"ქართველი
გულშემატკივრის ნაწილი ხშირად ამბობს, რომ ფედერაციაში ბევრი პრობლემაა, მე
მინდა ვკითხო ამ ადამიანებს, რამდენი დახარჯეს ქართულ ფეხბურთში? 2 ლარიან
ბილეთს არავინ ყიდულობს, სტადიონზე ყველას უფასოდ მოსვლა უნდა. მოვუწოდებ
მათ, თუ ქართული ფეხბურთის დახმარებას სურთ, იაქტიურონ, მოვიდნენ ყველა
თამაშზე, იყიდონ ის 2 ლარიანი ბილეთები და შემდეგ დამისვან კითხვა, როგორ
დავხარჯავ ამ ფულს, მე მზად ვარ პასუხის გასაცემად", - ამ სიტყვებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადაცემა
"პოზიციაში" თავისი გამოსვლა დაასრულა...გადაცემა ქართულ ფეხბურთში
აგორებულ მორიგ სკანდალს, ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ ფინანსური
სახსრების არასწორ განკარგვას ეხებოდა, მაგრამ ბატონმა ზვიადმა ჩვენი აზრით
სრულიად შეგნებულად თავი შეიკავა ნოდარ ახალკაცის პირდაპირი
დადანაშაულებისგან და მხოლოდ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება. მთავარი კი
მთელ მის გამოსვლაში სწორედ ის სიტყვები გახლდათ, რომლითაც დავიწყეთ კიდეც
თხრობა, სტადიონზე უნდა ვიაროთ მეგობრებო, ეს არის გადარჩენის გზა ქართული
ფეხბურთისა და ყველაზე დიდ დახმარებას მას მხოლოდ ასე გავუწევთ. მეტი რა
შეგვიძლია, სახლიდან გულშემატკივრობა და ქართული ფეხბურთის სიყვარულის
ნიშნად გულზე მჯიღის ცემა არაფერს ნიშნავს და ასე ცხოვრებამ რაც მოგვიტანა
ყველანი კარგად ვხედავთ...საქართველოში ფეხბურთი არ მომკვდარა, სწორი
მენეჯმენტის და ადამიანური რესურსების ჭკვიანურად გამოყენების პირობებში
მისი წარმატების რელსებზე გადაყვანა არც ისეთი შორეული პერსპექტივაა,
როგორც ბევრს ჰგონია, მაგრამ გინახავთ ფირმა, რომლის პროდუქტსაც
მომხმარებელი არ ჰყავს? ის ხომ დასაღუპადაა განწირული. ფეხბურთის
მომხმარებელი კი ჩვენ ვართ, ნუ გავაკეთებთ ეკონომიას მის ხარჯზე.
სირცხვილია "სპექტაკლი ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი ღირდეს", - ესეც
ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტის ერთ-ერთი პირად საუბარში ნათქვამი
სიტყვებია, ჩვენ კი ამის გადახდაც არ გვინდა და საერთოდ თავს ვარიდებთ მას,
რატომ? აბა ძალიან გვიყვარსო ქართული ფეხბურთი? ყველას ჩვენ-ჩვენი აზრი
გვაქვს, უფრო სწორად უნდა გვქონდეს და იქნებ დროა, კარგად დავფიქრდეთ
ამაზე...