გიორგი შაშიაშვილის დებიუტი ნაკრებში 2001 წელს შედგა, თუმცა მას შემდეგ, რაც ეროვნულ ნაკრებს თემურ ქეცბაია ჩაუდგა სათავეში, ის გუნდში აღარ გამოჩენილა. სწყინს თუ არა ნაკრებში გამოუძახებლობა ფეხბურთელს და რამდენ ხანს დარჩება ის "ერგოტელისში" - Goli.Ge გიორგი შაშიაშვილს ესაუბრა.
- საქართველოს ნაკრები, 9 თებერვალს, ამხანაგურ შეხვედრას სომხეთის წინააღმდეგ გამართავს, თუმცა ამჯერადაც სიის მიღმა აღმოჩნდი, როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?
- ეს კითხვა თემურ ქეცბაიას უნდა დაუსვათ, ვერაფერს გეტყვით, რადგან მწვრთნელი წყვეტს, ნაკრებში ვინ გამოიძახოს.
- მიუხედავად იმისა, რომ ფორმაში ხარ და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გაქვს, არ გწყინს, რომ არ გიძახებენ ნაკრებში?
- მართალია, თითქმის ყველა თამაშს შეუცვლელად ვთამაშობ. თემურზე ნაწყენი არ ვარ ან რატომ უნდა ვიყო?! თვლის, რომ ამ ეტაპზე ნაკრებს არ ვჭირდები. დავამატებ იმასაც, რომ დღესდღეობით, ჩვენს ნაკრებში საუკეთესო რგოლი დაცვის ხაზია.
- თვალს თუ ადევნებ ნაკრების თამაშებს, შორიდან რა ცვლილებებს ატყობ მას?
- რა თქმა უნდა! ყველა თამაშს ვუყურებ და ვგულშემატკივრობ. პირველ რიგში, ის შეიცვალა, რომ მიდგომა და პირობები უკეთესობისკენ არის წასული. ქეცბაია ნაკრებს იმ ფეხბურთს ათამაშებს, რაც ამ ეტაპისთვის მისაღებია და შედეგიც სახეზეა.
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში ჩვენი მეტოქე საბერძნეთია. რას ამბობენ საბერძნეთში საქართველოს ნაკრებზე, სერიოზულ კონკურენტად თვლიან?
- სხვათაშორის, თავიდანვე თქვეს, რომ საქართველო რთული მეტოქე იქნებაო და გამართლდა კიდეც. პირველი ფრის შემდეგ, თბილისში მთელი ყურადღებით ითამაშებენ და ვფიქრობ, ბერძნებს საკმაოდ რთული მატჩი ელით. ჩვენს ნაკრებს შინ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია.
- ჯგუფიდან გასვლის რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ხორვატიასთან და ისრაელთან მატჩისას მაქსიმალურად მაღალი ქულები უნდა მოვიპოვოთ, ამის შემდეგ ჯგუფიდან გასვლა უფრო გაგვიადვილდება.
- ნაკრებში ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურელები გამოჩნდნენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონემ აიწია?
- ეროვნული ჩემპიონატიდან მუდამ იყვნენ ნაკრებში ფეხბურთელები. ეს აუცილებელიც არის საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებისთვის, რადგან ეცოდინებათ - ვინც დაიმსახურებს, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა.
- "ერგოტელისის" მიზნები რა არის მიმდინარე სეზონში?
- სეზონის წინ მიზნად ექვსეულში მოხვედრა დაგვისახეს. ვნახოთ, რა იქნება, თუმცა გვაქვს შანსი, რომ უეფას ზონაში ავიწიოთ. დარჩენილ თამაშებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა, ორი ტური ზედიზედ საშინაო თამაშები გვაქვს და თუ ორივეს მოვიგებთ ევროპის საგზურს მივუახლოვდებით.
- საუბარი ხომ არ არის რომელიმე ქართველი ფეხბურთელის დამატებაზე?
- ჯერჯერობით არა, რადგან აქ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ძალიან ცოტა გუნდი იმატებს ფეხბურთელებს.
- როდემდე გაქვს კონტრაქტი "ერგოტელისთან"?
- მაისში მიმთავრდება და არ ვიცი დავრჩები თუ არა. სხვა კლუბებიდანაც მაქვს შემოთავაზება და მაისში გადავწყვეტ.
- ისევ საბერძნეთში აპირებ დარჩენას?
- სხვა ქვეყნებიდანაც, თუმცა, ჯერ ვერ დავაკონკრეტებ.