ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               ოთხშაბათი, 04.12.2024, 11:39


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » ქართულ-სომხური საფეხბურთო მტრობა და მეგობრობა
12:16
ქართულ-სომხური საფეხბურთო მტრობა და მეგობრობა
http://img.uefa.com/imgml/MA/logos/70x70/57157.pngსაქართველო-სომხეთი
(კავკასიური დერბი)
http://img.uefa.com/imgml/MA/logos/70x70/57419.png


ოთხშაბათს, 9 თებერვალს საქართველოს ნაკრები ახალ საფეხბურთო წელს იწყებს: ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრებს გაეჯიბრება. ქართულ-სომხურ საფეხბურთო დაპირისპირებებზე "ლელოს" ხვალინდელ ნომერში ვისაუბრებთ, მანამდე კი ჩვენი მეტოქე გვინდა წარმოგიდგინოთ.

სომხური ფეხბურთი, ვიდრე დამოუკიდებელად არსებობას გადაწყვეტდა (1992 წლამდე), ამ ქვეყნის უძლიერეს კლუბთან, ერევნის "არარატთან" ასოცირდებოდა. თავდაპირველად გუნდი "სპარტაკის" სახელწოდებით ასპარეზობდა (დაარსდა 1935 წელს), გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან კი უკვე "დინამო" დაერქვა და იმდროინდელ საკავშირო მეორე ლიგის გათამაშებაში მონაწილეობდა. უმაღლეს ლიგაში დებიუტი 1949 წელს ჰქონდა, თუმცა, 1966 წლამდე ერევნის "დინამო" ვერც განსაკუთრებული შედეგებით დაიკვეხნიდა და ვერც სტაბილურობით. პირიქით - გუნდი მუდამ პირველსა და უმაღლეს ლიგებს შორის "მოგზაურობდა" და მხოლოდ 70-იანი წლების დასაწყისიდან დამკვიდრდა უძლიერესთა შორის. ოღონდ, ამ დროს გუნდი უკვე "არარატის" სახელით ასპარეზობდა და პირველი წარმატება 1971 წელს "მოვიდა", როცა გუნდმა საკავშირო ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვა.

თუმცა, მთავარი მიღწევა წინ იყო: 1973 წელს "არარატმა" მართლაც სენსაციურად იასპარეზა და "დული" შეასრულა! ერთის მხრივ, ერევნელთა გუნდის ჩემპიონობა და სათასო ტრიუმფი ბევრისთვის მოულოდნელი კი გახლდათ, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, თუ როგორი კვალიფიციური ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული იმდროინდელი "არარატი": მეკარე - ალიოშა აბრამიანი, მცველები - ალექსანდრ კოვალენკო, ნორიკ მესროპიანი, სურენ მარტიროსიანი, ნახევარმცველები - არკადი ანდრეასიანი, ოგანეს ზანაზანიანი; თავდამსხმელები - ედუარდ მარქაროვი, ლევონ იშტოიანი.

1975 წელს "არარატმა" მეორედ მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, მომდევნო სეზონში საგაზაფხულო პირველობაზე III ადგილი დაიკავა და ამით მორჩა კიდეც ამ გუნდის წარმატებული ასპარეზობა. თუმცა, "არარატს" კიდევ ერთი ტიტულის მოპოვების შანსიც ჰქონდა, მაგრამ 1976 წლის თასის ფინალში თბილისის "დინამოსთან" დიდი ანგარიშით (0:3) წააგო. არადა, ამ შეხვედრამდე ჩვენი მეზობლები თავიანთ გამარჯვებაში ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი; ეგ კი არა, მოსკოვიდან პირდაპირ სამშობლოში კი არა, სოჭამდე აპირებდნენ გადმოფრენას, იქიდან კი ავტობუსით... საქართველოს გავლით უნდოდათ ჩასვლა ერევანში. მათდა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: "დინამომ" მეექვსე ცდაზე პირველად სწორედ 1976 წელს შეძლო ამ საპატიო პრიზის მოგება; თანაც, არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტსაც, რომ "დინამომ" ეს ტიტული თავისი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქის დამარცხებით მოიპოვა.

ჰო, "არარატისა" და "დინამოს" დაპირისპირებები ხომ, საერთოდ, ცალკე სასაუბრო თემაა; მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ტარდებოდა მატჩები (ერევანსა თუ თბილისში), არც იმას, გუნდებს კონკრეტულ სეზონში რა მიზნები ჰქონდათ, - "არარატისა" და "დინამოს", თითქმის კი არა, ლამის აბსოლუტურად ყველა პაექრობა უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. ოღონდ, პრინციპულობა და დაძაბულობა, ემოციები და ზომაზე მეტად ხისტი თამაში, ანუ ყველაფერი, მხოლოდ უშუალოდ მატჩის დროს იყო; თორემ, შეხვედრა მთავრდებოდა თუ არა, რამდენიმე წამის წინ რომ "დაუძინებელი მტრები" იყვნენ, ახლა ისევ მეგობრებად რჩებოდნენ.

