საქართველოს თასის წლევანდელი მფლობელი 'ვიტ ჯორჯია' შვებულებაშია და ახალი სეზონისთვის მზადებას 9 ივნისიდან შეუდგება. მანამდე კი 'ვიტ ჯორჯიამ' ორი ახალი ფეხბურთელი აიყვანა - მეკარე გიორგი ძაძამია და მცველი ირაკლი ჭანკვეტაძე.
ძაძამია ბოლოს ლანჩხუთის 'გურიაში' თამაშობდა, მანამდე 'ზესტაფონსა'და 'ნორჩი დინამოელში' გამოდიოდა. ახალი მეკარის ვაკანსიაზე ჩვენი კლუბი სამ კანდიდატურას განიხილავდა და საბოლოოდ არჩევანი ძაძამიაზე შეაჩერა.
რაც შეეხება ჭანკვეტაძეს, ის ქუთაისის 'ტორპედოს' ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ და გუნდმა წლეულს უმაღლესი ლიგის საგზური რომ მოიპოვა, ამ მარცხენა მცველმაც შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი.
ძაძამიაცა და ჭანკვეტაძეც 21 წლის არიან და 'ვიტ ჯორჯიასთან' ორივემ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
პრეს-სამსახური