ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 15 » ხიდეშელისა და გელაშვილის ტრანსფერები რეალურია
12:36 ხიდეშელისა და გელაშვილის ტრანსფერები რეალურია |
საქართველოს საფეხბურთო ბაზარზე მრავალი აგენტი და სამენეჯერო სააგენტო
საქმიანობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი უკრაინულ-ქართული
სააგენტო "პრო სპორტ ინტერნეიშნალია", რომლის კლიენტები არიან
პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელები: გიორგი ხიდეშელი, მურთაზ დაუშვილი,
ნიკაGგელაშვილი, ალექსი ბენაშვილი, გიორგი ცხადაია (ყველა - "ზესტაფონი"),
უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", დნეპროპეტროვსკი, უკრაინა), ბექა გოცირიძე
("კრივბასი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("შახტარი", დონეცკი,
უკრაინა), გიორგი გაბედავა ("ილიჩივეცი", მარიუპოლი, უკრაინა).
სააგენტოსთან ლისაბონის "ბენფიკას" დუბლშემადგენლობისა და საქართველოს
19-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ბაქარ მირცხულავაც თანამშრომლობს.
"პრო
სპორტ ინტერნეიშნალის" თავკაცები უკრაინელი ივან ძუძელია და თბილისში
დაბადებულ-გაზრდილი მამუკა ამიროვი არიან და უმთავრესად, უკრაინაში
აფრიკელი, სამხრეთამერიკელი და ქართველი ფეხბურთელების ჩაყვანაზე
მუშაობენ.
მამუკა ამიროვი ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ვნახეთ, შემთხვევით ვისარგებლეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით.
- ბატონო მამუკა, თქვენი კლიენტებიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ "ზესტაფონთან" და "გაგრასთან" თანამშრომლობთ. -
დიახ, ასეა, რადგან ამ გუნდებთან ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნოა.
ორივეს პრეზიდენტს, ილია კოკაიასა და ბესო ჩიხრაძეს თანამედროვე ხედვა და
აზროვნება გააჩნია. ჩვენი კლუბების უმრავლესობა მათ რომ ბაძავდეს, სულ
სხვა დონის ფეხბურთი, ჩემპიონატი და ნაკრები გვეყოლებოდა.
სხვათა
შორის, საფეხბურთო წრეები მალე შეიტყობენ, რომ "ზესტაფონი" ერთ-ერთი
ცნობილი კლუბის პარტნიორი გახდა. ამ კლუბის წარმომადგენლები თბილისში
იმყოფებოდნენ და მალე პარტნიორობაზე ხელშეკრულება გაფორმდება.
- უკრაინულ კლუბზეა ლაპარაკი? -
ჯერ ვერაფერს გეტყვით. ხელშეკრულების მიხედვით, "ზესტაფონი" ამ კლუბისგან
ძლიერ მოთამაშეებს მიიღებს და არა მეორეხარისხოვნებს – ასეთები
საქართველოს არ სჭირდება.
- მერედა, პირველხარისხოვან ფეხბურთელებს საქართველოში თამაში სჭირდებათ? -
სახელიანებს არა, მაგრამ ტალანტების ჩამოყვანა შესაძლებელია. ქეცბაია
კვიპროსში რომ ჩავიდა, მაშინაც ქეცბაია იყო, მაგრამ წლების შემდეგ
აღიარეს. ჩვენ სწორედ 18-19 წლის "ქეცბაიებს" ვეძებთ და "ზესტაფონის"
საშუალებით ევროთასებზე თავის გამოჩენისა და უფრო ძლიერ კლუბებში
მოხვედრის საშუალებას მივცემთ. ჩვენი სააგენტოს მიზანი მხოლოდ ქართველების
უცხოეთში გაყვანა და ხელის მოთბობა არაა. მნიშვნელობა არ აქვს,"ზესტაფონი"
იქნება ეს, "დინამო" თუ "გაგრა", მთავარია, ქართული კლუბები გავაძლიეროთ
და დარწმუნებული იყავით, შემდეგ საქართველოში დარჩენა ბევრ ძლიერ
მოთამაშეს მოუნდება.
- თქვენი პარტნიორი ფეხბურთელებიდან
ბევრის ბედი მალე უნდა გაირკვეს. ბაქარ მირცხულავათი დავიწყოთ, რომელიც
ლისაბონის "ბენფიკადან" წასვლას აპირებს. - მირცხულავა არ
არის ჩვენი კლიენტი, მაგრამ "ბენფიკასთან" კონტრაქტი უმთავრდება და
ვთანამშრომლობთ. ბაქარს პორტუგალიელები იოლად არ გაუშვებენ, რადგან თავის
დროზე მასში თანხა გადაიხდეს. სხვათა შორის, პორტუგალიაში 19-წლამდელთა
შესარჩევი ციკლის მატჩებს "მილანისა" და "ატალანტას" სელექციონერები
დაესწრნენ და რამდენიმე ჩვენიანის გვარი ჩაიწერეს. მირცხულავაზე ვერაფერს
გეტყვით, მაგრამ "ატალანტას" ოქრიაშვილი მოეწონა. ამის მიუხედავად, ჯერ
ტრანსფერზე ლაპარაკი ნაადრევი და გაუმართლებელია. ეს ისეთი პროცესია,
სადაც ბოლომდე ვერ იტყვი, რომ ტრანსფერი ნაღდი და გადაწყვეტილია.
