ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!
                               სამშაბათი, 23.04.2024, 22:57


თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმებისტუმარიRSS   







მენიუ
შესვლის ფორმა
რეკლამა
ძებნა
ჩათი
სხვა საიტის დარეკლამების ან უცენზურო სიტყვის გამოყენების შემთხვევაში დაგედებათ ბანი
Live ანგარიშები
კვირის ვიდეო
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
  
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 23 » დავით მუჯირი: "არნახულ მოტივაციას ვგრძნობ"
08:24
დავით მუჯირი: "არნახულ მოტივაციას ვგრძნობ"


ახალი სეზონის დაწყების წინ ჩვენ ჩემპიონატს ორ ათეულზე მეტი ისეთი ფეხბურთელი დაუბრუნდა, სხვადასხვა ქვეყნებში მეტ-ნაკლები წარმატებით რომ ასპარეზობდნენ. ჩემპიონატის მსვლელობისას ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და აი, V ტურის მატჩში, ფოთის "კოლხეთისა" და "თბილისის "დინამოს" შეხვედრაში სტუმართა შემადგენლობაში დავით მუჯირი გამოჩნდა! ჰოდა, დაბრუნებაც მშვენიერი გამოდგა: საქართველოს ჩემპიონატში 11-წლიანი პაუზის მერე მოასპარეზე დავით მუჯირმა პირველსავე შეხვედრაში გოლი გაიტანა! დიდი ხნის უთამაშებელ გამოცდილ ფეხბურთელს თავდაპირველად შეცვლებზე უწევდა გამოსვლა, თუმცა ბოლო 3 შეხვედრა "დინამოს" ძირითადშია და ნელ-ნელა იბრუნებს კიდეც ოპტიმალურ ფორმას
ჩვენი ჩემპიონატის ყველაზე ცნობად სახეს საკმარისზე მეტი მოტივაცია და ამბიცია აქვს შემორჩენილი. 32 წელიც ნამდვილად არ არის კრიტიკული ასაკი, ფეხბურთელმა თავის მართლაც არცთუ ურიგო კარიერის დასრულებაზე რომ იფიქროს. მით უფრო, მუჯირის ამპლუის მოთამაშისათვის - მხოლოდ ქართულში კი არა, საერთოდ, თანამედროვე ფეხბურთში უკვე წლებია, კლასიკური გამთამაშებლები სულ უფრო და უფრო იშვიათობას წარმოადგენენ. არადა, სხვა პოზიციაზე მუჯირი ვერც წარმოგვიდგენია: თბილისის "დინამო" იქნებოდა თუ მოლდოვური "შერიფი", ავსტრიული "შტურმი" თუ შემდეგ უკვე ორი რუსული კლუბი ("კრილია სოვეტოვი", "ლოკომოტივი"), ამ 13-14 წლის განმავლობაში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი სწორედ "კლასიკურ 10-ნომრად" ასპარეზობისას ჩაუტარებია. ამ ამპლუის ფეხბურთელს... სპრინტერული თვისებები არ მოეთხოვება, სამაგიეროდ, საკუთარი გუნდის იერიშების წარმართვა-ორგანიზება უნდა შეეძლოს და სწორედ ასეთად ვიცნობთ კიდეც დავით მუჯირს: მოკლე თუ შორ მანძილზე შესრულებული ეფექტური და, რაც მთავარია, ზუსტი პასებით, მეტოქეებს უამრავ პრობლემას რომ უქმნიდა.

ჰო, ტექნიკურ არსენალს ვერავინ დაუწუნებს, ისე როგორც "სტანდრატულების" ეფექტურად და შედეგიანად შესრულებას, მაგრამ, მიზეზთა გამო, ალბათ, უფრო მეტისთვისაც უნდა მიეღწია. უპირველეს ყოვლისა, სანაკრებო კარიერას ვგულისხმობთ, თუმცა ამ შემთხვევაში თვითონ არაფერ შუაშია: ავსტრიისა თუ რუსეთის ჩემპიონატებში მართლაც გამორჩეულ სეზონებს რომ ატარებდა, ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებში, ფაქტობრივად, იგნორირებას უკეთებდნენ. ერთადერთი, ვისაც დავით მუჯირის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეჰპარვია, გაიოზ დარსაძე გახლდათ, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ჩვენი ნაკრების დანარჩენ მწვრთნელებზე...

