არგენტინის ეროვნული
საფეხბურთო ნაკრების ჩამოყვანის იდეა ბიზნესმენ ნიკო პატარქალიშვილს
ეკუთვნის, რომელიც, ვარძელაშვილის შეფასებით, "ტიპიური აფერისტია".
"ამ
საკითხთან დაკავშირებით, არც ერთ მხარესთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ.
ეს არის პატარქალიშვილის იდეა, რომელიც ამაში სახელმწიფოსგან ფულს ითხოვს.
პატარქალიშვილი კი არის ტიპური აფერისტი, რომელმაც ადრე თბილისში დიეგო
მარადონა ჩამოიყვანა, ხოლო შემდეგ მისთვის გადასახდელი დარჩენილი ფულის
გასტუმრება სახელმწიფოს მოსთხოვა".
საინტერესოა, როდესაც დიეგო
მარადონასათვის მისაცემი თანხები საქართველოს ბიუჯეტიდან დაიფარა, მაშინ
რატომ არ გაკეთდა განცხადებები პატარქალიშვილის აფერისტობასთან
დაკავშირებით და მაშინ რატომ არ გამოითქვა პროტესტი საქართველოს
ხელისუფლების მხრიდან.
ნიკო პატარქალიშვილი აღნიშნული პროექტის
განხორციელებას მაინც აპირებს და როგორც თავად ამბობს, კერძო
ინვესტიციებით, მაინც შეძლებს არგენტინის ნაკრების თბილისში ჩამოყვანას, თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება ოდნავ მოგვიანებით მოხდეს, რადგან როგორც გავიგეთ, არგენტინელებმა თბილისში საქართველოს ნაკრებთან თამაშზე
ხელი აიღეს და ისეთ სპარინგ-პარტნიორზე გააკეთეს არჩევანი, რომელსაც უფრო
სოლიდური გუნდიც ჰყავს და ფინანსებსაც არ უჩივის. ასეთის მოძიება არც
გაჭირვებიათ. ჩვენი ინფორმაციით, 9 თებერვალს არგენტინის ნაკრები ინგლისის
ეროვნულ გუნდს სტუმრად ეთამაშება.
შესაბამისად, ამჟამინდელი
ვითარების მიხედვით, პოტენციურ სპარინგ-პარტნიორად ლუქსემბურგის ნაკრები
დაგვრჩა. თავად ლუქსემბურგელების ინიციატივაა 9 თებერვალს ჩვენს ნაკრებთან
თამაში. ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ თბილისიდან
თანხმობაღა აკლია.
|