გიორგი ლომაია დღემდე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოსვლაზე უარი საკუთარი ნებით თქვა. მეკარე რამდენჯერმე უთამაშებელი, უგუნდოდ დარჩენილი დააყენეს ეროვნული ნაკრების კარში და ყველაზე მძიმე შეცდომები სწორედ მაშინ დაუშვა. თუმცა ეს იმ დროს, როდესაც ეროვნული ნაკრები ძალზედ უხეიროდ თამაშობდა და მარტო ლომაია კი არა, ყველა წევრი გასაკრიტიკებელი იყო.
მაგრამ ფეხბურთი დაუნდობელია, მთელი გუნდის ცოდვა გიორგის დაბრალდა, ნერვიულობას ვეღარ გაუძლო და შარშან ესტონეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ ნაკრებში თამაში იუარა.
გიორგისთან დაკავშირება "თანამეგობრობის თასზე" ბაქოს "ინტერის" გამარჯვების შემდეგ გვსურდა, მაგრამ მხოლოდ გუშინ მოვახერხეთ.
- "თანამეგობრობის თასზე" გამარჯვება მოულოდნელი იყო. - პეტერბურგში გამგზავრებამდე მიზნად თასის მოპოვება დაგვისახეს და ამისთვის ვემზადებოდით. თუმცა ტურნირში გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მით უფრო, ასეთ პრინციპულში.
- რთული თამაშები ჩაატარეთ? - ჯგუფში საკმაოდ იოლად გავიმარჯვეთ, მომდევნო ეტაპზე გასვლა არ გაგვჭირვებია, მაგრამ მეოთხედფინალში სომხები შეგვხვდნენ. "მიკასთან" მატჩი, უპირველესად, ფსიქოლოგიურად იყო რთული. მოგება სომხებსაც ძალიან უნდოდათ და ჩვენც. საბოლოოდ, მატჩი იოლად კი მოვიგეთ, მაგრამ მანამდე იყო დიდი ფსიქოლოგიური სტრესი, წაგება არ შეიძლებოდა. თავიდან მოედანზე დაძაბული ვითარება იყო, მაგრამ გოლებმა თამაში გახსნა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. კლასში განსხვავება იყო, "ინტერი" აშკარად უკეთესი გუნდია, მაგრამ ჩვენს ასეთ გამარჯვებას მაინც არ ელოდნენ.
- მართალია, თითქოს მატჩამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტი კლუბის ხელმძღვანელს დაუკავშირდა? - როგორც ვიცი, ჩვენს პრეზიდენტს მართლაც დაურეკა. მატჩი პრინციპული იყო აზერბაიჯანელებისთვისაც და სომხებისთვისაც და ყურადღება არ გაგვკვირვებია. ალიევმა "მიკასთან" მოგების შემდეგაც დარეკა და გამარჯვება მოგვილოცა, 4:0 ორმაგად გაუხარდათ.
- თამაშის შემდეგ მეტოქეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვით? - "მიკაში" ჩემი ძველი მეგობარი, ალიკ ტატევოსიანი თამაშობდა, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ბიჭია, "მთვარის გლობუსში" გია მაისურაძესთან ერთად ვვარჯიშობდით და ვმეგობრობდით. დიდი ხანია სომხეთში წავიდა, მაგრამ მეგობრობა შევინარჩუნეთ. რას ვიზამთ, ფეხბურთი სხვაა, ჩვენი პირადი ურთიერთობა - სხვა. მატჩის შემეგ მოვიდა და ხელი ჩამოგვართვა.
- არ გითხრა, რას გვერჩოდითო? - მატჩზე არ გვილაპარაკია, მეგობრულად ჩამოვართვით ხელი და ერთმანეთს წარმატებები უსურვეთ. ეს და ამგვარი თამაშები და მისი მნიშვნელობა ჩვენს ურთიერთობას ვერ შეცვლის.
- როგორც ვიცი, ტურნირის შემდეგ აზერბაჯანში არ ჩასულხართ. - უმრავლესობა არ ჩავსულვართ, ანთალიაში შეკრება იწყებოდა და იქ გავფრინდით. ბაქოში მხოლოდ "ინტერის" აზერბაიჯანელი ფეხბურთელები ჩავიდნენ და, თურმე, აეროპორტში სასწაული დახვედრაც მოუწყვეს, დიდი ზეიმი ყოფილა. "ინტერმა" აზერბაიჯანი ორმაგად გაახარა, ტურნირი ისე მოვიგეთ, გოლი არ გაგვიშვია, სომხური კლუბის 4:0 დამარცხება კი აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო.
- გუნდი ალიევმა ხომ არ მიიღო? - არა და, ალბათ, იმიტომაც, რომ მთელი გუნდი ბაქოში ჯერ არ ჩავსულვართ.
- ცნობილია, რომ "ინტერს" აზერბაიჯანული ფეხბურთის ლიდერებში ყველაზე ნაკლები გულშემატკივარი ჰყავს. ალბათ, ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება. - დამოკიდებულება სასიკეთოდ უკვე შეიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ გულშემატკივარი საერთოდ არ გვყავდა, მაგრამ სხვა კლუბებივით მრავალრიცხოვანი ქომაგებითაც ვერ დავიკვეხნიდით. მაგრამ "თანამეგობრობის თასზე" გამარჯვების შემდეგ მეტ ხალხს გადმოვიბირებთ. ეს უკვე იგრძნობა ხალხის და მედიის დამოკიდებულებაში.
- ტურნირამდე ქართველების სიმრავლის გამო ერთგვარი უკმაყოფილება იგრძნობოდა - დამოკიდებულება ამ მხრივაც შეიცვალა? - მე ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც ქართველების სიმრავლე აღიზიანებთ. უბრალოდ, ყველა ქვეყანაში ასეა - ბევრი უცხოელი არსად სიამოვნებთ და ადგილობრივების თამაში ურჩევნიათ. საქართველოშიც ასე იქნებოდა. ასე რომ, ამათი არ მიკვირს.
- კახა ცხადაძესა და გიორგი ჩიხრაძეზეც ვილაპარაკოთ. - ორივე რომ კარგი და თანამედროვედ მოაზროვნე მწვრთნელია, უკვე ბევრჯერ დაამტკიცეს. ამას აზერბაიჯანის ჩემპიონობისა და "თანამეგობრობის თასის" მოპოვებაც ადასტურებს. ფეხბურთელები ვხედავთ, "ინტერში" რამხელა ნდობითა და სიყვარულით სარგებლობენ. ხელმძღვანელობას მათი სჯერა. ობიექტური სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენ ყველაზე გამართულ ფეხბურთს ვთამაშობთ.
- უკვე ერთი წელია, ეროვნულ გუნდში გამოსვლაზე უარი თქვი. მას შემდეგ თემურ ქეცბაიას ნაკრები აშკარად შეიცვალა, მოფერიანდა, მთელი წელი წაუგებელად ითამაშა და, მოდი, გულახდილად გვითხარი, გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობ? - არ ვნანობ, რადგან ის ნაბიჯი გადავდგი, რაც მაშინ საჭიროდ ჩავთვალე. აღარ მინდა იმის გახსენება, ეს რამ განაპირობა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ნაკრებში ჩემი თამაში გამორიცხული იყო. თუმცა, სადაც უნდა ვიყო, ჩვენს ბიჭებს ყოველთვის ვუქომაგებ. მიხარია, ნაკრებმა წელი კარგად რომ დაასრულა. იმედია, 2011 წელი უფრო წარმატებული იქნება.
- ნაკრებიდან წასულმა ფსიქოლოგიურად დაისვენე? - ალბათ, ასეც არის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
|