ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ხუთშაბათი, 21.11.2024, 15:08


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » მარტი » 25 » მეტოქე ხორვატიის ნაკრები - უცნობი ნაცნობი
14:43
მეტოქე ხორვატიის ნაკრები - უცნობი ნაცნობი



უცნაურია, მაგრამ ფაქტია: საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებები ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების დონეზე ერთმანეთს ხვალ პირველად დაუპირისპირდებიან.

მსგავსება და სხვაობა
ეგ კი არა, ქართულ-ხორვატული გუნდების პაექრობა არც საკლუბო დონეზე შემდგარა; თანაც, ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდსაც ვგულისხმობთ და იმ დროსაც, როცა თბილისის „დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობდა, ხოლო წამყვანი ხორვატული კლუბები ყოფილი იუგოსლავიის პირველობაზე მონაწილეობდნენ.

აქვე, რახან საკლუბო ფეხბურთზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ბარემ ისიც ვთქვათ, თბილისის „დინამოს" მსგავსად, ხორვატული გუნდებიც ერთადერთი საერთაშორისო მიღწევით მოიწონებენ თავს: 1967 წელს ზაგრების „დინამომ" უეფას თასი მოიპოვა (1963 წელს კი ამავე გათამაშების ფინალისტი იყო). თუმცა, დღეს სანაკრებო თემაზე ვისაუბრებთ და ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, ხვალინდელ მეტოქეს მიღწევებითაც და ისტორიითაც ბევრად ჩამოვრჩებით; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ტურნირზე ხორვატიის ნაკრების ვერმოხვედრას ყველა უდიდეს სენსაციად მიიჩნევს; მაშინ როცა საქართველოს ნაკრებისთვის კვლავაც მიუწვდომელ ოცნებად რჩება კონტინენტისა თუ პლანეტის პირველობების გადამწყვეტ ეტაპზე ასპარეზობა. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ დღესდღეობით ხორვატიის ნაკრები ფიფას რეიტინგში IX ადგილზეა; არადა, ნუ დაგვავიწდება: ლაპარაკია გუნდზე, შარშანდელ მუნდიალზე რომ არ უასპარეზია...

ერთი შეხედვით, საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებებს საერთოც ბევრი აქვთ: ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობის სტატუსი გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში მოიპოვა, ორივე ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს ფიფა-უეფას ეგიდით ჩატარებულ ოფიციალურ ტურნირებზე დებიუტი 1994 წლის შემოდგომაზე ჰქონდა, ორივე ქვეყნის ნაკრების ძირითად ბირთვს უცხოურ კლუბებში მოასპარეზე ფეხბურთელები შეადგენენ, ორივე ქვეყნის ჩემპიონატი არცთუ მაღალი დონის არის და ამიტომაც აღარავის უკვირს ქართველი თუ ხორვატი ნიჭიერი მოთამაშეების სხვა ქვეყნებში გადინება.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვაობაც საკმაოდ სერიოზულია: ნებისმიერი შესარჩევი ციკლის დაწყების წინ, ხორვატიის ნაკრები თავის ჯგუფის ერთ-ერთ უპირობო ფავორიტად მიიჩნევა, აი, ჩვენ კი, ქვეჯგუფში მესამე ადგილზე გასვლა გვენატრება; უფრო ზუსტად, გვენატრებოდა: ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა აშკარა პროგრესი განიცადა და სარეკორდო წაუგებელ სერიასაც აგრძელებს. ბოლოს და ბოლოს, წელიწადი წაუგებლად დაგვესრულებინოს, მსგავსი ხომ ადრე არასდროს მომხდარა და, ალბათ, სიმბოლურიც არის, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ერთმანეთს ისეთი ორი გუნდი დაუპირისპირდება, 2010 წელს არც ერთი მატჩი რომ არ წაუგიათ.

ვფიქრობთ, ზედმეტია იმის შეხსენება, რომ 2010 წელი წაუგებლად ევროპული ნაკრებებიდან მხოლოდ საქართველომ და ხორვატიამ დაასრულეს; ჰოდა, ვიდრე ჩვენ ხვალინდელ მეტოქეს წარმოგიდგენდეთ, ვისურვოთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს სარეკორდო წაუგებელი სერია შაბათის მატჩის მერეც გაგრძელებულიყოს.


