რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა სერგეი ფურსენკომ "სპორტ-ეკსპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.
რამდენად რეალურია რუსების ამბიცია, ამის თაობაზე "სპორტ-ეკსპრესმა" კომენტარი კავშირის ყოფილ თავკაც ვიაჩესლავ კოლოსკოვს სთხოვა, მან კი არანაკლები ოპტიმიზმი გამოავლინა და რუსების იმედიან მომავალზე ლაპარაკისას ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველი მცველი გია გრიგალავაც ახსენა.
"მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ურიგო იდეა არ არის. 2018 წელს რუსეთის ნაკრების ბირთვს 1989-94 წლებში დაბადებული ფეხბურთელები უნდა შეადგენდნენ. მათგან ბევრს უკვე ეტყობა, რომ სერიოზულ ფეხბურთელად ყალიბდება. 2010 წელს რუსეთის პრემიერლიგაში ამ ასაკის რამდენიმე ფეხბურთელმა ათზე მეტი შეხვედრა გამართა", - განაცხადა კოლოსკოვმა და თვრამეტ პერსპექტიულ ფეხბურთელს შორის ვოლგელი გრიგალავაც დაასახელა.
ეს არის ძალიან საინტერესო და ჩვენთვის უჩვეულო ამბავია, რომ რუსები უკვე აქედან იწყებენ მომავლის ნაკრების ჩამოყალიბებას. ცხადია, სასიამოვნოა, გამორჩეულად ნიჭიერებში ქართველს რომ ახსენებენ, კოლოსკოვი კი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის, მას ცხადი წარმოდგენა აქვს რუსული ფეხბურთის რესურსზე და, ვეჭვობთ, გრიგალავა შემთხვევით ეხსენებინა.
ეს კიდევ ერთი მინიშნებაა ჩვენთვის, რომ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველი საინტერესო ფეხბურთელია და რომ ჩვენმა ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, ეს ბიჭი საქართველოს ნაკრებში რომ ათამაშოს.
შეგახსენებთ, რომ გრიგალავას მამა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ერთი კვირის წინ შეხვდა და შვილის სურვილი გაანდო - გიას საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ჩვენს ნაკრებში თამაში სურს.