ახლა კი, "დინამოსა" და საერთოდ, XXII ჩემპიონატის ყველაზე ცნობად სახესთან ინტერვიუც გვინდა შემოგთავაზოთ. თანაც, ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ 70-80-იანი წლების თბილისის "დინამოს" ფეხბურთელის, დავით მუჯირის ვაჟი განსაკუთრებული აზროვნებით... მხოლოდ მოედანზე არ გამოირჩევა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, განა ბევრი გვყავს ქართველებს ისეთი ფეხბურთელი, ოთხ უცხოურ ენას (ინგლისურს, გერმანულს, რუსულს, სერბულს) რომ ფლობს და ფეხბურთელებისათვის მართლაც "არადამახასიათებელი" საფეხბურთო ინტელექტით რომ გამოირჩევა? ჰოდა, ამიტომაც არის დავით მუჯირი-უმცროსი ნებისმიერი ჟურნალისტისათვის სასურველზე სასურველი რესპოდენტი...

- საქართველოს ჩემპიონატს 11-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდით და მაშინდელ და ახლანდელ პირველობას შორის დიდი სხვაობა დაგხვდათ?
- 90-იანი წლების ბოლოს ქართული გუნდების უმრავლესობას, დღეს რომ არის, ისეთი ფინანსური პრობლემები არ აწუხებდა; თანაც, გეხსომებათ: იმ დროს "დინამო", ფაქტობრივად, უკონკურენტო იყო და, თითქმის ყოველთვის, ჩემპიონი რამდენიმე ტურით ადრე ხდებოდა. ამჯერად კი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა და, ჩემი აზრით, ჩემპიონობისათვის "ზესტაფონი", "დინამო" და "ოლიმპი" იბრძოლებენ. აქვე, ისიც მინდა დავამატო, რომ რაც თვალში მომხვდა, ყველა გუნდი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და მიმაჩნია, რომ საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატიც გვაქვს.

- ინტრიგა რომ არის, გეთანხმებით, მაგრამ თვითონ ჩემპიონატის დონე გაიზარდაო, ამას, ალბათ, ვერავინ იტყვის...
- აი, მე კი ვფიქრობ, რომ კატასტროფულად დაბალი დონე არ არის; მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რა პირობებში უხდებათ ქართული გუნდების უმრავლესობას მომზადებაც და საერთოდ, ოფიციალური მატჩების ჩატარება. რამდენიმე უცხოური ქვეყნის ჩემპიონატში მითამაშია, სადაც ფინანსურად არავის უჭირს და იმავე რუსეთში, მაგალითად, აღიარებულ ვარსკვლავებს იწვევენ. ჩვენთან კი, თითქმის ასი პროცენტით ადგილობრივი კადრები თამაშობენ და მერწმუნეთ, აქ ასპარეზობა ადვილი ნამდვილად არ არის.

- როგორ ფიქრობთ, კეთილმოწყობილი მოედნებისა და ელემენტარული პირობების გარდა ჩვენ ჩემპიონატს კიდევ რა აკლია?
- პირველ ყოვლისა, ფეხბურთელს იმის მინიმალური პირობები უნდა შეუქმნა, საქართველოდან ... არასაფეხბურთო ქვეყანაში რომ არ გაიქცეს; ამას გარდა, ალბათ, პრესამ და ტელევიზიამაც მეტი უნდა გააკეთოს საქართველოს ჩემპიონატის პოპულარიზაციისათვის. ამ მხრივ, ძალიან გამიხარდა, რომ ტელევიზიით ჩვენი ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟები აღდგა - თითოეული ფეხბურთელისათვის დამატებით სტიმულად უნდა იქცეს ეს ფაქტი. ანუ, მთლად კატასტროფულად საქმე არა გვაქვს, თორემ იმავე ქუთაისში 10 000 გულშემატკივარი სტადიონზე ნამდვილად არ მივიდოდა. გარკვეული ძვრები მოედნებთან დაკავშირებითაც იგრძნობა: რუსთავში ხელოვნურსაფარიანი სარბიელია, როგორც ვიცი, ზესტაფონშიც ცვლიან მინდვრის საფარს, ალბათ, ქუთაისშიც მიხედავენ და ასე, ნელ-ნელა წინ წავიწევთ.