ასე გრძელდებოდა 60-იანი წლებიდან და ასეა დღესაც: ქართველ ვეტერანებს სომხეთში რომ მიიწვევენ ხოლმე, მოფერება და პატივისცემა არ აკლიათ; აღარაფერს ვამბობთ სომეხი მეგობრების საპასუხო ვიზიტებზეც, - აი, თუნდაც შარშანდელი მაგალითი გავიხსენოთ, როცა სომხური ფეხბურთის, ალბათ, ყველა დროის საუკეთესო წარმომადგენელს ხორენ ოგანესიანს 55 წლის იუბილე... თბილისში გადაუხადეს ქართველმა მეგობრებმა (ყოფილმა მეტოქეებმა და საბჭოთა კავშირის ნაკრებში ყოფილმა თანაგუნდელებმა).


ქართულ-სომხური პარალელები
სომხურმა ფეხბურთმა დამოუკიდებლად არსებობა ჩვენზე ოდნავ გვიან, 1992 წლის დასაწყისიდან გადაწყვიტა და სწორედ იმ წელს ჩაატარა კიდეც პირველი მატჩი: 14 ოქტომბერს მოლდოვას უმასპინძლეს (0:0). ფიფა-უეფას ეგიდით სადებიუტო ციკლიც, ჩვენსავით, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ჰქონდათ. ისე, შესარჩევ ტურნირებზე ვიდრე 1996 წლიდან დღემდე ნაჩვენებ შედეგებზე ვისაუბრებდეთ, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ სომხეთის ნაკრების სარეკორდო ანგარიშით მოგება მხოლოდ შარშან დაფიქსირდა, როცა შინ ანდორასთან 4:0 გაიმარჯვეს. აი, რაც შეეხება სარეკორდო მარცხს, ასეთი ორი მატჩია და სომხეთის ნაკრები ორივეჯერ 0:7 დამარცხდა. სხვათა შორის, ორივე ეს მტკივნეული მარცხი 1997 წელს იყო: 4 იანვარს, სტუმრად ამხანაგურ მატჩში ჩილესთან და მერე, 30 მარტს... თბილისში, საქართველოს ნაკრებთან.

შესარჩევ ტურნირებში სომხეთის ნაკრებს არასდროს ჰქონია ჯგუფის ფავორიტობაზე პრეტენზია, თუმცა, დროდადრო ძლიერი მეტოქეების გამწარებაც უყვარდა (ვფიქრობთ, ნაცნობი სურათია). ისე, ურიგო არ იქნებოდა 1994 წლიდან დღემდე ჩატარებულ შესარჩევ ტურნირებში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების შედეგებიც შეგვედარებინა.

სადებიუტო, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სომხეთის ნაკრებმა ექვსგუნდიან ჯგუფში V ადგილი დაიკავა (5 ქულა); მაშინ როცა ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრები 15 ქულით III ადგილზე გავიდა.

მეზობლებზე უკეთესი შედეგი გვქონდა მომდევნო წელსაც: სომხეთმაც და საქართველომაც თავიანთ ქვეჯგუფებში IV ადგილი დაიკავეს, მაგრამ იმათ თუ 8 ქულა მოაგროვეს, ჩვენ ორით მეტი გვქონდა; და აი, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დროც დადგა, როცა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს სრული იმედგაცრუება ელოდა! შეგახსენებთ, რომ მართლაც სუსტ ჯგუფში მოხვედრილმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 5 ქულით დაასრულა და ბოლო ადგილზეც გავიდა; აი, სომხეთის ნაკრებმა კი ძლიერი მეტოქეების (საფრანგეთი, უკრაინა, რუსეთი) გარემოცვაში 8 ქულით V ადგილი დაიკავა.

