ჩათი |
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
|
|
|
სტატიების კატალოგი |
ფეხბურთის ისტორია საქართველოში
ფეხბურთს საქართველოში XX-ე საუკუნის დამდეგიდან დაედო სათავე. ქალაქ
თბილისში ფეხბურთის მოყვარულთა პირველი წრე ჩამოყალიბდა 1906 წელს. მოხდა
ეს მეცენატ ლგოტაკის ინიციატივით. მანვე 1907 წლის 23 თებერვალს შეჰქმნა
პირველი ოფიციალური საფეხბურთო გუნდი საქართველოში. გუნდს, რომელსაც
ჰქონდა თავისი წესდება, სახსრები, ფორმა და მოედანი ეწოდა „კომეტა".
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთს საქართველოში მანამდეც თამაშობდნენ.
ხდებოდა ეს ძირითადად ზღვისპირა ქალაქებში, უპირველესყოვლისა ფოთში, სადაც
ადგილობრივი გუნდები ეჯიბრებოდნენ „ბურთაობა"-ში ბრიტანელ მეზღვაურებს.
სწორედ ამიტომაა ფოთი მიჩნეული ქართული ფეხბურთის აკვნად.
„მეტალურგი",
1937 წელი რაც შეეხება ზესტაფონს, ფეხბურთს ჩვენს ქალაქში თამაშობდნენ
XX-ე საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისიდან. პირველი ზესტაფონელი
ფეხბურთელები იყვნენ ადგილობრივი გიმნაზიის (თანამედროვე I საშუალო სკოლა)
აღსაზრდელები.
ჩვენი მონაცემებით, ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო
ნაკრები პირველად შეიკრიბა 1918 წელს, როდესაც საქართველოს
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ორგანიზებულ
დღესასწაულზე ამხანაგურად გაეჯიბრა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის
გუნდს (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სენაკი ან ოზურგეთი).
პირველი
საერთაშორისო მატჩი გაიმართა ზესტაფონში ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში,
კერძოდ 1920 წელს. ზესტაფონის ნაკრებმა უმასპინძლა ბრიტანეთის იმპერიის
საოკუპაციო ჯარების გუნდს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1.
20-იან წლებშიც ზესტაფონელი ფეხბურთელები არაერთხელ შეხვედრიან მეზობელი ქალაქების გუნდებს.
1927 წელს იმართება საქართველოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. საქართველოს პირველი ჩემპიონი ხდება ქალაქ ბათუმის ნაკრები.
„მეტალურგი",
1948 წელი 30-იან წლებში ზესტაფონში იქმნება ორი საფეხბურთო გუნდი —
„მერცხალი" და „ლოკომოტივი", რომლებიც მრავალჯერ მონაწილეობენ
შიდასაქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში.
მაგრამ თვისობრივად ახალი
ეპოქა ზესტაფონის ფეხბურთის ისტორიაში იწყება 30-იანი წლების მეორე
ნახევარში, მას შემდეგ რაც ექსპლუატაციაში გაიშვა მეტალურგიული გიგანტი,
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა (სხვათაშორის, ქარხანა და ფეხბურთი
დღემდე ფეხდაფეხ მოდიან). სწორედ ფეროშენადნობთა ქარხნის პროფკომიტეტის
ინიციატივით 1937 წლის 10 მაისს გაიმართა ფიზიკური კულტურის მუშაკთა
თათბირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების
შესახებ. გუნდს ეწოდა „მეტალურგი".
საქართველოს თასის მფლობელი
„მეტალურგი", 1962 წელი 1938 წლის აგვისტოში „მეტალურგი" მონაწილეობას
იღებს ქალაქ მინსკში გამართულ სპორტსაზოგადოება „მეტალურგი"-ს საკავშირო
ტურნირში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს მოსკოვის
„ელექტროსტალი"-ს, სტალინგრადის „კრასნი ოქტიაბრი"-ს, ლენინგრადის
„მეტალურგი"-ს გუნდებს და მხოლოდ ფინალში მარცხდება „სერპ ი მოლოტი"-ს
კოლექტივთან. ამავე 1938 წლის შემოდგომიდან ზესტაფონის „მეტალურგი"
ერთვება საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიდაც სისტემატურად მონაწილეობს
1989 წლის ჩათვლით.
სხვადასხვა წლებში მეტალურგი გახლდათ:
საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი — 1967, 1970, 1982 წლებში;
საქართველოს თასის ფინალისტი — 1966, 1967, 1971 წლებში;
საქართველოს თასის მფლობელი — 1962 წელს.
საქართველოს
ვიცე — ჩემპიონი, „მეტალურგი", 1970 წელი ზესტაფონის „მეტალურგ"-ში
აღზრდილი მრავალი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს იცავდა წამყვანი ქართული
საფეხბურთო კლუბების ღირსებას საკავშირო ასპარეზზე, კერძოდ:
თბილისის „ლოკომოტივი" — გურამ შავდია, ზაურ ჩუბინიძე;
ქუთაისის „ტორპედო" — გურამ ნიშნიანიძე;
თბილისის „დინამო" — გიორგი (ჟორა) ჭუმბურიძე, გურამ ქოჩიაშვილი, დოდიკ ხუნდაძე, გურამ პეტრიაშვილი, ქართლოს ცინცაძე.
1990
წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადის საკავშირო ფეხბურთის
ფედერაციის შემადგენლობიდან. იქმნება საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის
ფედერაცია, რომელიც მალევე ხდება ფიფა-სა და უეფა-ს წევრი, ეროვნულ
ჩემპიონატში ერთვებიან წამყვანი ქართული კლუბები.
„მარგვეთი"
საქართველოს ვიცე — ჩემპიონი, უეფა-ს თასის მონაწილე, ს. კ. „მარგვეთი" ,1996 წ.
1990
წელს ზესტაფონში იქმნება ახალი კლუბი — საფეხბურთო კლუბი „მარგვეთი",
რომელიც იკავებს „მეტალურგი"-ს ადგილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I
ჯგუფში და პირველივე წელს გადადის უმაღლეს ლიგაში. 1993 და 1996 წლებში
„მარგვეთი" საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალისტია.
1996 წელს „მარგვეთი" ხდება საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მონაწილეობას
იღებს უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში. სამწუხაროდ,
ფინანსური პრობლემების გამო XX საუკუნის ბოლოს კლუბი დაიშალა.
სულ,
1991—1998 წლებში ს. კ. „მარგვეთ"-მა მონაწილეობა მიიღო 8 ეროვნულ
ჩემპიონატში, ჩაატარა 247 მატჩი, გაიმარჯვა 98 -ში, დაასრულა ფრედ — 43,
ამარცხდა — 106-ში, ბურთების სხვაობა 397—443. 1999—2004 წლებში კვლავ
გამოჩნდა ასპარეზზე საფეხბურთო კლუბი „მეტალურგი", რომელმაც 2001—2003
წლებში მოახერხა უმაღლეს ლიგაში თამაშიც. სამწუხაროდ, მასაც „მარგვეთი"-ს
ბედი ეწია.
2004 წლის 18 ივნისს კი შეიქმნა ახალი კლუბი —
საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი", რომელიც გახლავთ ზესტაფონური ფეხბურთის
დიდი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი და რომელმაც იმთავითვე
დაიმსახურა გულშემატკივართა უსაზღვრო სიყვარული.
|
კატეგორია: ისტორიები | დაამატა: Administrator (05.07.2010)
|
ნანახია: 1912
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
რეკლამა |
|
|
|