- ახლა უკვე კონკრეტულად "დინამოში" თქვენ დაბრუნებაზე ვისაუბროთ; თუმცა მანამდე ხომ "ჰერტა" იყო თქვენით დაინტერესებული...
- ამ გუნდს ინტერესი მართლაც ჰქონდა და პირველად რომ ჩავედი, მაშინდელ მთავარ მწვრთნელ ფუნკელს ჩემი დატოვება სურდა. თუმცა, მეორე ჩასვლაზე ახალი მწვრთნელი დამხვდა - მარკუს ბაბელი, ვისი ხელმძღვანელობითაც არც ერთი საკონტროლო მატჩი არ მითამაშია. უბრალოდ, 4-5 დღე ჩემ ფიზიკურ კონდიციებს აკვირდებოდა და რა გასაკვირვი იყო, რომ არ მოეწონებოდა - ფაქტობრივად, შვიდი-რვა თვის უთამაშებელი ვიყავი. სხვათა შორის, ბაბელმა გულახდილად მითხრა კიდეც: "ჰერტას" ურთულესი სეზონი ელოდება მეორე ბუნდესლიგაში და დიდი ხნის უთამაშებელი ფეხბურთელის ოპტიმალურ ფორმაში შესვლას ვერ დაველოდებითო...

- არადა "ჰერტაში" ალბათ, მეგობრის ფაქტორის გათვალისწინებითაც მიდიოდით - ლევან კობიაშვილს ვგულისხმობთ.
- უპირველესი ფაქტორი, რაღა თქმა უნდა, ეს იყო - ლევანი ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარია და მიხარია, რომ "ჰერტას" წარმატებულ ასპარეზობაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეაქვს. ამას გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საკუთარი ამბიციაც: შარშანდელი შვიდ-რვათვიანი უთამაშებლობის მიუხედავად, მიმაჩნდა, რომ ფეხბურთის თამაში, თანაც მეტ-ნაკლებად სერიოზულ დონეზე კვლავაც შემეძლო...

- ვიცით, რომ არცთუ სასიამოვნო თემას უნდა შევეხოთ, მაგრამ მაინც გკითხავთ: თქვენ ყოფილ კლუბთან, "ლოკომოტივთან" წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაცია როგორ დასრულდა?
- მართლაც არ მსურს ამ საკითხზე ღიად საუბარი; მხოლოდ იმას ვიტყვი: თებერვალში ფიფაში სარჩელი რომ შევიტანე, მაშინვე მითხრეს, მსგავსი საქმეების განხილვას... წელიწადიც სჭირდებაო. ახლა, ალბათ, "ლოკომოტივის" პოზიციით დაინტერესდებიან, მერე - შეაჯერებენ და საბოლოო ვერდიქტსაც გამოიტანენ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამჯერად საკუთარ კარიერაზე ვარ გადართული...

- ...რომელიც თბილისის "დინამოში" გრძელდება!
- გერმანიიდან რომ დავბრუნდი, ჯერ ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი; მერე, "დინამოს" ხელმძვანელობასთან წლის ბოლომდე გავაფორმე ხელშეკრულება და იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, თავდაპირველად თუ 10 წუთს ვთამაშობდი, ახლა უკვე ბოლო 3 შეხვედრა ძირითადში ვიყავი; ეტყოდა, დავიმსახურე, თორემ ჩამოსვლისთანავე ვთხოვე "დინამოს" მთავარ მწვრთნელს კახა კაჭარავას, რომ მხოლოდ წარსულის დამსახურების გამო ჩემთვის პრივილეგიები არ მოენიჭებინა.