სამაგიეროდ, მომდევნო ციკლში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: ჩვენ 10 ქულით თუ მესამე ადგილზე გავედით, სომხები 5 ქულით ბოლო ადგილზე დარჩნენ. საკმაოდ საინტერესო სიტუაცია იყო 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც - საქართველომაც და სომხეთმაც 7-7 ქულა მოაგროვეს, ოღონდ, მეზობლები თუ ხუთგუნდიან ჯგუფში IV ადგილზე გავიდნენ, ჩვენ ბოლო საფეხურზე დავრჩით. ამის შემდეგ ისევ ვაჯობეთ: ორივე ნაკრები შვიდგუნდიან ქვეჯგუფში VI ადგილზე გავიდა, მაგრამ ჩვენ 10 ქულა მოვაგროვეთ, სომხებმა კი - შვიდი. თითქმის იგივე სიტუაცია იყო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც: საქართველოს ნაკრებმა შვიდგუნდიან ჯგუფში VI ადგილი დაიკავა (10 ქულა), სომხებმა კი რვაგუნდიანში - VII (9 ქულა). ოღონდ, ჩვენ თუ ფარერებთან გამარჯვებითა და შოტლანდიასთან მოგებით "ვიწონებდით" თავს, სომხებმა ეს ქულები პორტუგალიასთან, პოლონეთთან და სერბეთთან მოიპოვეს.

და აი, ბოლო ციკლიც, ქართველ გულშემატკივარს მუდამ მწარედ რომ ემახსოვრება: 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ჩვენმა ნაკრებმა მოუგებლად დაასრულა და მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულა მოაგროვა; აი, სომხებმა კი გვაჯობეს: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენზე ერთით მეტი ქულაც ჰქონდათ და ბელგიის ნაკრებიც დაამარცხეს.


იმედის თაობა
ახალი შესარჩევი ციკლი სომხეთის ნაკრებმა მართლაც წარმატებულად დაიწყო: გუნდს დღესდღეობით 7 ქულა აქვს და ირლანდიის ნაკრებთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს! არადა, სტარტი წარუმატებელი გამოდგა: პირველსავე მატჩში ერევანში ჯოვანი ტრაპატონის გაწვრთნილ ირლანდიასთან წააგო (0:1); ამის შემდეგ სტუმრად მაკედონიასთან ჰქონდათ თამაში და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მასპინძლებმა პენალტით ქულის გადარჩენა შეძლეს (2:2); არადა, უკვე 96-ე (!) იწურებოდა.

მაკედონიასთან ნაჩვენები საპატიო შედეგი შემთხვევითი რომ არ იყო, მომავალმა მატჩმაც დაადასტურა: 8 ოქტომბერს, ერევანში სომხეთის ნაკრებმა თავის ქომაგებს მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა, როცა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა სლოვაკეთის ნაკრები დაამარცხა (3:1). იმის მიუხედავად, რომ სლოვაკები, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით (მარეკ ჰამშიკი, ვლადიმირ ვაისი, მიროსლავ კარჰანი, მარტინ შკრტელი) ასპარეზობდნენ, არნახული მოტივაციით მოთამაშე მასპინძლებთან მაინც ვერაფერი გააწყვეს.

სლოვაკებთან გამარჯვებიდან ოთხ დღეში კი სომხებს ბევრად იოლი მატჩი ელოდათ და ანდორის ნაკრებთან დიდი ანგარიშით (4:0) გამარჯვებაც უკვე აღარავის გაჰკვირვებია. უახლოესი მატჩი კი ჩვენ მეზობლებს ჯგუფის ფავორიტებთან, რუსეთის ნაკრებთან აქვთ, თუმცა სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარდან მინასიანი ამ შეხვედრის წინ ერთობ ოპტიმისტურად არის განწყობილი და თავისი შეგირდების იმედი აქვს. სხვათა შორის, სომხეთის ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებების გამოც არის, ჩვენი მეზობლები ფიფას რეიტინგში ამჟამად 62-ე ადგილზე რომ იმყოფებიან (საქართველო-71-ე ადგილზეა).