აღმავლობის დასაწყისი
ხორვატიაში პირველი საფეხბურთო კლუბები XX საუკუნის დასაწყისში დაარსდა, 1907 წელს კი ხორვატიის ნაკრებმა პირველი არაოფიციალური მატჩიც ჩაატარა. 1912 წელს ხორვატიის საფეხბურთო კავშირი დაარსდა, ქვეყანა კი იმ დროისათვის ავსტრია-უნგრეთის გაერთიანებულ სახელმწიფოს მიეკუთვნებოდა. პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ხორვატია იუგოსლავიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა და ასე გრძელდებოდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. 1941 წელს კი ხორვატიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა (სხვათა შორის, ეს ქვეყანა ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი აქტიური მოკავშირე იყო), თუმცა 1945 წლის შემდეგ კვლავაც იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

ასე გრძელდებოდა XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე: ხორვატული გუნდები იუგოსლავიის ჩემპიონატში ასპარეზობდნენ, ხოლო გამორჩეულ ხორვატ ფეხბურთელებს იუგოსლავიის ნაკრებში იწვევდნენ. თუმცა, ვიდრე ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, არანაკლები ვნებათაღელვა იყო... სტადიონებზეც: წამყვანი ხორვატული კლუბების (ზაგრების „დინამო", სპლიტის „ჰაიდუკი") და სერბული გრანდების („ცრვენა ზვეზდა", „პარტიზანი") დაპირისპირებები ტრიბუნებზეც მასობრივი არეულობებითა და უშუალოდ მინდორზეც ფეხბურთელებს შორის ხელჩართული ჩხუბით მთავრდებოდა.

იუგოსლავიელებს ყოველთვის ჰყავდათ გამორჩეული ფეხბურთელები, თუმცა გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოსა და 90-იანის დასაწყისში ისეთი თაობა წამოვიდა, უმრავლესობას ვარსკვლავობას რომ უწინასწარმეტყველებდნენ (თანაც, ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმდროინდელი იუგოსლავიის ყველა ეროვნების ფეხბურთელზე). ასე, მაგალითად: დრაგან სტოიკოვიჩი, ვლადიმერ იუგოვიჩი, სინიშა მიხაილოვიჩი სერბები იყვნენ, პრედრაგ მიიატოვიჩი და დეიან სავიჩევიჩი-ჩერნოგორიელები, სრეჩკო კატანეცი-სლოვენიელი, მეხმეტ ბაჟდარევიჩი-ბოსნიელი, დარკო პანჩევი-მაკედონიელი, ზვონიმირ ბობანი, რობერტ იარნი, რობერტ პროსინეჩკი და დავორ შუკერი-ხორვატები.

იმ პერიოდში იუგოსლავიელებს მართლაც სოლიდური ნაკრები ჰყავდათ და ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, ამ გუნდმა ევრო-92-ის შესარჩევი ციკლი წარმატებით რომ ჩაატარა. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე იუგოსლავიის ნაკრებს იქ მონაწილეობაზე უარი ეთქვა: გაეროს სანქციებს ფიფაც შეუერთდა და იუგოსლავია საფეხბურთო იზოლაციაში მოექცა. ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ შვედეთში ჩატარებულ ევრო-92-ზე იუგოსლაველებს რომც ეასპარეზათ, ამ ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ სერბები და ჩერნოგორიელები იქნებოდნენ: 1991 წელს ხორვატიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ბობანი, პროსინეჩკი, იარნი და შუკერი უკვე თავისი ქვეყნის სახელით ასპარეზობდნენ. ოღონდ, 1992 წლის ზაფხულამდე ხორვატები მხოლოდ არაოფიციალურ მატჩებს ატარებდნენ, ანუ, იქამდე, ვიდრე ეს ქვეყანა ფიფასა და უეფას წევრი არ გახდებოდა.

ხორვატიის ნაკრების პირველი მთავარი მწვრთნელი 60-იანი წლების იუგოსლავიის ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი დრაჟან ერკოვიჩი გახლდათ, ვინც ამ პოსტზე სტანკო პოკლეპოვიჩმა შეცვალა; 1993 წელს ხორვატიის ნაკრები ვლატკო მარკოვიჩმა (მომავალში ხორვატიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა) ჩაიბარა; აი, 1994 წლიდან კი ნაკრების სათავეში მიროსლავ ბლაჟევიჩი მოვიდა, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ხორვატული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატებები...