- "ვიტ ჯორჯიასთან" ისე იასპარეზეთ, დიდი ხნის უთამაშებლობა ნამდვილად არ გეტყობოდათ...
- სამაგიეროდ, "სპარტაკთან" ბოლო ტურის მატჩში უკმაყოფილო დავრჩი საკუთარი თამაშითაც და საბოლოო შედეგითაც. მეც ვიცი, რომ ჯერ კიდევ არა ვარ ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ რაღაც არნახულ მოტივაციას ვგრძნობ და განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს ორი მატჩისა, ერთი-მეორეზე ძლიერ მეტოქეებს ("ზესტაფონსა" და "ოლიმპს") რომ უნდა შევხვდეთ.

- ახლა, წარსულს დავუბრუნდეთ და 90-იანი წლების ის "დინამო" გავიხსენოთ, სადაც, ჩინებული ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, თავდაპირველად, ძირითადში მოხვედრა რომ გიჭირდათ.
- მაშინდელ "დინამოში" რომ მართლაც არნახული კონკურენცია იყო, ყველას კარგად მოეხსენება; თანაც, ჩემთვის, 16 წლის ბიჭისთვის ძალიან ძნელი კი არა, უფრო მეტიც იყო იმ პოზიციაზე დამკვიდრებულიყავი, სადაც გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული და გიორგი ანჩაბაძე ასპარეზობდნენ. თუმცა, ძალიან ბევრს ვშრომობდი და ეს შრომა დაუფასებელი რომ არ დარჩენილიყო, "დინამოს" მაშინდელმა მწვრთნელებმა ძირითადში დამაყენეს, ოღონდ... ცენტრალურ თავდამსხმელად.

- თუმცა, თქვენთვის უცხო ამპლუაშიც არ შეგირცხვენიათ თავი და ეს ევროტურნირებზე, "ლევერკუზენის" კარში გატანილი ეფექტური გოლითაც დამტკიცდა.
- იმ ზაფხულს ევროტურნირებზე 5 გოლი გავიტანე, მაგრამ მე თვითონაც ვგრძნობდი, რომ მოედანზე ჩემი ადგილი "სხვაგან" იყო - გამთამაშებლის პოზიციაზე, სადაც 1997-98 წლების სეზონში ვიასპარეზე.

- ის სეზონი დავით მუჯირის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეულია: საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდით, ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანიც გახდით, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გქონდათ; ამას გარდა, 98-ის ზაფხულში ჩემპიონთა ლიგაზე დაუვიწყარი პაექრობები შედგა ბილბაოს "ატლეტიკთან"...
- არ დაგიმალავთ და დღესაც ვამაყობ იმ სეზონით, ჩემთვის მართლაც რომ წარმატებულად წარიმართა. რაც ჩამოთვალეთ, ჩემთვის ყველა ის მიღწევა ფასეულია, ისე როგორც იმ სეზონში მეტოქეთა კარში გატანილი 18 გოლი. მოკლედ, კარგი პერიოდი მქონდა, გუნდიც ისეთი იყო, ცოტა დაგვაკლდა, თორემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდოდით. უფრო, ალბათ, გამოუცდელობის გამოც იყო, ბილბაოს "ატლეტიკთან" ორრაუნდიან პაექრობაში რომ დავმარცხდით; არადა, რამხელა სენსაცია იქნებოდა: ბასკური გუნდი განსაკუთრებული ფინანსური შესაძლებლობებით არასდროს გამოირჩეოდა და ახლაც იგივე მდგომარეობაა; მაგრამ, 1998 წელს რაც "დინამოს" წლიური ბიუჯეტი ჰქონდა, ის თანხა, ალბათ, "ატლეტიკის" ერთი თვის ხარჯი იყო...