-
გასაგებია, რომ ოქრიაშვილს "შახტართან" კონტრაქტი უმთავრდება და მისთვის
ახალ გუნდს ეძებთ, მაგრამ თორნიკეს დონეცკში დარჩენა არ გსურთ? - მთავარია, სად უკეთესად იქნება, დონეცკელებთან მოლაპარაკება კი დაწყებულია.
-
გაბედავაც იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ "ილიჩევეცის"
ძირითადს არ გააკარეს. გულახდილად გვითხარით – ჩვენი პირველობის ერთ-ერთი
გამორჩეული ფეხბურთელი უკრაინაში აუტსაიდერის მოთხოვნებსაც ვერ
აკმაყოფილებს? - გუნდის კი არა, ყოფილი მწვრთნელის, ილია
ბლიზნიუკის მოთხოვნებსა და ინტერესებს ვერ აკმაყოფილებდა – მე სპორტულ
მოთხოვნებს არ ვგულისხმობ. სამწუხაროდ, უკრაინაში ფეხბურთელი მწვრთნელის
ნებაზეა დამოკიდებული – შესაძლოა, კარგი ფეხბურთელი ჩაიყვანო, მაგრამ
მწვრთნელს ინტერესი თუ არ გააჩნია, არ ათამაშებს. სამწუხაროდ, ჩვენს
სფეროში ბევრი გაუკუღმართებული ამბავი ხდება, მრავალი ცუდი ადამიანიც
მინახავს. ბლიზნიუკი კი გიორგის არაკორექტულად ექცეოდა, მხოლოდ თავის
ფეხბურთელებს ათამაშებდა და გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. საბოლოოდ
ამიტომაც გაუშვეს და იმედია, გაბედავას ახალი მწვრთნელი მაინც ენდობა.
-
"ზესტაფონის" ცენტრალურ მცველ გიორგი ხიდეშელს საკმაოდ კარგი სანაკრებო
სტატისტიკა დაუგროვდა და თითქოს ტრანსფერიც მომწიფებულია. თავადაც
დაადასტურა, რომ გერმანიაში იწვევენ. - დიახ, გიორგით ბევრი
კლუბი დაინტერესდა და არა მხოლოდ გერმანიაში - ავსტრიასა და
უკრაინა-რუსეთშიც. ზაფხულში კონკრეტული წინადადებაც ჰქონდა, მაგრამ
"ზესტაფონისთვის" შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა. მალე გამოჩნდება,
ხიდეშელი რომელ კლუბში ითამაშებს.
- რაც შეეხება ბუბა დაუშვილს? -
ბუბა ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ახლა მკვიდრდება და კიდევ მოუმატებს. ის
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ აჯობებს, ცოტა მოითმინოს
და მერე წავიდეს. ქეცბაიასა და გეგუჩაძის ხელში ბუბას მაღალი კლასის
ფეხბურთელად ჩამოყალიბება შეუძლია. უცხოეთში კი წავა, მაგრამ მთავარია,
როგორ და სად გადავა. მენეჯერი მხოლოდ გაყიდვაზე არ უნდა ფიქრობდეს. მას
ფეხბურთელისთვის კლუბის ზუსტად შერჩევა და მის შემდგომ კარიერაზე ზრუნვა
ევალება. თორემ ყოფილა ბევრი ნიჭიერი მიუგდიათ, რომლებმაც კარიერა
უსახელოდ დაასრულეს, ან ნაკლებადპრესტიჟულ ლიგებსა და კლუბებში
აგრძელებენ.
- თქვენი კლინეტებიდან დღეისთვის რომელია ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი? -
აქტუალურიცაა და, ვფიქრობ, რეალურიც ხიდეშელისა და გელაშვილის
ტრანსფერები. ზამთარში ორივეს ევროპულ კლუბში მოხვედრის დიდი შანსი აქვს.
გელაშვილით ბელგიური კლუბი დაინტერესდა, მაგრამ დაზუსტება ჯერ არ
შემიძლია. სიმართლე გითხრათ, ჩვენი სააგენტოს მიზანი ქართველი ბიჭების
ევროპაში გაყვანა უფროა, ვიდრე უკრაინა-რუსეთში.
- მოტივი? მენეჯერობის მიზანი მეტი მოგების მიღებაა, უკრაინა-რუსეთში კი ბევრ ევროპულ ქვეყანაზე მეტი ფულია. -
მოტივი ჩვენი ბიჭების მომავალზე ფიქრიდან გამომდინარეობს. რუსეთში ქართველ
ბიჭებს სავიზო პრობლემები უშლის ხელს და ისედაც, ევროპაში უფრო
გაიზრდებიან, რუსეთში თამაშს კი ყოველთვის მოასწრებენ.
- ძნელი საქმეა, დასავლეთ ევროპაში ქართველებს კარგად არც გვიცნობენ. -
ქვეყანას გააჩნია. მაგალითად, ბელგიაში ბევრ ჩვენიანს არ უთამაშია, მხოლოდ
გელა შეყილაძე, მამუკა წერეთელი და ლაშა ჯაკობია გამოდიოდნენ და ნაკლებად
გვიცნობენ. გერმანიაში უკეთესი მდგომარეობაა, რადგან იაშვილმა,
კობიაშვილმა, ცქიტიშვილმა, არველაძემ და ყენიამ საქართველოზე ბევრს კარგი
წარმოდგენა ჩამოუყალიბეს. იგივეს ვიტყვი ჰოლანდიაზეც, სადაც შოთა
არველაძის გოლები დღემდე ახსოვთ და კარგი თვალით გვიყურებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|
ნანახია: 816 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|