ზღაპრული თაობა
ბლაჟევიჩი იმ დროისათვის 60 წლის გახლდათ და ამ გამოცდილმა სპეციალისტმა მართლაც ჩინებული გუნდი ჩამოაყალიბა: შეტევის წინა ხაზში ორი ბრწყინვალე ფორვარდი ასპარეზობდა (დავორ შუკერი, ალენ ბოკშიჩი), ნახევარდაცვაში ორ აღიარებულ ვარსკვლავთან (რობერტ პროსინეჩკი, ზვონიმირ ბობანი) ერთად ორი გამოცდილი ფეხბურთელიც (ალიოშა ასანოვიჩი, ზვონიმირ სოლდო) გამოდიოდა, დაცვაში ფლანგებზე სლავენ ბილიჩი (მარჯვნივ) და რობერტ იარნი თამაშობდნენ, ცენტრში-იგორ შტიმაცი და ნიკოლა იერკანი; ერთადერთი შედარებით სუსტი რგოლი მეკარე იყო - დრაჟენ ლადიჩიც და ტონჩი გაბრიჩი (ისე როგორც მათ მერე მოსული მარიან მრმიჩი) საერთაშორისო დონეს ვერ აკმაყოფილებდნენ. თუმცა, ხორვატებს იმდენად მძლავრი ნახევარდაცვა და თავდასხმა ჰყავდათ, მეკარის პრობლემა, ფაქტობრივად, აღარავის ახსოვდა.

1994 წლის 4 სექტემბერს ხორვატიის ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ესტონეთთან მოგებით (2:0) დაიწყო. ამ მატჩში დავორ შუკერმა „დუბლი" შეასრულა და საერთოდაც, იმ ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 12 გოლით. თუმცა, ინდივიდუალურ მიღწევაზე მეტად ფასობდა ხორვატიის ნაკრების წარმატებული ასპარეზობა: ბლაჟევიჩის შეგირდებმა თავიანთთვის სადებიუტო ციკლში 23 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და იტალიის, ლიტვის, უკრაინის, სლოვენიისა და ესტონეთის ნაკრებების კამპანიაში ევრო-96-ის საგზურიც მოიპოვეს!

ხორვატებმა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზეც წარმატებით იასპარეზეს - ყოველ შემთხვევაში, დებიუტანტი გუნდისგან მეოთხედფინალში გასვლა ურიგო შედეგი ნამდვილად არ იყო. აი, მეოთხედფინალში კი ხორვატები იმ ტურნირის მომავალ ჩემპიონთან, გერმანიის ნაკრებთან დამარცხდნენ (1:2).

მომდევნო შესარჩევ ციკლში ხორვატებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად პლე-ოფში უკრაინის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან მოუწიათ დაპირისპირებამ. პირველი მატჩი ხორვატებმა 2:0 მოიგეს (გოლები გორან ვლაოვიჩმა და... ნაკრების დღევანდელმა თავკაცმა სლავენ ბილიჩმა გაიტანეს), განმეორებითი მატჩი კი ფრედ, 1:1 (გოლები: ანდრეი შევჩენკო; ალენ ბოკშიჩი) დამთავრდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ხორვატიის ნაკრებს პირველად უნდა ეასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და როგორც მუნდიალის დებიუტანტს, ამ გუნდს სერიოზულად არც არავინ აღიქვამდა (მით უფრო, რომ ტრავმის გამო მუნდიალზე ვერ გაემგზავრა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ალენ ბოკშიჩი).

თუმცა, ხორვატებმა ყველა პროგნოზი „თავდაყირა დააყენეს: ჯერ ჯგუფური ეტაპი დაძლიეს წარმატებით, შემდეგ კი მერვედფინალში რუმინეთს აჯობეს, მაგრამ, მთავარი სენსაცია წინ იყო: მეოთხედფინალში ხორვატების მეტოქეს, გერმანიის ნაკრებს ჩინებული გუნდი ჰყავდა (ანდრეას კეპკე, ლოთარ მათეუსი, იურგენ კოლერი, დიტმარ ჰამანი, თომას ჰესლერი, ოლივერ ბირჰოფი, იურგენ კლინსმანი), მაგრამ ბლაჟევიჩის შეგირდებმა მართლაც ზღაპრულად ითამაშეს და ორიწლისწინანდელი მარცხისათვისაც რევანში აიღეს და, რაც მთავარია, ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს! ჰო, მართლაც არავინ მოელოდა, ხორვატები ევროპის ჩემპიონთა კარში სამ უპასუხო გოლს თუ გაიტანდნენ (თავი გამოიჩინეს: რობერტ იარნიმ, გორან ვლაოვიჩმა და დავორ შუკერმა).

ნახევარფინალში კი ხორვატებს მუნდიალის მასპინძელი, საფრანგეთის ნაკრები ელოდა და საერთაშორისო სარბიელზე გამოუცდელობა რომ არა, ძალიან დიდი შანსი იყო, ფინალში სწორედ ხორვატები გასულიყვენ. ყოველ შემთხვევაში, მეორე ტაიმის დასაწყისში დავორ შუკერმა ანგარიში რომ გახსნა, ხორვატებს ცოტა არ იყოს, დიდხანს „გაუგრძელდათ" გოლის აღნიშვნა - ფავორიტმა მეტოქემ პირველივე საპასუხო შეტევა ზუსტი დარტყმით დაამთავრა, შემდეგ მეორეც გაიტანა (უცნაურზე-უცნაური ფაქტი მოხდა - „დუბლი" საფრანგეთის ნაკრების მცველმა ლილიან ტიურამმა შეასრულა) და ფინალშიც ემე ჟაკეს გუნდი გავიდა.