- "ატლეტიკთან" განმეორებით მატჩში, მართლაც ლეგენდარულ სტადიონ "სან-მამესზე" მყოფ ქართველ ჟურნალისტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი უმსგავსო მსაჯობის გარდა არანაკლებ უცნაური ფაქტის მოწმეც გახდა: უხეში თამაშისათვის არბიტრმა მოედნიდან... დავით მუჯირი გააძევა!..
- ეს, თქვენ გაგიკვირდათ და, როგორ გგონიათ, ჩემთვის იქნებოდა "ჩვეულებრივი" ამბავი? 16-17 წელიწადია პროფესიულ დონეზე ფეხბურთს ვთამაშობ და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოხდა, მოედნიდან რომ გამაძევეს: "შტურმის" შემადგენლობაში რაღაც გაუგებრობაში აღმოვჩნდი და მანამდე კი, თქვენ მიერ ნახსენებ "სან მამესზე". ოღონდ სიმართლეს ვიტყვი: პირველად რომ მომცა მსაჯმა გაფრთხილება, ნამდვილად არ მეკუთვნოდა, - სტადიონზე ისეთი ხმაური იყო, სასტვენის ხმა ვერ გავიგონე და თამაშის შეჩერების ნაცვლად... გრძელი პათის თანაგუნდელი გარღვევაზე გავიყვანე. აი, მეორე ტაიმში კი, ვაღიარებ, მართლაც, უხეშად ვითამაშე, როცა მეტოქისათვის ბურთის წართმევა ვარდნაში ვცადე. სხვათა შორის, იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ მსაჯი შეცდა, მაგრამ, როცა ის ეპიზოდი ვნახე, მივხვდი, რომ წესები დამირღვევია. სხვა საქმეა, რომ შეეძლო ერთი გაფრთხილების მქონე ფეხბურთელისათვის მეორე ყვითელი ბარათი არ ეჩვენებინა, მაგრამ, თქვენც აღნიშნეთ, თუ როგორი ტენდენციური მსაჯობა იყო იმ შეხვედრაში.

- აი, ამის მერე თქვენ გარშემო მოვლენები, ცოტა არ იყოს, უცნაურად წარიმართა: 1999 წლის დასაწყისში "დინამოდან" წასვლამ მოგიწიათ.
- სერიოზული გაუგებრობა მოხდა: უცხოეთის სოლიდური კლუბებიდან ერთდროულად სამი მოწვევა მქონდა, მაგრამ, "დინამოს" მაშინდელმა ხელმძღვანელობამ... დამიმალა! დეტალებში საუბარი არ მსურს, მაგრამ ფაქტია, რომ უცხოეთში ვერწასვლით ვერც კლუბმა იხეირა და მეც დავზარალდი. არ ვიცი, ალბათ, ჩემ შესაძენად გამოყოფილი თანხა ეცოტავათ, მერე კი საქმე იქამდე მივიდა, "დინამოს" ბაზაზე... სავარჯიშოდაც არ მიშვებდნენ. აი, ამის მერე გამოჩნდა თბილისის "ლოკომოტივის" ვარიანტი, სადაც 3 თვე იჯარით ვთამაშობდი.

- 1999 წლის ზაფხულში უცხოეთში მაინც წახვედით.
- წავედი, მაგრამ, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის ნაცვლად... მოლდოვაში აღმოვჩნდი, სადაც "შერიფის" აღზევების ხანა იწყებოდა. რა თქმა უნდა, ჩემგან რთული ნაბიჯი იყო - 21 წლის ბიჭს ნამდვილად არასდროს მეოცნება... მოლდოვის ჩემპიონატში თამაში. ბევრი ფიქრისა და მამასთან "კონსულტაციების" შემდეგ "შერიფის" წინადადებას დავთანხმდი და იქ გატარებულ პერიოდს ჩემ კარიერაში ერთ-ერთ გამორჩეულად მივიჩნევ.

- მით უმეტეს, შერიფიდან" ბევრად უფრო ძლიერ ჩემპიონატში აღმოჩნდით. თანაც, ალბათ, ნებისმიერი ქართველისათვის სასიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ ავსტრიული "შტურმის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის ჯუზეპე ჯანინისთან და ივიცა ვასტიჩთან ერთად დავით მუჯირიც არის დასახელებული...
- არ დაგიმალავთ: იმის მიუხედავად, რომ "შერიფში" მოლდოვის ჩემპიონი (პირველად მაშინ დაემხო "ზიმბრუს" ჰეგემონია) და საუკეთესო ბომბადირი გავხდი, "შტურმში"... სინჯებზე ვიყავი მიწვეული! "არასაფეხბურთო ქვეყნიდან" ასეთ შემთხვევებში ასიდან ერთ ფეხბურთელს თუ იტოვებენ ხოლმე, მაგრამ მაინც გავრისკე და ავსტრიაში წავედი. ალბათ, სწორადაც მოვიქეცი: იქ გატარებულმა ოთხმა სეზონმა ჩემ პროფესიულ წინსვლაში უდიდესი როლი შეასრულა. აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ გარკვეული პერიოდი ისეთ მწვრთნელთან მომიწია ურთიერთობამ, როგორიც ივიცა ოსიმი იყო. სხვათა შორის, ვიდრე ტოპმიოლერს ჩამოიყვანდნენ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოსიმის კანდიდატურაც განიხილებოდა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ოსიმს ამის სურვილი ჰქონდა და ეს ამბავი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტს ნოდარ ახალკაცსაც ვაცნობე.

