სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე
საფეხბურთო კლუბმა ცხინვალის "სპარტაკმა” მიმართვა გაავრცელა,რომელსაც
ჩვენი საიტიც გთავაზობთ.
ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებული ფინანსური კრიზისის მიუხედავად,
საფეხბურთო კლუბმა ცხინვალის "სპარტაკმა” მაინც გამონახა სახსრები და
მიზერული თანხებით ასპარეზობს ეროვნულ ჩემპიონატში, რაც კლუბის
პრეზიდენტის ბატონ დიმიტრი სანაკოევის დამსახურებაა.
მას უყვარს ფეხბურთი და კლუბის პატრონობით თავისი წვლილი შეაქვს ქართული ფეხბურთის განვითარებაში.
თუმცა, ჩვენი გუნდის ბოლო სამ მატჩში მსაჯების უსამართლო ქმედებებმა
(რომლებმაც ამ მატჩების საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა და ისედაც
აუტსაიდერ "სპარტაკს” ჰაერივით საჭირო ქულები დააკარგვინა) ეროვნულ
ჩემპიონატში ასპარეზობაზე სერიოზულად დაგვაფიქრა.
ცხელ გულზე გათამაშებიდან გასვლის საკითხსაც აქტიურად განვიხილავდით.თუმცა, საბოლოოდ საღი გონებით შემდეგი გადაწყვეტილება მივიღეთ:
თუ მომდევნო მატჩებში მსაჯების ქმედება კვლავ აისახება საბოლოო
შედეგზე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ – ეროვნულ ჩემპიონატში
მონაწილეობას შევწყვეტთ.ჩვენ "ფეარ პლეის”, სამართლიანი თამაშის წესებს
ვაღიარებთ,ვიცავთ და მომავალშიც დავიცავთ.ყოველივე აღნიშნულის შემდეგ,
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიმართვას სათანადო რეაგირება მოჰყვება.
საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "სპარტაკი”
25.10.2010
|