თუმცა, ხორვატები სამშობლოში უმედლოდ არ დაბრუნებულან: მესამე ადგილისათვის მატჩში საკმაოდ ძლიერ ჰოლანდიის ნაკრებს (მუნდიალის დაწყებამდე ერთ-ერთ ფავორიტად რომ მიიჩნეოდა) აჯობეს. სხვათა შორის, ჰოლანდიელებს მართლაც ჩინებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავდათ (ედვინ ვან დერ სარი, იაპ სტამი, ფრანკ დე ბური, კლარენს ზეედორფი, ედგარ დავიდსი, ფილიპ კოკუ, პატრიკ კლუივერტი, დენის ბერხკამპი), მაგრამ არნახული მოტივაციითა და აღმავლობით მოასპარეზე ხორვატებთან ვერაფერი გააწყვეს. აი, ასე მიაღწია მუნდიალის დებიუტანტმა ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორობას. თანაც, დავორ შუკერი ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და უკან ისეთი აღიარებული გოლიადორები ჩამოიტოვა, როგორებიც იყვნენ კრისტიან ვიერი და გაბრიელ ბატისტუტა.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ ხორვატიის ნაკრებში თობათა ცვლის მეტად მტკივნეული პროცესი დაიწყო, რასაც წინ თვით ისეთ სტრატეგიც ვერ აღუდგა, როგორიც მირკო ბლაჟევიჩი გახლდათ. ამ და სხვადასხვა მიზეზის გამო მომდევნო შესარჩეცი ციკლი ხორვატებისთვის ორმაგად წარუმატებლად დამთავრდა: 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურიც ვერ მოიპოვეს და რაც ყველაზე ძალიან წყინდათ ხორვატიაში, მათ საყვარელ გუნდს... იუგოსლავიამ აჯობა!

იმ შესარჩევი ციკლის დასრულებისთანავე პლაჟევიჩმა თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად მირკო იოჟიჩი დაინიშნა. ამასობაში ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდნენ: სტიპე პლეტიკოშა, იგორ ტუდორი, დარიო შიმიჩი, ბორის ჟივკოვიჩი, ნიკო და რობერტ კოვაჩები, იოზიპ შიმუნიჩი, ივიცა ოლდიჩი; ყველა მათგანი არც თუ ურიგო ფეხბურთელი იყო, მაგრამ ხორვატული ფეხბურთის მართლაც „ოქროს თაობის" ვარსკვლავებს (ზვონიმირ ბობანს, რობერტ პროსინეჩკის, დავორ შუკერს, ალენ ბოკშიჩს) საშემსრულებლო ოსტატობაში მაინც ჩამოუვარდებოდნენ.

ამის მიუხედავად, ხორვატიის ნაკრებმა წარმატებით დაძლია 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და მუნდიალის საგზურიც მოიპოვა. მაგრამ, კორეა-იაპონიის სტადიონებზე ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატებს ფიასკო ელოდათ; თანაც, უცნაურზე მეტად ჩანდა ის ფაქტი, როცა ხორვატებმა პირველი მატჩი მექსიკასთან წააგეს (0:1), შემდეგ კი ამ მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტს იტალიას მოუგეს (ოღონდ, ამ შემთხვევაში არბიტრები აშკარად ხორვატების სასარგებლოდ ცდებოდნენ) და ბოლო შეხვედრაში ეკვადორს თუ დაამარცხებდნენ, მერვედფინალში გადიოდნენ. ეგ კი არა, დიდი შანსი იყო, რომ ამ მიზნის მისაღწევად მირკო იოჟიჩის გუნდს ფრეც ჰყოფნოდა, მაგრამ ხორვატებმა ის მატჩი წააგეს, თანაც უმოტივაციო და არაფრით გამორჩეულ ეკვადორის ნაკრებთან.

მუნდიალის დასრულებისთანავე ხორვატიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი ოტო ბარიჩი დაინიშნა; თუმცა, ამ სკანდალურ მწვრთნელსა და ხორვატიის ნაკრების შემდგომ ასპარეზობაზე „ლელოს" ხვალინდელ ნომერში ვისაუბრებთ...


გია ტუხაშვილი
ნანახია: 838 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!