- ევროპის ერთ-ერთი ყველაზე "მოწესრიგებული" ქვეყნიდან... რუსეთში გადახვედით. ისე, არ დავმალავთ: თქვენი სტილის ფეხბურთელისგან რუსულ პრემიერლიგასთან ასე იოლად ადაპტირებას ბევრი არ ელოდა...
- სხვათა შორის, "კრილია სოვეტოვის" დაინტერესების შესახებ რომ შევიტყვე, მეც გაორებული განწყობა მქონდა. თუმცა, როგორც ამ კლუბის ხელმძღვანელებმა ამიხსნეს, სწორედ გამთამაშებელი სჭირდებოდათ და ასე აღმოვჩნდი რუსულ პრემიერლიგაში. სადებიუტო სეზონი კი მართლაც არაერთგვაროვანი გამოდგა: მეორე წრე ტრავმის გამო გამოვტოვე, პლუს ოჯახური ტრაგედიაც დაერთო. თუმცა სეზონის ბოლოს კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს და, რაც ყველაზე უცნაური იყო ჩემთვის, დეკემბრის ბოლოს ჩატარებული გუნდის კრებაზე... კაპიტნად ამირჩიეს. იმდროინდელ რუსულ პრემიერლიგაში კი მხოლოდ ორი გუნდი იყო, სადაც კაპიტნად უცხოელები ჰყავდათ: ჩემ გარდა ანატოლი ტიმოშჩუკი იყო, რომლის შესაძენად "ზენიტმა" 20000 მილიონი ევრო გადაიხადა.

- "კრილიაში" გუნდის კაპიტანი და უპირობო ლიდერი, იყავით, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით, მოსკოვის "ლოკომოტივზე". ამ გუნდში მისვლიდან ორი წლის შემდეგ სკანდალურად რომ დაშორდით...
- შესაძლოა, ცუდი შედარება გამომივიდეს, მაგრამ, აი "ოსასუნას" ფეხბურთელს რომ ეტყვიან, "რეალი" გიწვევსო, როგორ ფიქრობთ, უარს იტყვის? რა თქმა უნდა, "ლოკომოტივი" ბევრად უფრო ამბიციური და სოლიდური კლუბი იყო, ვიდრე - "კრილია"; თანაც, ამ შემთხვევაში ფინანსურ სარგებელზე საუბარიც არ ყოფილა: "კრილიას" დარჩენისა და კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, თითქმის იმავე ანაზღაურებას მპირდებოდნენ, რაც მოსკოვში უნდა მქონოდა. მაგრამ, 30 წლის ასაკში ასეთ სოლიდურ გუნდში გადასვლაზე უარის თქმა ძნელია. თანაც, მწვრთნელის სურვილია, თავის გუნდში გიხილოს, პლუს მალხაზ ასათიანის ფაქტორი და ასე შემდეგ. აქვე, შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ ამ ტრანსფერით "კრილიამაც" სოლიდური სარგებელი ნახა.

- შეგიძლიათ თანხის რაოდენობა დააკონკრეტოთ?
- მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს თანხა შვიდნიშნა რიცხვით განისაზღვრებოდა...

