იანვარში თბილისის საფეხბურთო სკოლების, "საბურთალოსა" და "ოლიმპის" აღზრდილები არნემის "ვიტესში" გასინჯვაზე იმყოფებოდნენ: "საბურთალოსა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა და პლეიმეიკერი ვაკო ყაზაიშვილი, აგრეთვე "ოლიმპის" ხუთი ფეხბურთელი.
ისინი სახლებში დაბრუნდნენ და, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, ეს სტაჟირება იყო, რადგან მათი ასაკიდან გამომდინარე, ერედივიზიონის კლუბში ვერ დარჩებოდნენ - ევროკავშირში არასრულწლოვანი არაევროკავშირელის დასაქმება ძალიან გართულებულია.
ხოჭოლავა და ყაზაიშვილი ჯერ 18 წლისანი არ არიან, 15-16 წლისანი არიან "ოლიმპის" ფეხბურთელები და ცხადია, "ვიტესმა" ვერ დაიტოვა. თუმცა ჰოლანდიური კლუბი მათზე დაკვირვებას გააგრძელებს - შეკრებაზე ქართველთა გამგზავრება მათი შესაძლებლობების შესწავლას ემსახურებოდა, ინტერესი კი კვლავაც რჩება.
თბილისში დაბრუნდა კიევის "დინამოში" გასინჯვაზე მყოფი ბაჩო არაბული. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი უკრაინულ კლუბში ერთი თვე ისინჯებოდა, ხუთი შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. "საბურთალოს" პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, კიეველებს თავდამსხმელი მოსწონთ, მაგრამ ჯერ არ უთქვამთ, აპირებენ თუ არა კონტრაქტის გაფორმებას - უკრაინელთა პასუხი მალე გვეცოდინებაო. თუმცა ისიც გვითხრა, რომ ბაჩოს მიმართ ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ.
არაბული კი დღეს 17-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება, რომელიც მალე ესპანეთში გაემგზავრება და იქაურ თანატოლთა გუნდს ორჯერ ამხანაგურად დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|