იანვრის დასაწყისში ყველამ გავიხარეთ, როდესაც საქართველოს ეროვნული
ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე დნეპროპეტროვსკის დნეპრმა რეკორდულ ფასში,
2 მილიონ ევროდ შეისყიდა. ბოლო დროს, ეკონომიკური კრიზისის შემდეგ,
მსგავსი ხმაურიანი ტრანსფერებით უკრაინელები თავს ვერ იწონებენ და რადგან
ამ მოქმედების მთავარი გმირი ჩვენიანი აღმოჩნდა, ბუნებრივია, ჩვენთვის ეს
სასიამოვნო ფაქტი იყო.
თუმცა, უკრაინელები გარიგებას არ ახმაურებდნენ და წერდნენ, რომ ლობჟანიძე
ისინჯებოდა. შემდეგ კი გამოაცხადეს ქართველი მცველის ჩარიცხვა, მაგრამ
ორიოდე დღის წინ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დნეპრის მთავარი
მწვრთნელის, ვლადიმერ ბესონოვის საკმაოდ უცნაური კომენტარი გამოქვეყნდა
უფრო სწორად, მთლიანად კითხვა-პასუხია უცნაური. ინტერვიუ გუნდის თურქული
შეკრებიდან დაბრუნების შემდეგაა ჩაწერილი:
- რა ბედი ელის ლობჟანიძეს? დარჩება გუნდში?
- დიახ, ის თურქეთიდან ჩვენთან ერთად ჩამოვიდა. კმაყოფილები ვართ მისი
მუშაობით და ვფიქრობ, ჩვენთან იქნება.
ლობჟანიძე დნიპროს სრულუფლებიანი წევრი გახდა, ანთალიაში ამ გუნდის
შემადგენლობაში საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა და ამ დროს, პრესსამსახურის
წარმომადგენლის კითხვაც (ინტერვიუ პრესსამსახურმა გაავრცელა) და პასუხიც
მოულოდნელი გამოდგა. კონტრაქტი გაფორმებულია, მაგრამ კითხვა ისე იყო
დასმული, თითქოს ლობჟანიძეს ჯერ კიდევ აკვირდებიან.
"როგორ გეკადრებათ, ლობჟანიძემ დნიპროსთან კონტრაქტი გააფორმა და არანაირ
გასინჯვაზე არ იმყოფება. რა იგულისხმა ბესონოვმა, ამის თქმა გამიჭირდება.
ფაქტია, რომ ფეხბურთელი უკვე დნეპროპეტროვსკელებს ეკუთვნის", - გვითხრა ზესტაფონის პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ.
მეორე ვარიანტი, თუ რატომ ილაპარაკა ასე ბესონოვმა - ხომ არ განიხილებოდა
დნეპროში ჩარიცხული ლობჟანიძის განათხოვრება, ისევე როგორც ეს სანდრო
კობახიძის შემთხვევაში მოხდა? თუმცა, გუშინ ამ კითხვაზე პასუხი უკრაინულ
მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ გასცა: დნეპრის ახალწვეულებს
მუდმივნომრიანი მაისურები დაურიგეს და ზესტაფონის ყოფილმა მცველმა 3
ნომერი მიიღო.
დნეპროპეტროვსკელთა შემადგენლობაში გააგრძელებს კარიერას კიდევ ერთი
ქართველი, ლევან არველაძე. არველაძე 16 წლის გახლავთ და გიორგი დევდარიანის
გაწვრთნილ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში რამდენიმე შეხვედრაც
ჩაუტარებია. ლევანი ფლანგის ნახევარმცველია, მას დნიპროში 80-ნომრიანი
მაისურა გადასცეს.
გაზეთი "ლელო"
|