ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
|
მთავარი » 2011 » მარტი » 23 » ალექსანდრე იაშვილი: "ხორვატებთან ჩვენი პლუსი განწყობა და სავსე ტრიბუნები იქნება"
06:31 ალექსანდრე იაშვილი: "ხორვატებთან ჩვენი პლუსი განწყობა და სავსე ტრიბუნები იქნება" |
"კარლსრუეს” კაპიტანი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე
იაშვილი ხორვატიასთან მატჩზე, რამდენად რეალურია თბილისის "დინამოში” მისი
დაბრუნება და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრა.
- მოახლოვდა სანაკრებო მატჩები და, ცხადია, გვაინტერესებს, როგორ ფორმაში ხვდები 26 მარტს? -
საბედნიეროდ, ჯანმრთელად ვარ და ვფიქრობ, თამაშს ნორმალურ ფორმაში
ვხვდები. კარგი განწყობითაც ჩამოვედი, რადგან ბოლო დროს "კარლსრუე”
შედარებით უკეთ ათამაშდა. თუმცა ბოლო ტურში დიდი ანგარიშით წავაგეთ. მაგრამ
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სანაკრებო შეხვედრებია, ორი მნიშვნელოვანი
მატჩი გველის.
- კვლავ დაიწყო ის სანაკრებო აჟიოტაჟი, რაც
ბოლო ორ ციკლში ჩამცხრალი იყო. გულშემატკივარი მხოლოდ მოგებას ითხოვს. ეს
ფეხბურთელებზე უარყოფით გავლენას ხომ არ მოახდენს? - არა
მგონია. მედიისა და გულშემატკივართა ამბავი გასაგებია, მაგრამ მთავარი
მაინც ჩვენი ფსიქოლოგიური განწყობა იქნება. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ,
ხორვატებს ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ, ევროპის ცნობილ კლუბებში
თამაშობენ და მათი ნაკრების შედეგებიდან გამომდინარე ადვილია დაასკვნა, რომ
უმძიმესი შეხვედრა გველის. თუმცა ჩვენი ბოლო შეხვედრებიდან გამოჩნდა, რომ
უშანსოდ არც ჩვენ ვართ. იმიტომ, რომ ჩვენ მართლა ერთი გუნდი ვიყავით, ერთი
რომ ცდებოდა, მეორე შეცდომას ასწორებდა. ეს იყო ჩვენი უდიდესი პლუსი და თუ
ხორვატიასთანაც ასე ვითამაშებთ, ჩვენი დამარცხება ძალიან გაუჭირდებათ.
თუმცა, ვიმეორებ, ძალიან სერიოზული მეტოქეა და ბავშვური ლაპარაკი იქნება,
რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
- ხორვატია-ისრაელთან დადებით შედეგად რას მიიჩნევ? -
მთავარია, წარმატებას ხორვატიასთან მივაღწიოთ და ისრაელზე მერე
ვილაპარაკოთ. 29 მარტის მატჩზე ჯერ არც ვფიქრობ. ისე, მოედანზე ყველა
მოწინააღმდეგესთან წარმატების მისაღწევად გავდივართ. ვნახოთ, ახლა რა
გამოვა.
- თამაშისას ყველა ნიუანსს მნიშვნელობა აქვს.
ეროვნული სტადიონის საფარი კი მომჯობინდა, მაგრამ ხავერდოვანიც არ არის.
შენი აზრით, ეს ჩენთვის უფრო ხელშემწყობი ფაქტორი იქნება თუ
ხორვატებისთვის? - როგორც მითხრეს, ეროვნული სტადიონის საფარი
ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე გასულ წელს იყო. ეს უკვე კარგია,
რადგან კარგი საფარი უკეთესი ფეხბურთის ჩვენებაში ორივეს დაგვეხმარება.
- მაგრამ სწრაფი ხორვატებისთვისაც მისწრება იქნება. -
ხორვატებს ეს პლუსი ნამდვილად აქვთ, მაგრამ თამაშისას გამოჩნდება, მოედანი
ვის უფრო შეუწყობს ხელს. მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ. თანაც,
ეროვნულ სტადიონზე მხოლოდ მოედნის ფაქტორი არ იმოქმედებს,
გასათვალისწინებელია მაყურებლის რაოდენობაც. 26 მარტს სტადიონი თუ
შეივსება, ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება.
- ყველა სტადიონის გავსებას ელის. -
სხვათა შორის, ჩვენი მიზანი თავიდანვე სტადიონის გავსება იყო. თემურ
ქეცბაიაც სულ ამას ამბობდა, ხალხი სტადიონზე უნდა დავაბრუნოთო. ეს ურთულესი
შეხვედრა სწორედ ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერით უნდა გადავიტანოთ.
რაც უნდა ძლიერი ნაკრები ჩამოვიდეს, სავსე ეროვნულ სტადიონზე თამაში ყველას
გაუჭირდება.
- ხორვატიის ნაკრებში რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი. -
ბევრი ძლიერი და ცნობილი ფეხბურთელი ჰყავთ, მლადენ პეტრიჩი "ჰამბურგიდან”,
ლუკა მოდრიჩი და ნიკო კრანჩარი "ტოტენჰემიდან”, რომელი ერთი ჩამოვთვალო.
მარტო ბუნდესლიგაში შვიდი ხორვატი თამაშობს. კარგი ისაა, რომ ოლიჩი
ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი
განწყობა და თამაში იქნება.
- საკლუბო კარიერაზეც გკითხავ. "კარლსრუეში” როდემდე რჩები? - კონტრაქტი ორი სეზონის შემდეგ მიმთავრდება.
- კარიერის დასრულების შემდეგ გერმანიაში აპირებ საქმიანობას? -
გერმანიაში დასახლებას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ. როგორც კი თამაშს
დავასრულებ, საქართველოში დავბრუნდები. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია.
- მაგრამ შენი სიტყვები ისე უნდა გავიგოთ, რომ კარიერის დასრულებას გერმანიაში აპირებ. - ალბათ, ასეც იქნება.
-
ცოტა ხნის წინ თბილისის "დინამოს” დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა
გვითრხა, რომ სიამოვნებით იხილავდა გუნდში იაშვილს, კობიაშვილს,
ასათიანს... - სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ საქართველოს ჩემპიონატში დავბრუნდებოდი...
-
"დინამოს” ახალი ხელმძღვანელები სწორედ შენნაირი გამოცდილი და
ავტორიტეტული ლეგიონერების ჩამოყვანაზე ფიქრობენ. კარგი პირობები რომ
შემოგთავაზონ, მაინც არ დაბრუნდები? - "დინამოში” გამოცდილი
ფეხბურთელის დაბრუნება კარგი იქნება. არც ვიცი, დაბრუნება რომ
შემომთავაზონ, რა პასუხს გავცემ, მაგრამ ფეხბურთში და ცხოვრებაში არასოდეს
თქვა არასოდეს. დაბრუნებაზე არც მიფიქრია, მაგრამ ახლა არც ვიცი, რა
გითხრათ. ახლა ჩემი საფიქრალი ეროვნული ნაკრების შეხვედრებია.
მერაბ მამულაშვილი
|
ნანახია: 815 |
დაამატა: Administrator
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|