- "ლოკომოტივიდან" წამოსვლის მიზეზებს აღარ დაგეკითხებით; რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს უფრო არასაფეხბურთო მიზეზები იყო. საუბრის ბოლოს სანაკრებო კარიერაზეც გვინდა გკითხოთ, 1998 წლიდან 2008 წლამდე 25 მატჩი და 1 გოლი - ეს მაჩვენებელი სატრაბახო ნამდვილად არ უნდა იყოს...
- თავიდანვე "უცნაურობები დაებედა" ჩემ სანაკრებო კარიერას და აღარც ვიცი, რომელი ერთ გავიხსენო. სადებიუტო შეხვედრის წინ, ესტონეთთან, ფაქტობრივად, ახალწვეულებს უნდა ეთამაშათ და სულ ბოლო მომენტში მოვხვდი ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში. არადა, ის პერიოდია, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დამასახელეს ქართველმა ჟურნალისტებმა; მერე, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ "გამიხსენეს" და ალენ ჟირესმა თავის სადებიუტო შეხვედრაში მიხმო...

- თუმცა, ამის შემდეგ აღარც გამოუძახებიხართ; და ეს, იმის მიუხედავად, რომ ავსტრიულ "შტურმში" წარმატებულად ასპარეზობდით.
- სხვათა შორის, ვიდრე ნაკრებში გამომიძახებდა, ჟირესი ავსტრიაში ჩამოვიდა და ჩემი თამაში ნახა. თუმცა, ისრაელთან ამხანაგურ შეხვედრაში... ფლანგზე დამაყენა! აღარ მინდა წარსულს დავუბრუნდე, მაგრამ, ფაქტია, რომ დარსაძისა და მეტ-ნაკლებად, ტოპმიოლერის გარდა, ნდობას ვერავისგან ვგრძნობდი. "ტოპიც", ფაქტობრივად, შეცვლებზე თუ მათამაშებდა-ხოლმე: ხშირად ყოფილა, როცა ბოლო წუთზე შევუყვანივარ, მაგრამ, ამით ტრაგედიას არ ვქმნიდი. დღესაც იმ აზრის ვარ, რომ როცა ფეხბურთელს ნაკრებში გამოიძახებენ, უდიდესი პატივი უნდა იყოს და ყველაფერი გვერდზე გადადოს.

- ბოლო სანაკრებო მატჩი ორი წლის წინ უელსში ჩაატარეთ, კუპერისათვის სადებიუტო რომ იყო...
- იმის შემდეგ იტალიასთან და ირლანდიასთან გამომიძახა, მაგრამ 18-კაცში ვერ მოვხვდი. ეგ კიდევ არაფერი: რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში 50-კაციანი სია გამოაქვეყნეს და იქ ჩემი გვარი რომ ვერ ამოვიკითხე, მივხვდი, ალბათ, კუპერის ტაქტიკურ სქემაში ვერ ვჯდებოდი.

- ახლა ნაკრებს ქართველი და, რაც მთავრია, წარმატებული მწვრთნელი ჰყავს...
- სანაკრებო კარიერა რომ ვერ ავაწყე, ჩემზე ძალიან არავის უნდა წყინდეს; რა თქმა უნდა, ამაში ბევრია სუბიექტურიც და ობიექტური მიზეზიც; თუმცა, ვიყავი, ვარ და ვიქნები საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი უპირველესი გულშემაკივარი. მით უმეტეს ახლა, როცა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა ფეხბურთის ქართველ ქომაგს იმედი დაუბრუნა. არც იმას დავმალავ, რომ თუ ნაკრებს ჩემი დახმარება დასჭირდა, ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება. სწორედ ნაკრებში დაბრუნებაც არის ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და დამატებითი სტიმულიც...



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"  
ნანახია: 814 | დაამატა: Administrator | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ქართული ფეხბურთი
www.pexburti.tk
მთვლელები

chat FX online casino rushmore casino Free counters
[ ვინ იყო საიტზე დღეს ]
Block title


http://www.footballimpact.com/wp-content/gallery/logos-equipos/fc-zestafoni.pnghttp://internet.ge/v2/news_images/200908141806.pnghttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/legioners/sioni_medium.jpg
http://internet.ge/v2/news_images/200909162559.jpghttp://cdn.serverloft.de/854060_35/bilder/wappen/mittel/13623.gifhttp://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/championship/torpedoaxaltaxalismyk_medium.jpg









ქართული ფეხბურთი www.pexburti.tk © 2024
ჩვენი საქმე ქართული ფეხბურთია!