ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 5 » იმერეთი საქართველოს საფეხბურთო ცენტრი გახდება
12:00 იმერეთი საქართველოს საფეხბურთო ცენტრი გახდება |
ალბათ სულ მალე იმერეთის რეგიონი საქართველოს საფეხბურთო ცენტრად
გადაიქცევა. ქვეყნის ჩემპიონატის ორი, ფინანსურად ყველაზე წელგამართული
გუნდი "ზესტაფონი" და "ტორპედო" სწორედ ამ რეგიონის წარმომადგენლები
არაინ. ორივე კლუბს მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზა
ექნება. ისე, ქუთაისში საწვრთნელი ბაზა კარგა ხანია არსებობს, მაგრამ ახლა
მისი საფუძვლიანი რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სამომავლოდ ბაზის
ტერიტორიის გაფართოება და იქ საფეხბურთო სკოლის გაკეთება იგეგმება.
აი,
ზესტაფონში კი ბაზის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს და შედეგი
უკვე სახეზეა. ერთი მოედანი უკვე მზადაა და მასზე უკრაინიდან ჩამოტანილი
მინდვრის საფარიც დაგებულია. ქუთაისელთა მსგავსად ზემოიმერლებსაც დიდი
გეგმები აქვთ, რომლებსაც კლუბის მესვეურები გუშინ ზესტაფონსა და ქუთაისში
სტუმრად მყოფ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ლადო ვარძელაშვილს
უზიარებდნენ. მინისტრი იმერეთში სწორედ ზესტაფონისა და საღორიის
საწვრთნელი ბაზების დასათვალიერებლად ჩავიდა და ნანახით აღფრთოვანებული
დარჩა:
"გაოცებული ვარ! ზესტაფონში მაგარი საფეხბურთო ბაზა
შენდება. ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელი ბაზა კი თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისად კეთდება. მათი ანალოგი ამ ეტაპზე საქართველოში
არ არსებობს. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კერძო
სექტორის დახმარებით სპორტის განვითარება. ყველას მინდა მოვუწოდო რომ
მაგალითი "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" მფლობელებისგან აიღონ, რომელთა
მეშვეობით ძალიან დიდი საქმე კეთდება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი
მომავლისთვის და ზოგადად ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის", -
განაცხადა ვარძელაშვილმა.
ზესტაფონის მშენებარე ბაზა ქალაქგარეთ,
საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზეა განთავსებული და როგორც ადგილობრივები ამბობენ
იქ ფეროს გამონაბოლქვი ვერ აღწევს. ბაზის მშენებლობა კლუბმა 8 თვის წინ
დაიწყო. ერთი მოედანი უკვე დასრულებულია, სათადარიგო მოედნებზე დრენაჟი და
სარწყავი სისტემა გაკეთებულია და ხრეშიც მოყრილია, თუმცა მთავარი
სამუშაოები ჯერ კიდევ წინაა.
სერგო ფუტკარაძე ("ზესტაფონის"
პრესატაშე): "დაგეგმილია 5 სტანდარტული მოედნის გაკეთება. მომავალი წლის
გაზაფხულზე 3 მინდორი მზად იქნება, 2011 წლის ბოლოსთვის კი ხუთივე მოედნის
გაკეთება დასრულდება. ბაზაზე დაგეგმილია სასტუმროს აშენება, რომელიც 60
კაცზე იქნება გათვლილი. გაკეთდება ჩოგბურთის კორტები, ტრენაჟორები,
სამეურნეო და საკვები ობიექტები. წყალთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს,
მაგრამ იმედია ამასაც მალე მოვაგვარებთ. მშენებარე ბაზასთან ახლოს არის
ყოფილი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის შენობა, რომელიც ოთხი წელია არ
ფუნქციონირებს. თუ ეკონომიკის სამინისტროსგან ამ ობიექტის შეძენა
მოხერხდება იქ საფეხბურთო სკოლა ინტერნატის გაკეთების იდეას განვიხილავთ.
აქამდე განხორციელებულ სამუშაოებში კლუბმა დაახლოებით 2 მილიონი დოლარი
დახარჯა და ბაზის დასრულებამდე კიდევ 5 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ერთი
სიტყვით, ევროპული სტანდარტების, სერიოზული საწვრთნელი ბაზის გაკეთება
გვაქვს ჩაფიქრებული და ნელ-ნელა მივდივართ ამ მიმართულებით".
"ზესტაფონის"
პრეზიდენტ ილია კოკაიას მსგავსად, ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მეპატრონე
კომპანია "ვისოლი" გუნდის გაძლიერებასთან ერთად ინფრასტრუქტურის
მოწყობაზეც ზრუნავს და ამის მაგალითი - გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარე
სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
"სრულიად შეიცვალა ბაზის შენობის შიდა
ინტერიერი. გარემონტდა სასტუმრო ოთახები, საშხაპეები და გასახდელები. რაც
ყველაზე მთავარია, მიმდინარეობს ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა
და ორ კვირაში ეს საქმეც დასრულდება. სამომავლოდ კი ბაზის ტერიტორიის
გაფართოება და იქ საფეხბურთო სკოლის გაკეთებაც იგეგმება. გარდა ამისა,
ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მოედნის საფარის გამოცვლასაც ვგეგმავთ,
მაგრამ ეს ალბათ მიმდინარე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოხდება", -
თქვა "ლელოსთან" საუბარში "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი
პაპიაშვილმა.
ლადო ვარძელაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა მიმდინარე
სამუშაოებთან დაკავშირებით და კერძო ინვესტორებს მსგავსი საქმის
კეთებისკენ მოუწოდა. იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ კი აღნიშნა,
რომ რეგიონში სპორტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მთავრობის
მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ყველა იმ კერძო ინვესტორს, ვინც
სპორტში ფულის დაბანდებას გადაწყვეტს.
და ბოლოს, სპორტისა და
ახალგაზრდობის მინისტრს ქუთაისში საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის"
ხელმძღვანელები შეხვდნენ და ფინანსურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი
კლუბის გადარჩენაში დახმარება სთხოვეს...
|
ნანახია: 750 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|