მინასიანი ვახსენეთ და ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია სომხურ და ქართულ ფეხბურთს შორის პარალელების გავლება; ჰო, ისე როგორც ჩვენთან, წლების განმავლობაში სომხეთის ნაკრებშიც არაერთ უცხოელ სპეციალისტს უმუშავია; ოღონდ, ეს პროცესი 2002 წლიდან დაიწყო, მანამდე კი სომხეთის ნაკრებს მხოლოდ ადგილობრივი მწვრთნელები ხელმძღვანელობდნენ: ედუარდ მარქაროვი, სამველ დარბინიანი, ხორენ ოგანესიანი, სურენ ბარსეგიანი, ვარუჟან სუკიასიანი, ანდრანიკ ადამიანი; აი, 2002 წლიდან კი, როგორც უკვე გითხარით, უცხოელი სპეციალისტების იმედად იყვნენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერც ერთმა მიაღწია: ოსკარ ლოპესმა (არგენტინა), მიხაი სტოიკიტამ (რუმინეთი), ბერნარდ კაზონიმ (საფრანგეთი), ჰენკ ვისმანმა (ჰოლანდია), იან პორტელფილდმა (შოტლანდია), იან პოულსენმა (დანია). 2009 წლიდან კი, ნაკრებს ადგილობრივი სპეციალისტი ვარდან მინასიანი ხელმძღვანელობს და საკმაოდ წარმატებულადაც. 37 წლის მინასიანი სხვადასხვა დროს სომხეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შედიოდა, ამას გარდა, მისი ხელმძღვანელობით "პიუნიკი" სამჯერ გახდა სომხეთის ჩემპიონი, ორჯერ კი თასი აიღო (2009 და 2010 წლებში სომხეთის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს); თავის დროზე, ფეხბურთელობისასაც არ ჰქონია ურიგო კარიერა: "პიუნიკის" შემადგენლობაში ექვსჯერ გახდა სომხეთის ჩემპიონი, "ლოზანას" შემადგენლობაში შვეიცარიის თასი აქვს მოპოვებული, ამას გარდა, ორი სეზონი რუსეთის პირველ ლიგაშიც (სანკტ-პეტერბურგის "ლოკომოტივი") თამაშობდა. რაც შეეხება სომხეთის ნაკრებს, 1996-99 წლებში გამოდიოდა და თავისი ქვეყნის ძირითად გუნდში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

სომხეთის ნაკრების დღევანდელ შემადგენლობაში რამდენიმე გამორჩეული მოთამაშეა; მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, 22 წლის ჰენრიხ მხითარიანი უნდა ვახსენოთ, 16 წლის ასაკში "პიუნიკის" ერთ-ერთი ლიდერი რომ იყო. მხითარიანი სომხეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში გამოირჩეოდა და 18 წლისას უკვე ეროვნულ გუნდში ჰქონდა დებიუტი. ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებში შარშანაც დავრწმუნდით, როცა სომხეთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა ქართველ თანატოლებს უამრავი თავსატეხი გაუჩინა.

სხვათა შორის, მხითარიანი მამის ტრადიციას აგრძელებს - ჰამლეტ მხითარიანი წლების განმავლობაში "არარატის" ერთ-ერთი საუკეთესო გოლიადორი გახლდათ. უმცროსი მხითარიანი ამჟამად უკრაინული გრანდის, დონეცკის "შახტარის" ღირსებას იცავს და ამ კლუბში არსებული "არანორმალური" კონკურენციის მიუხედავად, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრება.

მხითარიანმა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე თუ გამოავლინა, ამას ვერ ვიტყვით 24 წლის ედგარ მანუჩარიანზე - 17 წლისა ჰოლანდიის "აიაქსში" რომ ჩაირიცხა, მაგრამ იქ დამკვიდრება ვერაფრით შეძლო. ახალი თაობის ფეხბურთელთაგან გევორქ კაზარიანი, გრაჩ იაგანი და არტაკ დაშიანი უნდა ვახსენოთ, - ასევე სომხეთის ახალგაზრდული ნაკრებიდან რომ გვახსოვს. რაც შეეხება ვეტერანებს, სომხეთის ნაკრებში ორი ასეთი ფეხბურთელია: 36 წლის მეკარე რომან ბერეზოვსკი და გუნდის კაპიტანი, 38 წლის მცველი სარქის ოვსეფიანი. 1996 წლიდან ბერეზოვსკი რუსეთში ასპარეზობს და სხვადასხვა დროს "ზენიტში", "სატურნში", "ტორპედოსა" და "დინამოში" თამაშობდა. 2006 წლიდან დღემდე კი "ხიმკის" ღირსებას იცავს. აი, ოვსეფიანი კი თანამედროვე სომხური ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდად უნდა მოვიხსენიოთ: "პიუნიკის" შემადგენლობაში ათჯერ (!) გახდა სომხეთის ჩემპიონი, ხუთჯერ ქვეყნის სუპერთასი მოიპოვა და ოთხჯერ - თასი; ხუთი სეზონის განმავლობაში რუსულ პრემიერლიგაში ასპარეზობდა და "ზენიტის" შემადგენლობაში ორჯერ რუსეთის თასი აქვს მოპოვებული. თუმცა, არანაკლებ ფასეულია ოვსეფიანის სანაკრებო კარიერაც, - 1992 წლიდან დღემდე რომ გრძელდება! სარქის ოვსეფიანს სომხეთის ნაკრებში 117 მატჩი (ქვეყნის მასშტაბით სარეკორდი მაჩვენებელი) აქვს ჩატარებული და, რაც მთავარია, ერთადერთი ფეხბურთელია, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების წინა ოთხივე შეხვედრაში რომ უთამაშია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 1205 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!